Google+

რელიზები

17.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს, კერძოდ, საგარეჯოს რაიონს ესტუმრა, სადაც მევენახეებსა და მეღვინეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ესაუბრა პრობლემებსა და საჭირბოროტო საკითხებზე. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე ახლდა, რომელმაც მევენახეებს, თავის მხრივ, დახმარება აღუთქვა. მიხეილ სააკაშვილმა გლეხებს დაუღალავი შრომისა და რთველის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყნის შენება, განვითარება და პროგრესი უნდა იყოს. პრეზიდენტი მევენახეებსა და მეღვინეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას დაპირდა.

"კახელმა გლეხებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, დაიცვა მამული და მტერი არ გააცინო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იგი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულ სიუჟეტსაც შეეხო, რომელშიც კახელი გლეხი ვენახს საკუთარი ხელით ჩეხდა. მან ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ სხვადასხვა ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ გასალაშქრებლად კახელი გლეხების ამხედრებას ცდილობდნენ. მისი თქმით, მთელი რიგი საინფორმაციო საშუალებები იყო მობილიზებული იმის ილუსტრირებისთვის, როგორ ჩეხავენ კახელები ვენახს. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ერთ-ერთმა გურჯაანელმა მეგობარმა მას განუმარტა, რომ ვენახი ხელით არ იგლიჯება და მისი ამოძირკვა მხოლოდ ბულდოზერით არის შესაძლებელი.

"ძალიან ყალბი და არაფრისმთქმელი იყო საგანგებოდ დადგმული სატელევიზიო სცენები. ვენახის ამოძირკვა სხვაგვარად ხდება, მაგრამ თუ შენი ულვაშა დამკვეთის გულის გახარება გინდა, შეგიძლია ესეც გაითამაშო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ წელს პირველად გადაამუშავა უფრო მეტი ყურძენი, ვიდრე რუსეთის მიერ გამოცხადებულ ემბარგომდე.

"ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი გარღვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს ", - თქვა მან.

სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო ათას ახალ ტრაქტორს შემოიყვანს. როგორც მან აღნიშნა, პირველი 350 ტრაქტორი დეკემბერში შემოვა. დღეს საქართველოში 3 ათასამდე ტრაქტორია, თუმცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და ამ თვალსაზრისით, მთელი ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად 7 ათასამდე ტრაქტორია საჭირო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დიდი პოტენციალი აქვს და ქართულ პროდუქციას შეუძლია, მსოფლიოს ბაზარზე სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის პროდუქციას. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მეტადგასავლიანი ყურძნის ჯიშების ნერგების შესაძენად დაგეგმილია მილიონ ლარამდე თანხის გამოყოფა. აღნიშული ნერგები კი გლეხების დაურიგდებათ.

პრეზიდენტმა ასევე ციტრუსების დიდ მოსავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, წელს ქართულმა ციტრუსმა მსოფლიო ბაზარზე თურქული ციტრუსების ნიშა დაიკავოს, რადგან თურქეთში ცუდი მოსავალია.

მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში გლეხებსა და მეღვინეებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე წარუდგინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პირველად სწორედ მევენახეებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებს წარუდგინა, რადგან, სააკაშვილის თქმით, ზურაბ ნოღაიდელის საქმეს ამიერიდან ლადო გურგენიძე გააგრძელებს.

"ზურაბ ნოღაიდელი ავად იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი გვერდზე გადადო, წლევანდელ რთველზე ბევრი იმუშავა და საამისოდ სპეციალური შტაბი გახსნა. მას ტოლი არც სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა დაუდო. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭიროა ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი ადამიანი, რომელსაც ექნება ფართო ხედვა და შეძლებს ქვეყანა ბევრად მეტი წარმატებისკენ წაიყვანოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა - ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იმიტომ შეირჩა, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ყოველგვარი "პატრონის" გარეშე მიაღწია წარმატებას. მისივე თქმით, ვლადიმერ გურგენიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს, რადგან მას საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის წინსვლის კონკრეტული პროგრამა აქვს შემუშავებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე საგარეჯოში კახელ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობაზე ესაუბრა. გურგენიძის თქმით, იგი სანახევროდ კახელია, მისი დედის წარმომავლობა გურჯაანიდან მოდის. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, მევენახეობის თვალსაზრისით, მას გარკვეული გამოცდილება აქვს და იცის, რამდენად დიდ შრომას უკავშირდება ყურძნის მოყვანა.

"ქართულ ღვინოს მსოფლიოში დიდი პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთი ღვინის კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვარგარეთ, კერძოდ უკრაინაში უფრო მეტი იყიდება, ვიდრე - საქართველოში, რაც ქართული ღვინის წარმატებაზე მიუთითებს", - აღნიშნა გურგენიძემ და დასძინა, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაში იყიდება, სამომავლოდ კი, ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენი ღვინის მსოფლიო გეოგრაფია უფრო მეტად გაფართოვდება.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ვენახის დაზღვევის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არ შეიძლება, გლეხი ბუნებრივ მოვლენებზე იყოს დამოკიდებული: "არსებობს გარკვეული რისკი და ამის გათვლა სავსებით შესაძლებელია. ეს რისკი, გლეხებთან ერთად, სახელმწიფომ და კერძო სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაიზიარონ", - აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სადაზღვევო ბაზრის იმ დონეზე განვითარებას ავალებს, რომ სტიქიური მოვლენებისგან ვენახის დაზღვევა მასობრივად განხორციელდეს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვენახის ფალსიფიცირებული წამლის იმპორტირების თავიდან ასაცილებლად, ვენახის წამლის ხარისხზე უმკაცრესი კონტროლი უნდა დაწესდეს, რადგან ფალსიფიცირებულ წამალს მევენახეებისთვის დიდი ზარალი მოაქვს. სააკაშვილის თქმით, გაზაფხულზე სახელმწიფო მაღალი ხარისხის წამალს შემოიტანს და მევენახეებს დაურიგებს.

"ფალსიფიცირებული წამლის შემოტანა დიდი დანაშაულია და ამის გამკეთებელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ დღეებში ჩვენი ქვეყანა არჩევანის წინაშე იდგა - ან გააგრძელებდა სვლას მომავლისკენ ან დაბრუნდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ საქართველოს უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გააჩნია.

"ჩვენ საშინელი დრო გამოვიარეთ. მე კარგად მახსოვს, როგორ დავდიოდით იმ პერიოდში ჩაბნელებულ კახეთში და როგორ აყაჩაღებდნენ ადამიანებს გზებზე. ხალხი, ვისაც ჩვენი უკან დაბრუნება სურს, იმ პერიოდში თავს უკეთ გრძნობდნენ და იმ მოვლენებში მონაწილეობისას ახდენდნენ თვითრეალიზებას; მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკან დასაბრუნებელი გზა საქართველოს აღარ აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ სწორედ წესრიგის დასამყარებლად გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა გადადგამდა.

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ კი არ მოგვიწოდებია, ჩამოდით კარვები გაშალეთ, მიტინგი მოგვიწყვეთ, თქვენს საქმე მოწყდითო[...] ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ხალხი თავის საქმეს აკეთებს, მთავრობამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათ პრობლემები არ შეექმნას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში დიდი არეულობის იმიტაცია შექმნეს და რომ არა ხელისუფლების დროული მოქმედება, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხებოდა.

"შიდა დესტაბილიზაცია ვერ გამოიწვიეს და ახლა გარედან მოგვადგნენ. ცდილობენ აჩვენონ, რომ საქართველო არეული ქვეყანაა და ამიტომ, არც მისი ღვინო არ უნდა იყიდოს ვინმემ, არც ფული არ უნდა ჩადოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა პროვოკაციას საქართველომ სიმშვიდითა და საქმისადმი უფრო გულმოდგინე დამოკიდებულებით უნდა უპასუხოს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო მსოფლიოს დაანახებს, რომ ღირსეული და შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც ხელს ვერავინ ახლებს; მაგრამ თუ ვინმე მაინც გაბედავს ქვეყნის ხელყოფას, სახელმწიფოსგან საკადრის პასუხს მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სატელეფონო საუბრების მოსმენისა და გამოქვეყნების თემას დაუთმო. მან აღნიშნა, რომ იგი პირადად იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში თვითნებურად ვერავინ ვერ ჩაერიოს. მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ იმ ადამიანების სატელეფონო საუბრებს უსმენენ, რომლებიც ქვეყნის მტრებს საქართველოს დაქცევის შესახებ უამბობენ. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნერვიულობა იმის თაობაზე, რომ ყველას უსმენენ, უსაფუძვლოა და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ, საფრთხე არ შეექმნებათ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ვარ გარანტი იმისა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებასა და მათ საქმიანობაში არავინ არ ჩაერიოს და კონტროლი არ დააწესოს. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებისგან შედგენილი კომისია მოვიწვიოთ და ვაჩვენოთ, როგორ ხორციელედება ყოველივე ეს; მაგრამ თუ ვინმეს სამშობლოს გაყიდვა, დანგრევა და კრიმინალის ჩადენა სურს, ნუ ეწყინება, თუ სახელმწიფო საკუთარ თავს დაიცავს და ამის შესახებ მოსახლეობას ამცნობს. მათ ჰგონიათ, რომ თავად ბოროტები არიან, ჩვენ კი - კეთილები. ჰგონიათ, რომ ბოროტი რასაც იკადრებს, იმას კეთილი ვერ შეძლებს. ბოროტის ძალაც ამაშია. ნურას უკაცრავად! დემოკრატიული სახელმწიფოს კანონებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ვერავინ ააფეთქოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საგარეჯოდან მიხეილ სააკაშვილი ყვარელში გაემგზავრა, სადაც ილია ჭავავაძის 170-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ილიას განახლებული სახლ-მუზეუმი გახსნა და დავით დოიაშვილის სპექტაკლს დაესწრო. მოვიანებით კი, საკონცერტო სცენიდან საზოგადოებას მიმართა.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან პირველად, სწორედ კახეთიდან, ილია ჭავჭავაძის საგვარეულო ეკლესიის ეზოდან მიმართავს საზოგადოებას. "მინდა თქვენს თვალებში დავინახო ჩვენი მომავლის, ერთიანობის, სიძლიერისა და მომავალი გამარჯვებების ნაპერწკალი." - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილთ.

მან აღნიშნა, რომ წინა მთავრობას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი არ აღელვებდა. მისი თქმით, ქვეყანას არ ჰქონდა სახელმწიფო აპარატი, ის არც ინფრასტრუქტურის განვითარებზე ზრუნავდა, ნადგურდებოდა განათლება და გაბატონებული იყო მექრთამეობა და კორუფცია.

„ჩვენ და თქვენ, ილიას დანაბარების შესაბამისად, დავიწყეთ იმის შექმნა, რაც ილიას არ ჰქონდა. ილიას ჰქონდა სიბრძნე, ილიას ჰქონდა რწმენა რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ილიას დროს ჩვენ არ გვქონდა მთავარი რამ, ქართული სახელმწიფო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, მოღალატეების კლასი უკვდავია და მათ იგივე სახეები აქვთ, როგორიც დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭვაძის დროს ჰქონდათ.

"ბოროტებას საქართველოში აქვს სახელი და გვარი და მის შესახებ ყველაფერი ვიცით. ერთი მილიარდი დოლარიც რომ დახარჯო და ქართველი ხალხის ყიდვა სცადო, არაფერი გამოგივა, რადგან უნდა გესმოდეს, რომ ქართველ ხალხს მსგავს მოვლენებსა და ადამიანებზე სწორი რეაქცია აქვს", - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ დამანგრეველ ძალას საქართველოში ყოველთვის საწინააღმდეგო ძალა დახვდება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ, როგორც არასდროს ახლოს ვართ დავით აღმაშენელის, ჩვენი ერთიანობის ეპოქაში დასაბრუნებლად.

„კარგად ამბობდა ილია ჭავჭავაძე: არსებობს ხალხი, რომელიც მუდმივად მოსთქვამს წარსულზე და იმედი არ აქვს და არსებობენ ადამიანები რომლებიც, დღევანდელ ყოფიერებაში ხედავენ უკეთეს მერმისს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)