29.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, იან კუბიშს შეხვდა
„თქვენი ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ინტენსიური თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იან კუბიშთან გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. იმსჯელეს ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას იან კუბიშმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. მისივე თქმით, აუცილებელია, ნატო-ს ბუქარესის სამიტადე საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სწორი გზავნილების მიწოდება.
ნინო ბურჯანაძემ სტუმარს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. იან კუბიშმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადაზე ადრე გაუქმების ფაქტი და განაცხადა: „აღსანიშნავია თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო როლი საქართველოში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების პროცესში".
შეხვედრაზე 2008 წლის 5 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრეს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა თანაბარ პირობებში წარმართოს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების სურვილი - რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწროს 5 იანვარს დანიშნულ არჩევნებს. „მივესალმებით თქვენი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მოწვევის ფაქტს და ვიმედოვნებთ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შეუქცევადობისა", - განაცხადა იან კუბიშმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური