რელიზები
24.03.2005
ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს 10 მაისს ეწვევა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 6-დან 10 მაისამდე ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ლატვიას, ნიდერლანდებს, რუსეთსა და საქართველოს ეწვევა. დაგეგმილი ტურნე მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60-ე წლისთავს ეძღვნება. ჯორჯ ბუში პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული იმ მილიონობით ამერიკელისა და ევროპელის ხსოვნას, რომლებმაც ტირანიის დასამარცხებლად თავი გასწირეს.
ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ერთობლივად, უფრო მეტად განამტკიცონ თავისუფლება და ტოლერანტობა, უზრუნველყონ კეთილდღეობა მთელ ევროპაში, ასევე სხვა ქვეყნებში.
ნიდერლანდებში პრეზიდენტი ბუში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, მაასტრიხტთან ახლოს მოინახულებს „მარგრატენის" მემორიალს, ამერიკელებისა და ჰოლანდიელთა სასაფლაოს.
რიგაში ჯორჯ ბუში ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება, ხოლო მოსკოვში - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. იგი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ცერემონიალში.
ამერიკის პრეზიდენტი ვიზიტს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაასრულებს, რათა დემოკრატიის, ისტორიული რეფორმებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური