რელიზები
15.07.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნის დახურვას დაესწრო
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორფოლოს პოლიგონზე ფართომაშტაბიანი სამხედრო წვრთნის საზეიმო დახურვას დაესწრო, სადაც ავიაცია და მძიმე სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
„დღეს მთელი საქართველო გიყურებთ და ბევრს სიხარულის ცრემლები ადგათ თვალებზე. ხალხს იმედი ჰქონდა, მაგრამ ასეთ შედეგს არ ელოდა. ზოგიერთს დღემდე ჰგონია, რომ საქართველო ადვილი ლუკმაა, ყელში გაეჩხირებათ მათ ეს ლუკმა. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, არცერთ ქვეყანას საფრთხეს არ ვუქმნით, ჩვენი ამოცანაა - ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავლის დაცვა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ ადვილი მოსასპობი, ადვილად შესაჭმელები ვართ, დიდი იმედგაცრუება ელით."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური