საქართველოს პრეზიდენტმა ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით თათბირი გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ- მინისტრ ნიკა გილაურსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს შეხვდა. ერთი კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სპეციალური გეგმის შემუშავება მას შემდეგ დაავალა, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა მოიმატა. მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურსა და ბაკურ კვეზერელს აღნიშნული გეგმის წარმოდგენა, პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები და პერსპექტივის დასახვა მოთხოვა.
როგორც ნიკა გილაურმა პრეზიდენტს განუცხადა, აგვისტოს ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზრებზე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, განსაკუთრებით ხორბალსა და ფქვილზე, ზრდის ტემპი შემცირდა. პრემიერის თქმით, უკვე შესაძლებელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მოწოდების მაქსიმალური დივერსიფიკაცია. პრეზიდენტი დაინტერესდა თუ როგორ აისახა ხორბლის გაძვირება სხვა პროდუქტების ფასებზე.
ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ ხორბალი მარცვლეული კულტურების ინდიკატორია, შესაბამისად ამან იმოქმედა მეფრინველეობის და მეცხოველეობის სექტორზეც და ფასები 30 პროცეენტით გაიზარდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა კვირაში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა უკვე შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ფასების სტაბილიზაცია და არაკონტროლირებადი მატების შეჩერება შესაძლებელია.
ნიკა გილაურის განცხადებით, ხორბლის ფასის მატება რეგიონში დიდად არის დამოკიდებული იმაზეც, გაიხსნება თუ არა, უკრაინის ბაზარი.
პრეზიდენტმა უშუალოდ კახეთის გუბერნატორისგან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორია მოლოდინი, კახეთის რეგიონში. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღესდღეობით ერთი ტომარა ფქვილის ფასი კახეთში 50-51 ლარია. რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, ღვიანიაშვილმა აღნიშნა, რომ 36 000 ჰექტარზე 38 000 ტონა ხორბალი მოვიდა. მისი თქმით, ეს შარშანწინდელ მოსავალთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია, თუმცა საკმარისი არ არის. მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლიანი განვადებით ისეთი თესლის შემოტანას აპირებს, როგორიც უკვე აპრობირებულია და 2001 წელს განსაკუთრებული მოსავალი მოგვცა. გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან რომელი მოსავალი რომელ ნიადაგზე მოიყვანონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი, მიმდინარეობს აგრონომთა შერჩევა, რომელთა ცოდნითა და გამოცდილებით გავაუმჯობესებთ შედეგებს.
მიხეილ სააკაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორისგანაც მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა დანერგილი ქვემო ქართლის რეგიონში ამერიკული ხორბლის თესლი. დავით კირკიტაძის განცხადებით, 6 000 ჰექტარზე დათესილი ხორბლიდან წელიწადში დაახლოებით 10 000 ტონა ხორბალს იღებენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში საკმაოდ ბევრი აუთვისებელი ფართობებია. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ ხორბალს გამოვიყენებთ, არა თუ გასამმაგება, არამედ მოსავლის გაათმაგებაც შესაძლებელი იქნება. ეს კი, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საერთო მოთხოვნილების სამი თვის მარაგია. „რეალურად საქართველოს შეუძლია თავის საკმარისი ხორბალი აწარმოოს , ისევე როგორც, თავის დროზე ენერგო უსაფრთხოება ჩვენი რესურსებით უზრუნველვყავით, ზუსტად ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ხორბალზეც"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებს პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება და წარდგენა დაავალა. „რეალური სიტუაცია შემდეგია: მართალია, მთლიან მოთხოვნას ვერ გადავფარავთ, მაგრამ შეგვიძლია მოთხოვნის დიდი ნაწილი საქართველოში ვაწარმოოთ თავისუფალი მიწითა და ტექნოლოგიის ინტენსიფიკაციით. ერთი მხრივ, ეს მოგვცემს მთლიან შიდა პროდუქტზე სოფლის მეურნეობის წილის ზრდას და მეორე, გაზრდის ადგილობრივთა დასაქმების რეალურ შესაძლებლობას."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ "ჩვენი მიზანია 2013 წლამდე ვაწარმოოთ ხორბლის საერთო მოთხოვნის, მინიმუმ, 45 პროცენტი". საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. ლევან ვარშალომიძის თქმით, აჭარაში ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი 47-48 ლარად იყიდება, რაც, ფაქტობრივად, 10-12 ლარით მეტია ადრინდელთან შედარებით, ხოლო პურის ფასი 10-12 თეთრით გაძვირდა. მისი თქმით, სხვადასხვა პროდუქტზე ფასი 15-20 პროცენტამდე გაიზარდა. ტურისტთა რაოდენობის მატებამ მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რამაც, შესაბამისად, ბაზარზე მიწოდებაც გაზარდა.
"დღეს უკვე ბათუმში პროდუქტების გარკვეული ნაწილი თურქეთიდან შემოდის. მაღალმთიანი აჭარა მცირემიწიანია და მისმა მოსახლეობამ, მოსავლის, პრაქტიკულად, მთელი ნაწილი უკვე გაყიდა. თუ ინტენსიფიკაცია არ მოხდა, სავაჭრო ბალანსი დაგვერღვევა. ყველა სფეროს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. რაღაც საწარმოები უნდა წავახალისოთ, როგორც ეს გავაკეთეთ სამცხე-ჯავახეთში. მაღალმთიან აჭარას ეს უფრო სჭირდება. იქ გზები და კომუნიკაცია კარგია, უბრალოდ მეტი უნდა ვაწარმოოთ. ტურიზმიდან შემოსული ფული ჯერ-ჯერობით ხალხს შენახული აქვს. ამ თანხის გადანაწილებამდე ფასები იზრდება. ოდესმე იქამდეც მივალთ, რომ ტურიზმით საქართველოს ყველა რეგიონი იხეირებს. ახლა მთავარია, რომ ერთ ადგილზე გაჩენილი ფული დანარჩენი საქართველოს ეკონომიკაზე გადანაწილდეს. ამისთვის მთავრობამ უნდა შექმნას პირობები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლევან ვარშალომიძემ პრეზიდენტს აღუთქვა, რომ აჭარაში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში აჭარის რეგიონი წარმატებული გახდეს.
პრემიერ მინისტრის თქმით, მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით, მთავრობა დაუკავშირდა ყაზახეთს, უკრაინას და აშშ-ს.
ბაკურ კვეზერელის განცხადებით, შემუშავდა 2 სამოქმედო გეგმა. ერთი არის მოკლევადიანი, რომელიც დაგვეხმარება წლის დამლევამდე მაღალი ფასების ზეგავლენის შემცირებაში, ხოლო მეორე გრძელვადიანი გეგმაა, რომელიც მიმართული იქნება მარცვლეული კულტურების, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის წარმოებისკენ.
საქართველოს ხორბლის შემოტანის უახლოესი შესაძლებლობა უკრაინიდან აქვს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს ელჩისგან, გრიგოლ ქათამაძისგან მოისმინა.
"უკრაინაში სამწუხაროდ მოსავალი 5 მილიონით ნაკლები მოვიდა. მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და გვითხრეს, რომ შესაბამისი დავალებები გასცეს წლის ბოლომდე 150 000 ტონა ხორბალის შესაძენად და საქართველოში გადმოსაგზავნად. უკრაინაში ხორბლის ფასი, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 50 პროცენტით გაიზარდა. 15 სექტემბერს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას შეზღუდოს ექსპორტი, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა შეგვეხოს", - აღნიშნა გრიგოლ ქათამაძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მუდმივად არ შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული უკრაინაში, რუსეთსა და ყაზახეთში არსებულ ვითარებაზე - როგორ დაარეგულირებს ემბარგოს გამოცხადებით თავისი ბაზრის ფასებს. ამიტომ, ეს პრობლემა მუდმივად დაგვიდგება თუ გარანტირებულად სხვა ბაზრებიდანაც არ გვექნება მოწოდება.
საბჭოთა კავშირის მომწოდებელი მაშინ ამერიკა და არგენტინა იყო, ამიტომ, ახლა ჩვენი ამოცანაა ვნახოთ იმ ბაზრების ფასები. ამერიკიდან შემოტანის პრობლება არის ის, რომ ამერიკული ხორბლის ფასს ტრანსპორტირება აძვირებს. ჩვენ ეს გვჭირდება როგორც პრობლემის დამატებითი გადაწყვეტის გარანტია, რათა ჩვენს მწარმოებლებს ხორბლის მოწოდებაზე სერიოზული დეფიციტი არ შეექმნას.
როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ამ კვირის განმავლობაში მთავრობამ იმუშავა დივერსიფიკაციაზე და უკრაინასთან უკვე პოზიტიური შედეგებს მიაღწია. მისი თქმით, ამერიკასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ხელი მოეწეროს გრძელვადიან ჩარჩო- ხელშეკრულებას ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით. ამის თაობაზე, საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია აცხადებს: "ამჟამად ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ მომწოდებლებთან , ისე სასაქონლო ბირჟებთან. ყველა ხორბლის მომყვან შტატს აქვს თავის ასოციაციები და მათთან ვმუშაობთ. ახლა შეხვედრა მექნება არკანზასის შტატის გუბერნატორთან, სადაც უკვე გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიმუშავებთ რათა სამომავლოდ ეს შესყიდვები გარანტირებული იყოს. ამას გარდა, ამარიკის ბაზარზე ახლახან შევისყიდეთ გაზრდილმოსავლიანი ხორბალი, რომელიც ასევე დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, რაც საქართველოში ხორბლის მოსავალს, დაახლოებით, ორჯერ გაზრდის".
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია და სათესლე ხორბალი ამერიკიდან შემოდგომაზე უნდა შემოვიდეს.
„შიდა ქართლში ძალიან დაგვეხმარა ამერიკული სათესლე ხორბალი და იმედია, რომ ქვემო ქართლში და სხვა რეგიონებშიც შესაძლებელი იქნება ამერიკული ხორბალზე გადასვლა, რომელიც ადვილი მოსავლელია და, ამავდროულად, მეტმოსავლიანიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკული ხორბლის შემოსვლა ქართულ პორტებში 9 სექტემბრიდან დაიწყება.
"მომავალში მუდმივად უნდა ვიყოთ მომზადებული, რათა რაიმე სახის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას ისეთი მომწოდებელი გვყავდეს, რომელიც სწრაფად მოგვაწვდის ხორბალს. მთავრობასთან ასევე უნდა გვქონდეს გარკვეული ურთიერთობა სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება დამოკდებულია ქვეყნის ხელისუფლების კარგ მუშაობაზეც. ჩვენი ამოცანაა ყოვლდღიური მონიტორინგის განხორციელება, რათა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, დაუცველ ფენებს, მაქსიმალურად ავარიდოთ ამ მხრივ გამოწვეული პრობლემები. მომავალი წლის დამდეგს უნდა ვიფიქროთ მოსახლეობის დაუცველი ფენის ფქვილით დახმარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ხარჯი გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, ვისაც ელემენტარულად გამოკვების პრობლემა აქვთ. იმაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ამ ხალხის დახმარებაა, ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ეს უნდა ჩავდოთ ბიუჯეტში, საბაზრო ეკონომიკური ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა დარტყმა მაქსიმალურად შევამციროთ და რაც მთავარია, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ხალხს შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა მივცეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.