თვითმმართველობის არჩევნებში მთაწმინდის №1ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მიხარია, რომ საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. პატარა ხარვეზები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს არის ყველაზე კარგად ორგანიზებული არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ცესკომ, სრული დამოუკიდებლობის პირობებში, კარგად იმუშავა. მსურს კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ, ამჯერად, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ბევრად მეტი პოლიტიკური მოწიფულობა გამოიჩინა, ვიდრე წინა არჩევნების პერიოდში. მათ ბევრად მეტი იარეს ხალხში, ბევრად მეტი მოისმინეს პრობლემები, ბევრად უფრო კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს და არა ზოგად თემებზე. მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებს მანამ, სანამ ეს იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უძრაობაში; ვიდრე ქვეყანა უკეთესობისკენ მოძრაობის პროცესში იქნება. ეს მოძრაობა არ შენელდება და უფრო მეტიც, ამ არჩევნების შემდეგ აჩქარდება კიდეც. ამ არჩევნებმა ბევრად მეტი რწმენა უნდა მისცეს ბიზნეს, უცხოელ ინვესტორებს, რათა ამ რთულ საერთაშორისო ბიზნესვითარებაში საქართველოში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები, ჩვენი ქვეყანა გაუმჯობესდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს როგორც გარეგნული იერსახის თვალსაზრისით, ისე ხალხის ცხოვრების დონით. 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების ღია მცდელობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოგვიწია, თბილისში მდგომარეობა შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. თუმცა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა სოფელი. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპანტის ჩექმის ქვეშ არის. ამ ტერიტორიებზე ხალხს არ აქვს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის არანაირი შანსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთიანობით შეძლო ეფექტიანი კურსის შეთავაზება ჩვენი ქვეყნისთვის და ამით საზოგადოებას პერსპექტივა დაანახა. მისი თქმით, ოპოზიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მანძილი ბევრად შემცირებული იქნება, რადგან ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა პოლიტიკური მოწიფულობა გამოავლინა - ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, მათაც დაიწყეს ხალხში სიარული, რასაც ადრე არ აკეთებდნენ. მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად პრეზიდენტი ოკუპაციას, სიღარიბესა და ხალხის გაჭირვებას მიიჩნევს.
"ეს არის ჩვენი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი. ამ არჩევნებში პერსპექტივა აქვს ყველას, ვინც საქართველოში ხალხის ინტერესებით იცხოვრებს. მხოლოდ ის ვერ მიიღებს ბევრს ვერაფერს, ვინც უცხოურ პლატფორმაზე ღიად დგას - ეს ხალხი ვერასდროს ვერაფერს ვერ ისწავლის. პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობამ პოლიტიკური მოწიფულობა გამოიჩინა და მე მათ ამას ვულოცავ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.