Google+

რელიზები

14.06.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშეთის რაიონს ეწვია

მსურს ჩემს საყვარელ დუშელებს მოგესალმოთ და გითხრათ, რომ განვიცდი, თქვენთან მოსვლას უფრო ხშირად რომ ვერ ვახერხებ.

არასოდეს მინდა აქ ცარიელი ხელით მოვიდე.

წყლის გასაყვანად წელს ბიუჯეტიდან თანხა გამოვყავით, რადგან აქ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ უწყლობაა.

ჩვენ მდინარის ხეობა გავწმინდეთ და ჯებირებს აქამდე ამოვიყვანთ, რათა სტიქიის დროს უბედურება აღარ დატრიალდეს.

ისევე როგორც მთელ რაიონში, სკოლების რემონტი აქაც მასიურად დაიწყება, რადგან მსურს, რომ ჩვენი ბავშვები ევროპული სტანდარტების შესაბამის შენობებში სწავლობდნენ.

ასევე ყველგან ახალი ამბულატორიები შენდება და ამას გავაგრძელებთ.

ძალიან მიხარია, რომ მცხეთა-მთიანეთისთვის დღეს 24 ახალი ავტობუსი ჩამოვიყვანეთ, რომელთა უმეტესობა დუშეთში ივლის.

ვიცი, რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს თქვენთვის გადაადგილება.

ის, რაც ჟინვალიდან დღეს 2-3 ლარი ღირს, ამიერიდან, მაქსიმუმ, 80 თეთრს გაუტოლდება.

ამას ჩვენვე გავაკონტროლებთ, რადგან ეს ავტობუსები ჩვენ შევიძინეთ, მოგიყვანეთ თქვენ უფასოდ და ამოვყარეთ ის ხალხი, რომლებიც სამარშრუტო ტაქსების წილებს ინაწილებდნენ და უმეტესად კრიმინალებს აკეთებინებდნენ ფულს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოტანას კვლავაც გავაგრძელებთ და მსურს სკოლის ბავშვებს მივმართო: ყველა ფრიადოსანი მოსწავლე და სტუდენტი ამ ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს. ისწავლეთ კარგად და ისეირნეთ რამდენიც გნებავთ!

გუშინ სანკტ-პეტერბურგში ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული ძალზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსებას არასდროს დავთმობთ და საკუთარ თავმოყვარეობაზე უარს არ ვიტყვით.

ეს თქვენ, ამ მხარის მკვიდრებმა ჩემზე უკეთ იცით, რადგან ყველაზე მეტი ღირსება, თავმოყვარეობა სწორედ რომ თქვენ გაქვთ და სამშობლოს სიყვარულიც განსაკუთრებული იცით.

ჩვენ დიდი გაჭირვებიდან მოვდივართ, ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გარშემო არც ერთი ქვეყანა ისეთი ტემპით არ ვითარდება, როგორც დღეს - საქართველო.

წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ კი არ უნდა ვიწუწუნოთ ჩვენი მტრისა და არაკეთილმოსურნის გულის გასახარად, არამედ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, კიდევ უფრო მეტი დოვლათი შევქმნათ, მეტად განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ავშენდეთ.

ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება თავადვე გვძალუძს და ქართველები არავიზე ნაკლები არ ვართ.

ეს ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანია!

რა თქმა უნდა მეგობრობა ყველასთან გვსურს, მათ შორის, უპირველესად, რუსეთთან, რადგან ის ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა.

თუმცა მეგობრობა, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ღირსებისა და ინტერესების პატივისცემას ეფუძნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

ეხლა კი მსურს, რომ ახალ ავტობუსებს მიუსხდეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ, ყველაფერთან ერთად, ისიც მახარებს, რომ ამ ავტობუსების ჩამოყვანით მძღოლებისთვის 54 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)