Google+

რელიზები

21.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

დღეს ქუთაისში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. მან მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში ირაკლი ცირეკიძეს ღირსების ორდენი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ ღამეს ზემო აფხაზეთში წარმატებით განხორციელებული სპეცოპერაციისათვის მადლობა გადაუხადა და მსგავსი შემთხვევების განმეორებისას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს სპეციალურ და ოპერატიულ სამსახურებს, ასევე პოლიციის რაზმების ძალზე ოპერატიული და ზუსტი მოქმედებისათვის მინდა მადლობა მოვახსენო.

თუ შენიშნეთ, ბოლო კვირებისა და თვეების განმვლობაში ეს მათი პირველი ზუსტი მოქმედება არ არის.

ასევე მინდა განვაცხადო, რომ იმ ხალხს, ვისაც პროვოკაციების მცდელობა აქვს და ამით ხალისობს, ამის სურვილი მალე დაეკარგება.

ზემო აფხაზეთში, იცით, რომ იყო რამდენიმე საარტილერიო დაბომბვა. უცხოელები ზემო აფხაზეთს ჯიუტად კოდორის ხეობას ეძახიან, თუმცა ეს არ არის კოდორის ხეობა. კოდორის და ჩხალთის ხეობა, ასევე მაროხის უღელტეხილი - ყველაფერი ერთად ზემო აფხაზეთია, რაც ტერიტორიით კოდორის ხეობაზე სამჯერ უფრო დიდია.

ზემო აფხაზეთზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. როდესაც საარტილერიო ცეცხლის გახსნით ვერაფერი გააწყვეს, რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა ვერტმფრენებმა დამომბეს.

მსგავსი ტიპის პროვოკაციები ხორციელდება როგორც ამ მიმართულებით, ასევე ცხინვალის მიმართულებითაც.

დღემდე ჩვენი არაკეთილმოსურნები თავიანთი გონებაშეზღუდულობის გამო ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენ აღარ ვთამაშობთ და მით უმეტეს - იაფფასიან თამაშებს.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი, კარგად ვართ მომზადებული და მოტივირებული იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ნორომალურად არსებობის საშუალებას მისცემს.

თუ ვინმეს სურს, რომ საქართველო გადააქციოს მუდმივად რაიმე სახის კონფლიქტურ ზონად, კბილებში ბევრად უფრო მძლავრად მოხვდებათ, ვადრე ოდესმე.

ჩვენი ერთობლივი მცდელობის შედეგად საკმარისზე მეტი გვაქვს ინსტრუმენტები მათ ჭკუაზე მოსაყვანად და მათთვის ადგილის მისათითებლად.

საქართველო არ დაუშვებს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას, რადგან საქართველოს სახელმწიფო ორგანოები საკმარისზე უკეთაა მომზადებული, რომ პასუხი გასცენ ყველა სახის პროვოკაციას.

ნუ გვეთამაშებით და გვეხუმრებით!

ტყუილად გგონივართ ადვილად შესაჭმელი ლუკმა, სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. არავის არ ვურჩევ ამ გზაზე სიარულს, რადგან ეს დამთავრდება იმით, რითაც უცხოელების მიერ გაწვრთნილი სოხუმური სპეცნაზის ზემო აფხაზეთის ხეობებში სიარული დასრულდა.

მე გაძლევთ განკარგულებას, რომ შემდგომში ყველა სახის შეიარაღებულ დივერსანტებსა და ტერორისტებს, შეიარაღებული თავდასხმით უპასუხოთ.

ისინი, ვინც განმუხურში ჯარისკაცები მოგვიკლეს, ზემო აფხაზეთი რამდენჯერმე დაბომბეს, გორში პოლიციის შენობა ააფეთქეს, ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად იტაცებენ და კლავენ, კლასიკური ტერორისტები არიან.

თუ მსოფლიოში ვინმეს სურს ქვიშაში ჩარგოს თავი და თქვას, რომ ეს ხალხი მეორე მხარეა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ჩვენ ვიცით ამ ხალხის ვინაობა - ეს ხალხი დივერსანტები და ტერორისტები არიან.

პოლიტიკური დიალოგის მუდმივი წარმოების ფონზე, დივერსანტებს და ტერორისტებს შეიარაღებული პასუხი უნდა გავცეთ.

ჩვენ პოლიტიკური დაილოგისათვის და ძალიან გაბედული სამშვიდობო გადაწყვეტილებებისათვის მზად ვართ, მაგრამ თუ ვინმეს უნდა საქართველოს დაშინება ტერორის მეთოდით, ნურას უკაცრავად. ეს აღარ არის შევარდნაძისდროინდელი, მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყანა.

ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, რომ ეს აღარ მოხდეს.

ძალიან კარგი, რაც გააკეთეთ! ასე გააგრძელეთ მომავალშიც.

მინდა მათ ვუთხრა, თუ შემდგომში რაიმე სახის მცდელობა იქნება პროვოკაციების განსახორციელების მხრივ, ყოველ ასეთ ქვედებაზე სამმაგ პასუხს მიიღებენ.

მინდა გავაფრთხილო ყველა მათთვის გასაგებ ენაზე - „Это только цветочки", ხოლო შემდეგ იქნება უფრო მეტი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)