Google+

რელიზები

10.05.2005
ჯორჯ ბუში : ”თქვენ გყავთ მეგობრები ამერიკაში - თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შენებისას ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა!”

დილის 9 საათზე საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ესტუმრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას მთავრობის წევრები წარუდგინა. ორი ქვეყნის ჰიმნის მოსმენის შემდეგ, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტები პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. აქ ჯორჯ ბუში პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. პირისპირ საუბრის შემდეგ კი, პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მისასალმებელმებელ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის - დემოკრატიის განვითარებისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისთვის.

"ვარდების რევოლუციის შემდეგ, არც ერთ ქვეყანას ისეთი მხარდაჭერა არ გამოუხატავს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს როგორც დემოკრატიის მხრივ, ისე უსაფრთხოების სფეროში გაწეულ დახმარებებს შეეხება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა უნდა დაამყაროს.

ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას და ქვეყნის მოსახლეობას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო სანიმუშო მაგალითია. მან აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ამ რევოლუციამ "მთელ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება მოანდომა. ამგვარი სიმამაცე კი, აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია".

ჯორჯ ბუშის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას კონფლიფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში და მას დახმარებას ჰპირდება.

პრეზიდენტი ბუში ნატოსთან ინტეგრაციის საკითხს შეეხო - "ჩვენც მოუთმენლად ველით ამას და გვსურს, რომ ქართველმა ხალხმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს". მან ქართულ მხარეს ავღანეთსა და ერაყში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: "მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ქართულ მხარეს და ვუთხრა, რომ თქვენ გყავთ მეგობრები ამერიკაში!"

პარლამენტის შენობიდან ორივე ქვეყნის პრეზიდენტი მეუღლეებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც მათ 150 ათასამდე ადამიანი დილიდან ელოდა. ქვეყნის მოსახლეობას საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებმა სიტყვით მიმართეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე ხალხთან ერთად იმისათვის არ მისულა, რომ წარსულის ტკივილი გაიხსენოს. მას უნდოდა, რომ მომავლის მიზნებზე ემსჯელა. "ბატონ ბუშის ყოფნა იმის დადასტურებაა, რომ უკვე ბევრს მივაღწიეთ და კიდევ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. როდესაც ერთ მუშტად ვერთიანდებით, ჩვენთვის მიუღწეველია არაფერია, არც ერთი ოცნება შორეული არ არის და არც ერთი მიზანი - განუხორციელებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჯორჯ ბუშმა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა და უფრო ნათელი მომავლის შექმნაში დახმარებას დაპირდა. მან 1989 წლის აპრილის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ქართველ ერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ უიარაღოდ მოუწია ბრძოლა. "საბჭოთა არმიამ ზოგიერთი ქართველის განადგურება შეძლო, თუმცა მათ ქართული სული ვერ გაანადგურეს", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა - "ამერიკელები პატივს სცემენ თქვენს არჩევანს თავისუფლებისთვის. თქვენ არ მოგიწევთ ამ გზის მარტო გავლა - თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შენებისას ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა!"

თავისუფლების მოედნიდან ჯორჯ ბუში თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავმა საქართველო შუადღის სამის ნახევარზე დატოვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)