Google+

რელიზები

16.11.2007
ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პირადი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და ამ პოსტზე ახალი კანდიდატურა დაასახელა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის კანდიდატურას პარლამენტს უახლოეს საათებში წარუდგენს და იმედოვნებს, რომ მისი კანდიდატურა უახლოს დღეებში დამტკიცდება. საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ დაწყებული რეფორმები უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც ბევრად უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრეზიდენტმა პენსიების ეტაპობრივად გაორმაგება, პედაგოგთა ხელფასებისა და ზოგადად სოციალური დახმარებების მკვეთრი ზრდა და დასაქმების პროგრამის გაფართოება დაავალა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ლადო გურგენიძემ უნდა მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე განხორციელებული რეფორმების შედეგები.

"ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა რეფორმებმა კიდევ უფრო აქტიური ხასიათი შეიძინოს და კიდევ უფრო სწრაფად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის შენება და განვითარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი გამოუჩნდა და ჩვენი არაკეთილმოსურნეები ვერასდროს დაინახავენ მას წელში გატეხილს და უკან დახეულს.

"ჩვენი წარმატებები კიდევ უფრო ჩქარი ტემპით გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი შემოგვყურებს იმედის თვალით. ასევე ძალიან დიდი ძალებია დაინტერესებული, რომ საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ექსპერიმენტი, გარკვეულწილად, წარუმატებლობის ჭაობში ჩაეფლოს. ამას ვერავინ ვერ დაინახავს - ეს უკვე ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. ჩვენ ვიძენთ ახალ პრემიერ-მინისტრს, ე.ი. ვიძენთ ახალ ენერგიას, ახალ ძალას და სერიოზულ სტიმულს. ლადო გურგენიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც დასავლური განათლება და ინგლისში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ძალიან ექსტენსიური და დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული. მან, პრაქტიკულად, მკვდარი საბანკო სექტორის გაცოცხლება შეძლო. ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციები პირველად სწორედ მან გაიტანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ახლა სწორედ ასეთი წარმატებული მენეჯერი, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი სჭირდება.

თავის მხრივ ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, უპირველესად, ყურადღებას სოციალურ და დასაქმების პროგრამებზე გაამახვილებს. მთავარ ამოცანად იგი საზოგადოებას, ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას მიიჩნევს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და წინსვლა ემყარება.

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. საქართველოს პრეზიდენტი აკისრებს მთავრობას საკუთარი მოვალეობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე შეასრულოს.

მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ფრაქციებთან, რის შემდეგაც შეირჩევა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი მთავრობის წევრთა კანდიდატურებს 10 დღის განმავლობაში პრეზიდენტთან შეთანხმებით შეარჩევს. ამ პროცედურის დასრულებიდან 3 დღეში საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, ერთი კვირის განმავლობაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის წევრები თანამდებობებზე პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებიდან 3 დღეში უნდა დაინიშნონ.

პრემიერ-მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მთავრობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)