რელიზები
12.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილმა სოფელ თამარაშენში გარე განათების სისტემის მონტაჟს ჩაუყარა საფუძველი. პრეზიდენტის განცხადებით, 23 ნოემბრამდე ლიახვის ხეობაში 1000 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში სპორტის სასახლის, კულტურული ცენტრისა და სპორტული მოედნების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოს შენობა მოინახულა, სადაც ადგილობრივი ქართველი და ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის, პრეზიდენტის საჩუქრის სახით, 100-100 ლარი დარიგდა.
მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული ქართულ-ოსური ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა და სურვილი გამოთქვა, რომ პატრიოტთა რიცხვი მომრავლდეს: „ქართველი პატრიოტი ეთნიკური ცნება არ არის. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მოქალაქეობრივი პოზიცია. ჩვენ ასეთი საქართველო უნდა შევქმნათ, სადაც იმდენი პატრიოტი იქნება, რამდენიც საქართველოს მოქალაქეა, მიუხედავად მათი წარმომავლობისა"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ქურთის საშუალო სკოლას ესტუმრა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. იგი ისტორიის გაკვეთილს დაესწრო, სადაც სპეციალურად ამ დღისათვის დამზადებული მუსიკალური რგოლი აჩვენეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეებთან საუბრისას ეთნიკური ოსებისა და ქართველების საუკუნოვანი მეგობრობა და მეფეთა ისტორიები გაიხსენა. „ეთნიკური ოსებისა და ქართველების მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო. კავკასიონის სახით, ბუნებამ ქართველ ერს მშვენიერი საზღვარი, კარიბჭე უბოძა. ნაკლებად განვითარებული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო ამ კარიბჭეს არ დაიცავს. ამ საზღვრის გადმოლახვა ყველასთვის ყოველთვის ცუდად დასრულდა. როდესაც გარედან ჩვენს ქვეყანას უყურებენ, წამოუდგენიათ, რომ ეს დიდი ტერიტორიაა, სადაც ორი მტრული ბანაკია დაპირისპირებული ერთმანეთთან და საუკუნეების განმავლობაში ებრძვიან და ეომებიან ერთმანეთს. თქვენ იცით, რომ სიტუაცია სხვაგვარადაა. ჩვენ ერთობლივი ცხოვრების და ისტორიის დროს, ბევრი სამარცხვინო ფაქტი გვქონდა, თუმცა ჩვენ ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს. არ მინდა გავაცალკევო ქართველები და ოსები, მათი ეთნიკური ნიშნით გაყოფას არ ვაპირებ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური