რელიზები
19.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკის საბჭოს სხდომა გამართა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკის საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. სხდომის ძირითადი თემა ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა იყო. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში არსებული ვითარების შესახებ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ანგარიში მოისმინა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენერგეტიკოსებისა და ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით, დღეს მთელი საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგება დეფიციტის გარეშე გახდა შესაძლებელი. "ჩვენ დიდი ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით რუსეთმა პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ ენერგეტიკული ბერკეტების ამოქმედებით აპირებს პოლიტიკური მიზნების განხორციელებას უკრაინასა და საქართველოში", _ განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაზრდილი ტარიფები ამ ზამთარს მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ენერგეტიკის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა, რაც ალტერნატიული ენერგოწყაროების გაჩენას ნიშნავს. ეს კი თავის მხრივ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკის მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:
- შარშან ელექტროენერგიის გამომუშავება იყო 1400 მეგავატი, ხოლო წელს 1700 მეგავატს მიაღწია. დღეს ელექტროენერგიაზე მაქსიმალური მოთხოვნილება 1650 მეგავატია.
- სისტემური ავარიების რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა.
- მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება შარშანდელთან შედარებით 15 და 25 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლის დეკემბერში რეკორდული მაჩვენებელი - 85 პროცენტი დაფიქსირდა.
- მოხერხდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემას შეუძლია იმუშავოს პარალელურ რეჟიმში აზერბაიჯანთან. ეს ინიშნავს იმას, რომ რუსეთის მხრიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში შეძლებს ფუნქციონირებას.
- პირველად 15 წლის განმავლობაში მთელი საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკით მარაგდება.
- შარშანდელთან შედარებით, გაზმომარაგებაზე მოთხოვნა 1,3 მილიარდი კუბური მეტრიდან 2,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
- შემდგომი 7-8 წლის განმავლობაში საქართველოს დასჭირდება 2000 მეგავატი ელექტროენერგია, რის გამომუშავებასაც ადგილზე შევძლებთ. საამისოდ იწყება მუშაობა საქართველოს ჰიდრორესურსების სრულფასოვანი გამოყენებისათვის. მიმდინარე წლის 15 ივლისს ტენდერის შედეგების მიხედვით გამოვლინდება ის კომპანიები, რომლებიც შემდგომი სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ არსებული ჰიდრო ელექტროსადგურების რეაბილიტაციასა და ახალი ობიექტების მშენებლობას. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, რომ 2009 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკული სისტემა სრულყოფილად მოწესრიგდეს. ამ დროისთვის რეაბილიტირებული ჰიდროენერგოობიექტების საშუალებით, საქართველოს ენერგოსისტემას 800 მეგავატი დაემატება და მომხმარებელი სრულად დაკმაყოფილდეს ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ხოლო ხუდონჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ (ხუდონი ჰესის წინასაპროექტო სამუშაოები დაწყებულია) საქართველოს ენერგოსისტემა საექსპორტო ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.
- იანვრის დამლევს მწყობრში შევა ორი ახალი გაზოტურბინა, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 110 მეგავატ ელექტროენერგიას მიაწვდის, ხოლო 1 წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 150 მეგავატს მიაღწევს. ეს გაზოტურბინები ჰესების პირობებში მეტი მდგრადობისა და სტაბილურობისთვისაა საჭირო.
- მეზობელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ენერგომაგისტრალების მშენებლობასთან დაკავშირებით.
- მიმდინარეობს სამუშაოები ადგილობრივი ბუნებრივი აირის მოპოვებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოს მოთხოვნილების სავარაუდოდ 25 პროცენტი ადგილობრივი გაზით დაკმაყოფილდეს.
- მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ევროპას გაუჩნდეს ახალი ენერგოდერეფანი. ვიქტორ იუშჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ინიციატივით ეს ენერგოდერეფანი შუა აზიიდან საქართველოზე გაივლის და ენერგორესურსებს ევროპის ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური