რელიზები
07.02.2007
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპატიო სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დახვდა.
პრეზიდენტის ესკორტი აეროპორტიდან პარლამენტში გაემგზავრა, სადაც ილჰამ ალიევისა და მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
დღის განმავლობაში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, კერძოდ, გაიხსნა ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მშენებარე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და განახლებული მეტრო-სადგური „თავისუფლების მოედანი" დაათვალიერა. პრეზიდენტებმა რვამეტრიანი სტელა, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე "პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო" აწერია, საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო მოიცავს ტერიტორიას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "ლაგუნა ვერეს" კომპლექსიდან თბილისის შემოსასვლელამდე - დავით აღმაშენებლის ძეგლამდე. ხოლო "ლაგუნა ვერედან" ბაგრატიონის ძეგლამდე კვლავ ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იქნება. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუმრებმა, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, კარდეოლოგიური განყოფილება და გადაუდებელი დახმარების ცენტრი დაათვალიერეს.
ამავე დღეს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის სამმხრივი სამიტი გაიმართა, რომელზეც ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტს მოეწერა ხელი.
ამას გარდა სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის საზეიმოდ გახსნას დაესწრნენ.
აეროპორტის მშენებლობა თურქულმა კომპანია „ტავ"-მა დააფინანსა, რომელიც სამშენებლო კომპანია „ურბანთან" თანამშრომლობს. „ტავ"-ს თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 15 წლით გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური