საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატორი მაკკეინი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა
27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გონიოში ამერიკელ სენატორებთან ერთად ჩავიდა, სადაც მან სენატორი ჯონ მაკკეინი წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამავე ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმსაც ეწვია. ბათუმის ახლადგახსნილ პარკში მდებარე ატრაქციონი "ეშმაკის ბორბალი" საქართველოს პირველ პირსა და ამერიკელ სენატორებს მასპინძლობდა.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა სტუმრები უშგულში ჩაიყვანა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა სენატორ მაკკეინთან და სხვა სენატორებთან ერთად სიმბოლურად სვანური ცეკვა შეასრულა. სენატორ მაკკეინს კი, უშგულის ერთ-ერთმა მოსახლემ საჩუქრად სვანური კოშკის მაკეტი გადასცა.
უშგულიდან საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკელი სტუმრები სენაკის ბატალიონს ეწვივნენ. მიხეილ სააკაშვილმა და სენატორმა მაკკეინმა ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს.
გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქართული ჯარის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერაზე გაამახვილა. კერძოდ მან განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თანამედროვე შეიარაღებული ძალები ჰყავდეს. სკოლა, რომელსაც ამერიკელები ჩვენს ქვეყანაში ნერგავენ, გაცდება ჩვენს თაობებს, რადგან ეს ყველაზე თანამედროვე სამხედრო სკოლაა. ეს არის სკოლა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების მქონე ქვეყანას დაიცავს. დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ხალხი მართავს და არა ავტორიტარული მმართველები".
მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის სამხედრო წარსულის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და ჯარისკაცებს მსგავსი გმირობისკენ მოუწოდა.
"დღეს ჩვენს გვერდით იმყოფება ჩვენი მეგობარი მაკკეინი, რომელიც არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სენატორია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გმირი სამხედროა. იგი სამხედრო მფრინავია, რომელიც ვიეტნამის ომის დროს, ავიამატარებლის აფეთქებისას სასწაულით გადარჩა, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეში ჰყავდათ, თუმცა წამებისა და ტანჯვის მიუხედავად არ გატყდა, არ დათმო საკუთარი პრინციპები, არ გასცა საკუთარი მეგობრები და თავისუფლებისა მტრებზე სულიერი გამარჯვება მოიპოვა".
"საქართველო თქვენგან სწორედ ასეთ გმირობას მოელის, რადგან თქვენ ცხრა ძმა ხერხეულიძეების მემკვიდრეები ხართ; თქვენ მათი შთამომავლები ხართ, ვინც დიდგორის ბრძოლა მოიგო; თქვენ ის ქართველები ხართ, რომლებიც აღარასოდეს დამარცხდებიან. ჩვენ უკვე კარგად გავიგეთ, თუ რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი ქვეყანა, გყავდეს ძლიერი მეგობრები და გქონდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები.
ჯონ მაკკეინმა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს ერაყში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
"მოვა ის დღე, როდესაც ერაყელი ხალხი გაიგებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასს და ეს თქვენი დამსახურება იქნება. მოვა ის დღეც, როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხი მიხვდება, თუ რას ნიშნავს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება", - განაცხადა სენატორმა და ამერიკის პრეზიდენტის, სენატისა და ამერიკელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მეგობრებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სენატორ მაკკეინს იუბილეც მიულოცა და საჩუქრად, ქართული ხმალი გადასცა, როგორც მეგობრობის, სიძლიერისა და ერთად ყოფნის სიმბოლო.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური