რელიზები
25.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშენკოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშენკოს შეხვდა.
„ჩემი ვიზიტით სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული საქართველოს კეთილდღეობით. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარების გარანტიაა.საქართველოს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი საკითხები თავად ქართველებმა უნდა გადაჭრან", - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმარს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა:
„ჩვენი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო პერიოდს ღირსეულად გავივლით და ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიულ ფასეულობებს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„უკრაინა სერიოზული წინსვლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური