Google+

რელიზები

13.09.2010
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში კადეტთა ახალი კორპუსის გახსსნას დაესწრო

"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო!

მინდა მივესალმო თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელს და შტაბის შემადგენლობას, მეუფე კალისტრატეს,

ჩვენს დიდ მომღერალს პაატა ბურჭულაძეს და რა თქმა უნდა, კადეტთა კორპუსში ახლად მიღებულ მსმენელებს!

რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, ჩვენ  კადეტთა კორპუსი სულ სხვა მასშტაბით, სულ სხვა ხარისხით, სულ სხვა მოტივაციით და სულ სხვა ადამიანებით  აღვადგინეთ.

აქ მოსახვედრად  ძალიან დიდი კონკურსი იყო.

ერთ ადგილზე იბრძოდა დაახლოებით 6-7 ადამიანი, სულ 300 ახალგაზრდა მიიღეს. ამ სასწავლებელში უფრო მეტი კონკურსი იყო,

ვიდრე ქართული უმაღლესი სასწავლებლების აბსოლუტური უმრავლეს ფაკულტეტებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული საბრძოლო სული ცოცხლობს. არა მხოლოდ არ ჩამკვდარა, არამედ ძლიერდება;

ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი;

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელები არ ჩამოუშვია, თავის ბედს არ შეგუებია, საქართველოს აქვს მომავლის და გამარჯვების რწმენა;

ეს არის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ  ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით, საერთო ეროვნული ინიციატვით. ეს ინსტიტუტი ჩვენ იმ პირობებში შევქმენით, როცა ძალიან დიდი მცდელობა იყო ჩვენი ერის ფრაგმენტაციის, გადაკიდების, რეგიონული გათიშულობის, რომელიც მოდიოდა არა იმდენად საქართველოს რეგიონებიდან, არამედ საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან;

ჩვენ შევძელით რამდენიმე საერთო ეროვნული ინსტიტუტის შექმნა

და პირველ რიგში, საქართველოს პოლიციასთან ერთად უპირველესი ასეთი ინსტიტუტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალები.

ეს არის საერთო ეროვნული ინსტიტუტი იმიტომ, რომ აქ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ,რომელი კუთხეებიდან მოვდივართ, რომელი სოციალური წარმოშობისა ვართ, ვართ მდიდარი ოჯახიდან თუ შედარებით ღარიბი ოჯახიდან, რომელ ენაზე ვლაპარაკობდით ბავშვობაში, რომელ აღმსარებლობას მივდევდით, ეს ყველაფერი გადავიდა მეორე პლანზე. ჩვენ ყველანი, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ გაერთიანებულნი ვემსახურებით საქართველოს და მის ძლიერებას.

ეს არის საერთო ეროვნული ინსტიტუტი. არაფერი სხვა ლოიალობა, არც შენი ოჯახის, არც შენი რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არც რომელიმე კუთხის, ქალაქის, უბნის, ეთნიკური ჯგუფის,

რელიგიური ჯგუფის მიმართ არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ლოიალობა ჩვენი ერთიანი და საერთო სამშობლოსი, ჩვენი საქართველოსი, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს სასწავლებელი საქართველოს ახლად მშენებარე პარლამენტის შენობის გვერდით მდებარეობს. ასე იყო ტრადიციულად, კომუნისტების მმართველობის დროს.

ასე იყო ბოლო წლებშიც, საქართველო გადაიქცა თავკომბალად, თბილისში ყველაფერი  ერთ ქუჩაზე იყო კონცენტრირებული, ყველა საზრდოობდა იმით, თუ რა ხდებოდა ამ ქუჩაზე, დანარჩენი საქართველო იყო იგნორირებული.

ადამიანებს ყოფდნენ იმის მიხედვით, ვინ როგორ ოჯახში დაიბადა, ვინ როგორი აქცენტით ლაპარაკობდა, ვის რბილი "ლ" აქვს და ვის მაგარი, ვინ იყო ელიტური ოჯახებიდან და ვინ საერთო სახალხო დონის წარმომადგენელი. ეს ყველაფერი ჩვენ დავასრულეთ.

არასდროს ერთი ქუჩა აღარ განსაზღვრავს ჩვენი არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ბედს.

მინდა გვესმოდეს, რომ საქართველო მიუხედავად თავისი პატარა ზომისა და თავისი გაჭირვებული გეო-პოლიტიკური მდგომარეობისა, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ერი შეგვყურებს იმედის თვალით;

ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ისტორიული ბედუკუღმართობის და სხვადასხვა მოვლენების გამო ცხოვრობს უფრო მეტი ქართველი, ვიდრე საქართველოში.

მარტო თურქეთში ცხოვრობს უფრო მეტი ქართველი, ვიდრე საქართველოში. ირანში კი-  1 მილიონამდე ქართველი.

მინდა გითხრათ, რომ დღეს უცხოეთში მცხოვრები ეს ქართველები მუსლიმანები არიან, მაგრამ ისინი ამის გამო ნაკლები ქართველები არ არიან.

ეს ხალხი ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს და რა თქმა უნდა, ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებენ თქვენი დები, ძმები, მშობლები, ბებიები, ბაბუები, ჩვენი შვილები.

ვინაიდან ყველაფერს რასაც ჩვენ ვქმნით, სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება.

დღეს მე ვიყავი ერთი ქუთაისელი სტუდენტის ოჯახში.

ძალიან საშუალო შეძლების, ე.წ."ხრუშოვკის" ტიპის სახლში, პატარა ბინაში, სადაც იზრდება, (იმედია თავში არ აუვარდება რომ ვთქვა), პრაქტიკულად გენიოსი, ცოტნე ტაბიძე. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც ახლახან ძალიან დიდი ქვეყნების წარმომდგენლებს მოუგო ინფორმატიკის ოლიმპიადა.შარშან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა მათემატიკის ოლიმპიადაში. ასეთი ნიჭიერი ხალხი იზრდება ამ ჩვენ ქალაქში და მინდა ცოტნესაც და ყველა დანარჩენსაც ვინც იზრდება, ახარებს თავის მშობლებს და სხვებს, ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი და ეს მომავალი იქნება დაცული. ყველაფერ ამას ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ მერე ვიღაც მოვიდეს და ააფეთქოს, ისე როგორც ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი დამპყრობლებმა.

ეს შენდება იმისათვის, რომ როგორც რომი, მილანი, ვენეცია, ვერონა, პარიზი საფრანგეთში, ლონდონი ინგლისში, დგას ფეხზე, ასევე იდგება ახალი ქუთაისი, ახალი ბათუმი, ახალი თბილისი, მაგრამ ეს არის არა ახალი, არამედ ათასწლეულების განმავლობაში შექმნილი.

 ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სიღნაღში, მესტიაში, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ სოხუმში და სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე საქართველოში.

მინდა ყველას გვახსოვდეს, მე აქ დავდე საპრეზიდენტო ფიცი მეუფე კალისტრატეს თანდასწრებით ორჯერ. ეს არის დიდი დავით აღმაშენებლის ქალაქი, რომელმაც ანდერძად დაუბარა ქართველებს, ძეგლები და მაღალი ქანდაკებები კი არ დედგათ მისთვის, არამედ მიებარებინათ ქართულმიწას და მის მკერდზე ევლოთ ქართველებს.

ეს არის ყველაზე დიდი მოკრძალება და ყველაზე დიდი სიდიადე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ყველანი ვართ დავითის შვილიშვილები.

ჩვენ ასევე ვართ ბიბლიური დავითის გაგრძელება, რადგან დავითის და გოლიათის ბრძოლა არის ბრძოლა, რომელსაც საქართველო აწარმოებს.

 წმინდა გიორგის ბრძოლა არის ბრძოლა, რომელსაც საქართველო აწარმოებს. წმინდა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოსახულია ცხენზე ამხედრებული და მხარბეჭიანი, ერთი ფიზიკურად სუსტი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან დიდ და კარგად შეიარაღებულ ბიზანტიის იმპერატორს დაუპირისპირდა. იმდენად სწამდა თავისი გამარჯვების, ბრძოლის, რომლისთვისაც ის თავს სდებდა, იმდენად ძლიერი იყო სულიერად, რომ ვერც დიდმა იმპერატორმა თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მას ვერ ააღებინა ხელი მთავარ მიზანზე.

ასეთია საქართველო და მისი შეიარაღებული ძალები.

ჩვენ გვყავდა წარმოუდგენლად მაგარი ოფიცრები საქართველოს ისტორიაში.

ახლა ამბობენ, რატომ ვართ ჩვენ ავღანეთში, რამდენიმე მებრძოლი დაგვეჭრა სამწუხაროდ, ერთი ოფიცერი დაგვეღუპა.

მინდა დავუბრუნდე ქართველი ოფიცრების ისტორიას.

მე ვარ ნამყოფი ქალაქ ისპაჰანში, ირანის ძველ დიდებულ დედაქალაქში, რომელიც აშენებულია არა ფრანგების, გერმანელების, სპარსელების უშუალო ხელმძღვანელობით, არამედ ალავერდ უნდილაძის და მისი ძმის მიერ.

ალავერდ უნდილაძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სპარსელი მხედარი, მან შაჰაბას პირველს მოუტანა აურაცხელი გამარჯვებები.

მან მოუტანა მას დიდი ისტორიული დიდება ირანისთვის, ახალი ტერიტორიები, ის იყო დიდი მხედართმთავარი.

სპარსეთის შაჰის კარზე საუბრობდნენ ქართულ ენაზე და იყო ერთი განსხვავება, ალავერდ უნდილაძე ემსახურებოდა საქართველოს დამპყრობელს და ამიტომ ის დარჩა ირანის ისტორიაში მაინც მეორეხარისხოვან როლზე. მან ვერ აისრულა მთავარი საწადელი, ვერ ემსახურა საკუთარ ქვეყანას. ყველაზე დიდი გენერალი და შემდეგ მარშალი მსოფლიოს ისტორიაში ნაპოლეონი ჯერ მიდის ეგვიპტეში,

დაამარცხებს ძირითადად ქართველი მამლუქებისგან დაკომპლექტებულ ლაშქარს და შემდეგ მიდის რუსეთში და აქვს შეტაკება ქართველ დიდგვაროვანთან.

არც ერთნი იყვნენ ეგვიპტელები, რომლებიც ნაპოლეონს ებრძოდნენ და არც მეორენი იყვნენ რუსები. ისინი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.

ჩემს დაღუპულ მეგობართან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად ვარშავის ცენტრში რამდენიმე წლის წინ გავხსენი ქართველი ოფიცრების ძეგლი. ეს არის ის ქართველი ოფიცრები, რომელთაც შეძლეს ბოლშევიკური არმიის დამარცხება პოლონეთში.

ამის სამადლობლად ძალიან ბევრი ქართველი ოფიცერი დაწინაურდა.

გენერალი სუმბათაშვილი გახდა პოლონეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი. აშშ-ს გენერალური შტაბის მეთაური შალიკაშვილი გახდა.

გენერალმა ფრანკომ ბრძოლა მოიგო პოლკოვნიკი ამილახვარის მეთაურობით. მე ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ეს ყველა მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვყავდა კარგი ოფიცრები, გვქონდა სისხლში რაღაც.

ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი ვიყოთ საქართველოში, ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და გავიმარჯვბოთ საქართველოსთვის.

ის რომ ავღანეთში ამდენი პრობლემაა, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის, რადგან მთავარი საკითხებიდან გადადის ყურადღება.ის რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ეს არის საერთო ბრძოლა. შეიძლება ვეღაცამ თქვას, ჩვენ ამდენი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები დაპყრობილია, რა დროს სადღაც წასვლაა და ბრძოლაა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს  ეს პრობლემები, ჩვენ გვწირდება დიდი საბრძოლო გამოცდილება.

ნამდვილი ომით გამოცდა არის უდიდესი სკოლა. საქართველო არ არის არც ნორვეგიის და დანიის მდგომარეობაში და არც ავსტრალიის მდგომარეობაში. შეხედეთ ჩვენს საფრთხეებს, გამოწვევებს და თქვით, შეგვიძლია თუ არა ჩვენ შეიარაღებულ ძალებზე და სამხედრო სკოლაზე უარი. ეს არის საშუალება რომ ინტეგრირებული ვიყოთ მსოფლიოს საუკეთესო ძალებთან, ვნახოთ ყველაზე ბოლო ტექნიკა, ყველაზე ბოლო მიღწევები.

მე ვიცი, რომ არავის არ უხარია ქართველების დაღუპვა, პირველ რიგში მე მიკვდება გული.

ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამ ჯარისკაცების და მათი ოჯახების, რომლებსაც ერთხელაც არ დაუჩივლიათ, რომლების ამ მისიის სრული გააზრებით მონაწილეობენ ამ ყველაფერში.

საბოლოო ჯამში, ეს რაღაც ამოგლეჯილი და კონტექსტიდან გასული მისია კი არ არის, ეს არის საქართველოს სერიოზული მისია და ბრძოლა.

მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ძლიერი მანამ, სანამ არსებობს მისი საბრძოლო სულიკვეთება. საქართველო დამარცხდება მაშინ, როცა საქართველოში საბრძოლო სულიკვეთება იქნება  ჩამკვდარი.

სწორედ ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გამარჯვება საბოლოოდ დაგვრჩება ჩვენ."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)