Google+

რელიზები

28.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიას ესტუმრა, სადაც ამჟამად გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მშენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და აღნიშნა, რომ "გურიაში აჭარის მსგავსი ეკონომიკური რევოლუცია უნდა მოხდეს, რისთვისაც კონკრეტული პრობლემური საკითხები სათანადოდ უნდა მომზადდეს". პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში გურიაში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მათი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი გამოიყო. მისი თქმით, გურიის რაიონის ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა წლის დამლევამდე დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად გზების მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რომან დალაქიშვილმა და გურიის გუბერნატორმა მიხეილ სვიმონიშვილმა მოინახულეს. როგორც მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, საჯავახო-ჩოხატაურის გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულდა, აგვისტოს დამდეგს ურეკი-ოზურგეთის მშენებლობა დამთავრდება, ხოლო ჩოხატაური-ქობულეთის მიმართულებით მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის დამლევამდეა დაგეგმილი.

ოზურგეთში, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება წყალსადენის მშენებლობა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, კურორტ ბახმაროში მიმდინარე წყალსადენის მშენებლობითვის კი ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამას გარდა, ოზურგეთში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულებასაც სპორტის დეპარტამენტი ოქტომბრისთვის გეგმავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)