Google+

რელიზები

19.03.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიიდან დეპორტირებულ ქართველ პარლამენტარებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურის სტატუსით წასულ პარლამენტარებს შეხვდა, რომლებიც ბელორუსიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში არ შეუშვეს და სამდღიან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. საბოლოოდ კი, ისინი დეპორტირებული იყვნენ ქვეყნიდან. საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუსიაში მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო, მათ გათავისუფლება და დაბრუნება მიულოცა და განაცხადა:

"ძალზე სერიოზული რამ მოხდა. მსგავსი პრეზიდენტები ძალზე ჩამორჩენილი ქვეყნების გარდა, მსოფლიოში აღარ არსებობენ. მეც, ჩვენი ქვეყანაც და მთელი ევროპა თქვენ - ქართველ დეპუტატებს აღფრთოვანებით გადევნებდათ თვალს, რადგან, უნდა გვესმოდეს, რომ ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მუშაკებს, რომლებიც უშიშროების საბჭოთა სისტემის გამგრძელებლები არიან, გართულება ყველაზე მეტად ორი ქვეყნის მიმართ ჰქონდათ. ეს ქვეყნებია ამერიკა და საქართველო. ყველგან ეწერა, რომ სწორედ ამერიკა და საქართველო ურევს ყველაფერს მთელ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენი და ამერიკის რესურსები შეუდარებელია და რა თქმა უნდა, ჩვენ არსად არაფერს არ ვრევთ. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ბელორუსი ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ნამდვილი თავისუფლებისათვის ბრძოლას მხოლოდ დღეს იწყებენ. ისევე, როგორც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ნამდვილი თავისუფლებისათვის. ასეთივე ბნელი ძალები ზუსტად ასევე ოპერირებენ ცხინვალში, გალში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთასა და ტყვარჩელში. საქართველოს შიგნით ჩვენი დემოკრატიული სისტემის ბოროტად გამოყენებას, ისინი ზუსტად იგივე და, ხშირად, უარესი მეთოდებითაც ცდილობენ. ამისათვის ქვეყანაში უამრავი ფული შემოდის, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან თავისუფლების პირობებში ბნელი ზრახვების მოსურნენი ვერ იმარჯვებენ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტში ძალზე გამბედავი ახალგაზრდები გვყავს და მათით უნდა ვიამაყოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელსაც სწორად მისცეს ხმა და სწორად აირჩიეს. არც ერთი თქვენგანი არ გატყდა და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას არ დაექვემდებარა და ჩვენ ეს არა მარტო თქვენი მონაყოლით ვიცით, არამედ ლიტველი და სხვა ევროპელი დამკვირვებლებისგანაც, როლებთანაც მუდივი კონტაქტი გვქონდა. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. ის ძალები, რომლებმაც თქვენ დაგაკავეს, ჩვენ ჩვენივე ტერიტორიაზე გვებრძვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისათვის, ეს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაა. და ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ. თქვენ კი, წინ დიდი გმირობები გელოდებათ.

ზუსტად ვიცი, რომ გალის რაიონში ახალგაზრდები საქართველოს ჰიმნს სახლებში ყოველდღე ჩუმად მღერიან, რათა აფხაზებმა და რუსმა სამშვიდობოებმა არ გაიგონ. ეს დანამდვილებით ვიცი და ჩვენ გავიმარჯვებთ გალშიც აფხაზეთშიც და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რადგან ეს ჩვენი, უკრაინელების, ლიტველების, ლატვიელების ერთიანი ბრძოლაა ნორმალური ადამიანური ცხოვრებისთვის".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)