Google+

რელიზები

07.08.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო

გურიის გარდაცვლილი გუბერნატორის ჟანი კალანდაძის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს თბილისში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის ჟანი კალანდაძის მშობლებიც იყვნენ, სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მისი გარდაცვლილი მეგობრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟანი კალანდაძის დაწყებული საქმეები გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ლაპარაკია ხალხზე, რომელიც ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და, პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე, სახელმწიფო აპარატი და პოლიტიკური მოღვაწე.

"ეს ადამიანები საკუთარ ინტერესებსა და პირად ცხოვრებაზე მაღლა საკუთარ ქვეყანასა და იმ იდეალებს აყენებენ, რომლებსაც ემსახურებიან. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა არ არის. ეს არის ბრძოლა ცინიკოსებსა და იდეალისტებს შორის, რათა დავამკვიდროთ, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომ ეს სახელწიფო წარმატებული გახდება, რომ აქ შესაძლებელია ადამიანმა იცხოვროს პატიოსნად და, ამავდროულად, წარმატებული იყოს." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის ცენტრში უახლოეს დღეებში ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედანი გაიხსნება. მისი თქმით, "ჩვენ უნდა დავაფასოთ არა მარტო ცნობილი ადამიანები, არამედ ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეცნენ, ის ჯარისკაცები, რომლებმაც საქართველოსთვის გასწირეს თავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც პატიოსნად იხდის ვალს სამშობლოს წინაშე".

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი სკვერები და მოედნები კვლავაც უნდა აშენდეს და აღნიშნა, რომ თბილისს წელს და მომავალ წელს 50-მდე ასეთი სკვერი და მოედანი შეემატება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რეგიონებზეც გაამახვილა. "თბილისიც, ბათუმიც, ქუთაისიც, თელავიც, ოზურგეთიც, ზუგდიდიც მალე განათებული და გაცისკროვნებული ქალაქები გახდება... ეს იმ ხალხის დამსახურებაა, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ასეც იქნებოდა", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)