რელიზები
17.03.2008
სქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო, ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრები. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს ნიუ-იორკში 17 მარტს დაიწყებს. იგი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ლინ პასკოს.
18 მარტს მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრება. იმავე დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ „სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტთან ბეკი ანდერსონთან.
19 მარტს მიხეილ სააკაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს. მოგვიანებით კი, საქართველოს პრეზიდენტი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით წარსდგება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან - კონდოლიზა რაისთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეითსთან.
20 მარტს იგეგმება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთუბული შტატების ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში 21 მარტს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური