საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტური პროგრამის ფარგლებში გამორჩეული ახალგაზრდები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა გორში მშენებარე სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. გორის სამხედრო კომისარიატის ახლადგარემონტებულ შენობაში საინჟინრო ბატალიონის და საარტილერიო ბრიგადის ოფიცრები, ასევე სამხედრო პოლიციის ოჯახები შესახლდებიან. 17 ოჯახს გასაღები თავად საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. „ ჩვენ ვქმნით ახალ ქართულ ოფიცერთა კორპუსს, რომელიც არასდროს არავის არ დააჩაგვრინებს თავს. ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება მაშინ არის დაცული, თუ დაცულია ოფიცრის ღირსება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი გორში გამართულ კონცერტსაც დაესწრო, სადაც სტუდენტური საზაფხულო სამუშაოების დასრულება აღნიშნეს. სტუდენტური პროგრამის ფარგლებში
შრომაში გამორჩეულ სტუდენტებს, რომლებიც ქალაქ გორის დასუფთავებაზე ზრუნავდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა:
„მინდა ჩვენი რეზერვისტების მხურვალე სალამი გადმოგცეთ.
რეზერვისტები და ის გოგო-ბიჭები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდნენ, პატრიოტთა ბანაკებში წასული აზალგაზრდობა და ის ხალხი, ვინც გორის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ, ყველანი ერთანი დიდი ფერხულის მონაწილეები არიან.
დღეს მოვინახულე გორის ახალი საავადმყოფო, რომელიც საფრანგეთის, ამერიკისა და ჰოლანდიის მსგავს საავადმყოფოებს სჯობია.
ამ მშენებლობაზე დღე და ღამე სამას ორმოცდაათი ადამიანი მუშაობს.
ჩვენ ხეობიდან ჩამოვედით, იმ ადგილიდან, სადაც ორი წლის წინ ხეობის შემოვლითი გზის დასაცავად ჩვენ ბიჭები დაიღუპნენ. იმ მტრის ჯინაზე, რომლებმაც ისინი დახოცეს, ახალი გზის გასაყვანად მუშაობა დღე და ღამე მიდის.
ის ხალხი, რომლებიც ამ გზას აშენებენ, ჩვენი ერთიანი ფერხულის, ერთიანი ახალი მოძრაობის მონაწილეები არიან. ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს საზღვრებამდე ჩავალთ.
ძალიან ვაფასებ სტუდენტური პროგრამის მონაწილეებს. ეს ექსპერიმენტული პროგრამაა.
ჩვენ გვაინტერესებდა რამდენი ახალგაზრდა მოვიდოდა. მოვიდა გაცილებით მეტი, ვიდრე დაკმაყოფილება შევძელით.
ათი ათასზე მეტი სტუდენტი მუშაობს. პატრიოტების შემთხვევაშიც ასე იყო.
შარშან ექსპერიმენტის სახით 15 ათასი სტუდენტი გვყავდა, შემდეგ წელს ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა.
მომავალ წელს ჩვენ ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი სტუდენტური პროგრამა გვექნება, რათა ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომას შეეჩვიოს.
მინდა გითხრათ, რომ სტუდენტური პროგრამა არის საწინდარი იმისა, რომ ახალგაზრდები შრომას შეეჩვიონ, ასევე შეეჩვიონ სხვისი შრომის დაფასებას.
ისინი არა მარტო საკუთარ ქალაქებს შეღებავენ და დაასუფთავებენ, არამედ არ მისცემენ საშუალებას გაანადგურონ მათ მიერ შექმნილი. საქართველო დღეს ორ ნაწილად იყოფა.
ის ხალხი, ვინც დამკვირვებლის პოზაშია, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და თითქოს საქართველოს გაერთიანებისთვის დიდ მომზადებას და მზადყოფნას კი არ ადავენებს თვალყურს, არამედ რომელიმე საფეხბურთო მატჩს უყურებს სავარძლიდან.
მეორე - ხალხი, ვისაც ესმის, რომ ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ძალიან დიდი ძალები გვებრძვიან, ამიტომ თითოეული ქართველი უნდა გაერთიანდეს, თითოეულმა ადამიანმა უნდა მონახოს შინაგანი ძალა იმისათვის, რომ დაამარცხოს ის, ვინც ჩვენ ყველაზე მეტად გვიპირისპირდება.
ჩვენ ცოტანი ვართ, ამიტომ ყველანი უნდა ჩავებათ ამ ფერხულში და ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური