რელიზები
13.07.2010
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა
საქართველოში დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა მას ბათუმში უმასპინძლა. შეხვედრა მეგობრულ გარემოში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და რადოსლავ სიკორსკიმ ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"ბატონი სიკორსკი არის ახალგაზრდა, თუმცა საქართველოს ძველი მეგობარი. ის არა მარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ევროპაში, არამედ კარგი მრჩეველიც. ჩვენ ყოველთვის ვცვლით მოსაზრებებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრების შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ასევე მნიშვნელოვნად ვითარდება თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პოლონელ მეგობრებს ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავიათ. დიდებულია, რომ პოლონელი ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკური და ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია. პოლონეთი არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომლის ეკონომიკაც ახლაც ვითარდება. საქართველო კი არის ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელმაც რეალურად დიდ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში არა მარტო პოლონეთის ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ, არამედ ტურისტებიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.
"დარწმუნებული ვარ პოლონელი ტურისტები მოიხიბლებიან ამ გარემოთი და დასასვენებლადაც ჩამოვლენ. ყველა პოლონელმა შეამჩნია ის განსაკუთრებული სირთულეები, რომლებიც თქვენ გადალახეთ ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად. უდიდესი ტრაგედიის დროს, ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც თქვენი მეგობრობის და პატივისცემის გამოხატულება. მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთან ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრების შეთანხმება გაფორმდა. ჩვენ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის დაწყებას მოკლე ვადებში", - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე რადოსლავ სიკორსკიმ ბათუმის ქუჩებში გაისეირნა და განახლებული ქალაქი დაათვალიერა. მანამდე კი იგი თბილისში ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.