რელიზები
26.07.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავი სრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შეხვდა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა სამართალდამცველების მუშაობა და წარმატებით განხორციელებული სპეცოპერაციებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის წერილიც წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობისა და, კერძოდ, ძალოვანი უწყებების მუშაობას დადებითად აფასებს.
მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "ქართული სახელმწიფო უკონტროლო ტერიტორიებზე კრიმინალური ელემენტების თარეშსა და ბოგინს აღარ მოითმენს". პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, საქართველოს მხარე რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის და მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყანასთან კონფრონტაცია არც ერთი ქვეყნის ინტერესს არ წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი დავით ნადიბაიძე, რომელმაც პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს თავისუფლების მოედანზე ნასროლი ხელყუმბარა საზოგადოების თავშეყრის ადგილიდან გაიტანა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური