Google+

რელიზები

26.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის თანამდებობაზე გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერის თანამდებობაზე გიგი უგულავას კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთი გუნდი მუშაობს, მაგრამ გიგი უგულავას გარეშე დედაქალაქი ასე სწრაფად ვერ განვითარდებოდა. მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გონიერი ამომრჩეველი სწორედ გიგი უგულავასა და მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

"ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ეს არის დასაწყისის დასაწყისი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვდგავართ სწორ გზაზე. წარმოუდგენელია, ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და მიღწეული არაფრად ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, მაინტერესებს თუ ვინ გაიმარჯვებს სხვადასხვა არჩევნებში. არიან კანდიდატები, რომლებიც ამბობენ, რომ გაზი და წყალი იქნება უფასოდ, ან იქნება ძალიან დაბალ ფასად. შეგვიძლია ხმა ასეთ კანდიდატებს მივცეთ, მაგრამ მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არც წყალი გვექნება და არც გაზი. არიან, კანდიდატები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთი კანდიდატი საკუთარ გარეგნობაზე ამახვილებს ყურადღებას, ოპონენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის პლაცდარმია. მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს, რომ არ სურს თბილისელები ვიღაცის ამბიციების პლაცდარმზე ან ვიღაც პოლიტიკოსის კატაპულტირებისთვის ცხოვრობდნენ.

"ყველა თბილისელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა: არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი ვიდრე იყო 4 წლის წინათ; მოწონს თუ არა აღმშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს; უნდა თუ არა თვითონ და მისმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ თბილისში, რომელიც ევროპულ ქალაქებს შორის საუკეთესო იქნება, როგორც განვითარების თვალსაზრისით, ისე მომავლის მოსაწყობად. თუკი ყველა ამ კითხვაზე პასუხი ექნებათ დადებითი, მაშინ ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს თბილისში -გიგი უგულავას, ხოლო დანარჩენ საქართველოში - ნაციონალურ მოძრაობას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თბილისში ყველაფერი მხოლოდ გიგი უგულავას ძალისხმევით გაკეთდა. მარტო გიგი ვერ შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ თბილისში აღარ იყოს საცობები, იყოს 24-საათიანი წყალმომარაგება, გაჩნდეს პირობები ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდა თაობამ ბევრად უკეთესი განათლება მიიღოს და სკოლებში უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრას, დასაქმდეს მოსახლეობა და ა.შ. ყოველივე ამას ვერც უგულავა შეძლებს მარტო, ვერც სააკაშვილი და ვერც ნებისმიერი სხვა მმართველი. ეს ერთიანი გუნდის გასაკეთებელია, მაგრამ გიგი რომ არ ყოფილიყო თბილისში, ვარშალომიძე და ჩხაიძე აჭარასა და ბათუმში, გოროზია - სამეგრელოში და ა.შ. ვერაფერს ვერ შევძლებდით. მმართველი გუნდის ერთიანი მოქმედება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს საკითხი დაფიქრებას მოითხოვს. ჩვენ ძალზე გონიერი ამომრჩეველი გვყავს და იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)