Google+

რელიზები

16.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.

"უწინარეს ყოვლისა მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს იმ დელეგაციის საქართველოში მოწვევისათვის, რომელმაც მართლაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა ჩვენს ქვეყანაში სტუმრობით. სწორედ მისი უწმინდესობის ავტორიტეტის დამსახურებაა, რომ ამდენი გამოჩენილი სასულიერო პირი გვეწვია. ამ თვალსაზრისით, ამდენად დიდი სტუმრიანობა არასდროს არ გვქონია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გაეროს იმ რეზოლუციის თაობაზე გააკეთა, რომელიც დღეს ნიუ-იორკში მიიღეს.

"ეს პირველი ძალზე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით გვაქვს. გაეროს რეზოლუციაში პირველად გაჩნდა მკაფიო, არტიკულირებული ჩანაწერი დევნილთა დაბრუნების თაობაზე აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე და არამარტო გალში, როგორც ამას ადრე წერდნენ-ხოლმე. თანაც ჩანაწერში დაზუსტებულია მექანიზმები, რომელთა საშუალებით კონფლიქტის შედეგად გამოძევებული ხალხის ქონება უკვე დაცულია გაეროს რეზოლუციით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გადამთიელი (მათ შორის ბევრი თანამდებობის პირია, მაგალითად, კრასნოდარის გუბერნატორი), რომელიც სოჭიდან, კრასნოდარიდან ან სხვა რომელიმე ტერიტორიიდან შემოყოფს ცხვირს და აფხაზეთში ქონებას იყიდის, არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ, ამიერიდან, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც, თავის მხრივ, უმაღლესი საერთაშორისო სამართლებრივი აქტია. შესაბამისად, საქართველოს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, უფლება აქვს იმოქმედოს დარღვევის აღსაკვეთად მშვიდობიანი მანდატის ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მომხრე ვართ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციიდან განმუხურის ბანაკთან დაკავშირებით ყოველგვარი მინიშნება გაქრა. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციის შედეგია - ჩვენ ვთქვით, რომ ბანაკს არსად არ გადავიტანდით. ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და ვთქვით, რომ არასოდეს არ შევეგუებოდით აფხაზეთის დაკარგვას, თუმცა მინიშნებებს აკეთებდნენ და მიგვითითებდნენ კიდეც, რომ დევნილები როგორმე გადაგვენაწილებინა და აფხაზეთის დაბრუნებაზე ხელი აგვეღო. არც დევნილები და არც ქართული სახელმწიფო ამას არ შეეგუება. ჩვენ მრავალმხრივი კონსულტაციები ვაწარმოეთ და ყველას ნათლად ავუხსენით, რომ საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში პოლიტიკური გზით უნდა აღდგეს და ამასთან, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური გარღვევაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი მიღებაც გვსურს. შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გაეროსგან ვითხოვთ არის არა ზოგადად იმის თქმა, რომ ამ ხალხს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, არამედ იმის თქმა, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგითა და ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ამ წმენდის ჩამდენი ყველა პირის მიმართ. ამ მხრივ, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო დასრულდება მაშინ, როდესაც აფხაზეთში აღდგება მშვიდობა და როდესაც ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი საკუთარ კერას დადაუბრუნდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)