მთავრობის სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. თავისი გამოსვლა მან კუნძულ ტექსელზე მომხდარ აჯანყებაში მონაწილე ქართველებზე საუბრით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა აჯანყების ერთ-ერთი ქართველი გმირი, ზუგდიდელი პოკრო გახარია გაიხსენა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ტექსელის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტექსელის აჯანყებას ევროპის ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„რამდენიმე ასეულმა შეუიარაღებელმა ქართველმა მებრძოლმა მრავალრიცხოვანი გერმანული გარნიზონი განაიარაღა და რამდენიმე თვის განმავლობაში გმირულად უწევდა წინააღმდეგობას ფაშისტურ ძალებს. მაშინ ქართველებმა განსაკუთრებულად იბრძოლეს. ამასთან, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო მათი უმნიშვნელოვანესი მისია. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ის ხალხი სათანადოდ არ დაფასდა - ბევრი მათგანი დაიჭირეს, გადაასახლეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ავიწროებდნენ და რომ არა რეზო თაბუკაშვილი, ტექსელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მივიწყებული თემა იქნებოდა. ამის დავიწყება კი არ შეიძლება, რადგან საქართველო გმირების ქვეყანაა",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პირველი რეფორმატორი ქვეყნის წოდებას ამართლებს და ეკონომიკურ წარმატებებზეც გაამახვილა ყურადღება. ეს განცხადება მან "ფიჩის" რეიტინგზე დაყრდნობით გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ სერიოზულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია, რაც საერთაშორისო რეიტინგით „ბი-ბი მინუსით" შეფასდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა სერიოზულად გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ წარმატებას თავად რუსებიც აღიარებენ.
„საქართველომ მთავარი ბიზნეს-პარტნიორი დაკარგა. ამ ვითარებაში მოვახერხეთ შეგვექმნა ისეთი ბიზნესკლიმატი, როგორიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს მთელ რეგიონში. ჩვენ ვებრძვით კორუფციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს აღიზიანებს. ეს ჩვენი მთავარი რესურსია ქვეყნის შიგნით. მოვახერხეთ ის, რომ მსოფლიო საინვესტიციო რეიტინგებში დავწინაურდით. ეს იმას ნიშნავს, რომ საბანკო კრედიტის პროცენტი შემცირდება და სესხების რაოდენობა მოიმატებს. ხალხი შეძლებს, რომ კრედიტით სახლები, ტრაქტორები შეიძინოს, სოფლის მეურნეობა განავითაროს, გადამამუშავებელი წარმოების შექმნას. მეტი ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში, ყოველივე ეს დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას შეიძენს. მთავარია, რომ ამ ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროცენტი გაიზარდოს, ხოლო ინფლაციის პროცენტი მაქსიმალურად მოვაქციოთ გარკვეულ ჩარჩოებში. მთავარი ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ეს კი ის შემთხვევაა, როცა მინუსი დიდ პლუსად გვეწერება. მინდა მოგილოცოთ ეს ეკონომიკური წარმატება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზეც ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა განაგრძოს რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა მთავარი ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაა. კონფლიქტის დარეგულირებაში საერთაშორისო საზოგადოება აქტიურდა უნდა ჩაებას. ცხინვალის რეგიონში მიღწეული წარმატება საქართველოს სხვა კონფლიქტურ ზონაშიც უნდა გავრცელდეს.
„სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სერიოზული მოლპარაკება მიმდინარეობს. ეს არ არის ფორმალობა, რადგან ჩვენი პარტნიორები - მოლაპარაკების მეორე მხარე ის ხალხი არ არის, ვისთანაც არასერიოზულად უნდა მოვეპყროთ. ეს სერიოზული ხალხია და მათთან საკითხების სერიოზული განხილვა გვმართებს.
ამ საკითხს დიდი სიფრთხილით, თუმცა თამამად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რეალურად აღვადგინოთ კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შორის, ყველა თემსა და სოფელს შორის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - არ არსებობს არანაირი ქართული და ოსური მხარე! ეს არა მარტო ტელევიზიებს, არამედ მთავრობის ზოგიერთ წევრსაც ეშლება. სოფლებში, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოსახლეობა ცხოვრობს. ისინი ჩვენთვის ერთნი არიან. კანცელარიაში შევქმენით ცალკე ჯგუფი, რომელსაც მოლაპარაკების პროცესში ურთიერთობა ექნება დროებით ადმინისტრაციასთან. თუკი ოსური მხარე არსებობს, ეს მხარე დროებითი ადმინისტრაციაა, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური