რელიზები
27.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ხოსე მანუელ ბაროზომ პრესკონფერენცია გამართეს.
"ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო თბილი ხდება. საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროკავშირს. აქტიურად ვახორციელებთ სამეზობლო პოლიტიკას და ბუნებრივია, კონკრეტული შედეგების მიღება გვსურს. ეს საქართველოს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციაში, კონფლიქტების მოგვარებასა და შეღავათიან სავიზო რეჟიმში გამოიხატება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება საქართველოს თავისფალი ბაზრის ქვეყნად ჩამოყალიბდეს.
"ჩვენ საქართველო ევროპულ ქვეყნად მიგვაჩნია და ვაცხადებთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაცია ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს. ასევე ვიზების საკითხიც განვიხილეთ. მარტში ამ საკითხს ექსპერტები განიხილავენ და ვიმედოვნებ, პროცესი დაჩქარდება", - აღნიშნა ხოსე მანუელ ბაროზომ.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ხოსე მანუელ ბოროზომ აღნიშნა, რომ იგი საქართველოში არასდროს ყოფილა და მოწვევისთვის მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დიალოგი გამართა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ ანდრის პიებალგსთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური