Google+

რელიზები

10.01.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, ეს ფაქტი კონსტიტუციური სტაბილურობის მისაღწევად, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

"მინდა მივესალმო პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციათა თავმჯდომარეებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს და აღვნიშნო ამ საკანონმდებლო ცვლილების დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ საკოსტიტუციო ცვლილებებს ვაგრძელებთ. ამ ცვლილებებით სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რადიკალურად შემცირდა პრეზიდენტის ძალაუფლება, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ძალიან ცოტა ქვეყანაში იღებენ, ამას საქართველოს არაკეთილმოსურნეების გასაგონად, განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა. სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ეს წინგადადაგმული ნაბიჯია. აღნიშნული ცვლილებებით სასამართლოს ძალაუფლება გაფართოვდა და პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა, რადგან იგი ვეღარ დანიშნავს და მოხსნის მოსამართლეებს და იუსტიციის საბჭოს მუშაობაში აღარ მიიღებს მონაწილეობას. საბჭო კი უმთავრესად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ამან ერთის მხრივ, დამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს და მეორეს მხრივ, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის პასუხისმგებლობა აამაღლოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მოტივი და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად გამართვის მიზეზი არის ის, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთდროულად შეიცვალოს. ბევრი განმარტება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გატარდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ამას უკავშირებდნენ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ კალენდარს, სახსრების დაზოგვას. მთავარი მოტივაცია კი არის ის, რომ რაკი საქართველოში დემოკრატია ვითარდება, სადაც ხალხია ხელისუფლების მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი ძალა, რომელიც ხელისუფლების უკან დგას, სასურველია, ხელისუფლების ცვლა ან მისი დარჩენა ერთდროულად მოხდეს. საკონსტიტუციო ცვლილებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც შეეხო. აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2008 წელს ჩატარდება. ამ ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აჭარაშიც იზრდება.

მინდა შევეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონპროექტის მიღებას. ამ კანონთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრებები. ამ კანონით შენარჩუნებულია აჭარის ავტონომიურობა და გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს როლი აჭარის საკითხების გადაწყვეტაში. ამ ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო ოპოზიციამაც. მთელ რიგ მომენტებს ოპოზიციაც დაეთანხმა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა ვენეციის კომისიაში ექსპერტიზა გაიარა, დასკვნა იყო დადებითი. ამგვარად, ამ ცვლილებებმა ევროპის დემოკრატიის სფეროში ექსპერტიზა გაიარა და მოწონებაც დაიმსახურა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იმ პირობებშიც კი, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის, არჩევნებში მანდატი ერთმნიშვნელოვნად ნაციონალურ მოძრაობას მისცეს, ამ პირობებშიც კი, ჩვენთვის ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი მნიშვნელოვანი და არსებითად სასარგებლო ფაქტორია.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს მუდმივად აწარმოებს. ჩვენ მზად ვართ უშიშროების საბჭოს პარალელურად, შევქმნათ გაფართოებული უშიშროების საბჭო, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დავპატიჟებთ, მათ, ვისაც დიალოგის წარმოება და ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება სურს. უახლოესი წლები ისტორიული განვითარების თვალსაზრისით საინტერესოა, ხოლო უმძიმესია იმ პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით, რომელის ჩვენს ქვეყანას აქვს.

საქართველოს კონსტიტუციას დემოკრატიის კუთხით დახვეწა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უახლოეს წლებში ახალ კონსტიტუციას დაწერს. ამ კონსტიტუციას ბევრი ხარვეზი აქვს. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე ქვეყნის, ახალი უმაღლესი სტანდარტების კონსტიტუცია, სადაც დემოკრატიის პროცესი გაგრძელდება. შემდგომი კონსტიტუციური პროცესი შესაძლებელია იყოს წარმატებული, თუ იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ისეთ კონსტიტუციაზე, როგორიც უნდა ჰქონდეს თანამედროვე, ევროპულ და ხალხის ნებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)