რელიზები
26.05.2006
სახელმწიფო მუზეუმის შენობაში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გახსნა ცოტა დაგვიანებულიცაა, თუმცა სიმბოლურია, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა ის ისტორიული წლებიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს ოკუპაცია მოხდა და წარსულ და აწმყო პერიოდებთან ისტორიული პარალელებიც გაავლო. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მუზეუმი ქართველ გმირებს - ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისნაირებს, ასევე ქართველ ოფიცერთა საუკეთესო ნაწილს ეძღვნება. მისი თქმით, მუზეუმი თითქმის ყველა ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს და ის თითოეულ მათგანს ეძღვნება.
"1918-21 წლებში საქართველომ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ვერ მოასწრო, თუმცა ლიდერები ხვდებოდნენ, თუ რა საფრთხის წინაშე იყო ქვეყანა. დღეს ჩვენ მოვასწარით მთავარი რამ - მოვხვდით ისტორიულ მოისახვევში, ბევრ დაბრკოლებას ავუარეთ გვერდი და ჩამოვყალიბდით როგორც სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვერასდროს ვერავინ დააჩოქებს, როგორც ეს 1921 წელს მოხდა. დღესდღეობით ყველაფერი მზადაა - "ორჯონიკიძე" და მისნაირების მთელი ბრიგადა, ჯარები; საერთაშორისო ვითარების მომზადებასაც ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამების, შანტაჟის, ზემოქმედების კამპანია მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს ის საქართველო აღარ არის, რომელიც 1921 წელს იყო. ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთი წამის დათმობას აღარ ვაპირებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა - "ეს მუზეუმი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთავარი, რაც აღარასოდეს უნდა განმეორდეს ეს ჩვენი ხალხის დამცირება და დამარცხებაა. ეს ხალხი ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი იყო, რომელიც განადგურდა, მაგრამ ამას ფუჭად არ ჩაუვლია. მათ განწირულ სულისკვეთებას ნამდვილად მოჰყვა შედეგი და ეს შედეგი დღევანდელი საქართველოა!"
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური