რელიზები
07.06.2010
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა პირველი შეხვედრა ელისეს სასახლის მრჩეველთა ჯგუფთან გამართა. ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობა, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები დღეს გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრებზე მსჯელობის მთავარი თემა იყო. ლაპარაკი ასევე შეეხო სამხედრო თანამშრომლობის, ავღანეთის მისიასა და მისტრალის საკითხებს. იგეგმება საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაც. საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას 8 ივნისს შეხვდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი სწორედ 12 აგვისტოს ხელშეკრულების დეტალებზე იმსჯელებენ.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს პირისპირ შეხვდა და მასთან ეკონომიკური, პოლიტიკური და პარტნიორული თანამშრომლობის გაღმავების საკითხები განიხილა. ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ისე ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მემურანდუმი ინვესტიციების მოზიდვის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი როლან-გაროსის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელზეც იგი საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ფინალურ შეხვედრას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის დედოფალი ადევნებდნენ თვალს.
კორტებიდან მიხეილ სააკაშვილმა "მაგნუმის" ფოტოგამოფენაზე გადაინაცვლა და გამოფენის დახურვას დაესწრო. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გამოფენილი ფოტონამუშევრები "მაგნუმის" ფოტორეპორტიორებმა საქართველოში გადაიღეს.
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის ლექციაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ფრანგულ მხარეს დარბაზის შეცვლა ორჯერ მოუხდა.