რელიზები
18.04.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონელ კოლეგას ლეხ კაჩინსკის, აშშ-ს სენატორებს ჯონ მაკკეინსა და რიჩარდ ლუგარს ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებთან ოფიციალური ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი თავის პოლონელ კოლეგას ლეხ კაჩინსკის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს - ჯონ მაკკეინსა და რიჩარდ ლუგარს ტელეფონით ესაუბრა.
ლეხ კაჩინსკიმ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციათა მსგავსად , ისიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
სააკაშვილთან საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მან ევროპასა და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ნაბიჯების დაგმობისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ვერ მივცემთ რუსეთს უფლებას ირწმუნოს, რომ მას ყოველგვარი უფლება აქვს განახორცილოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს. იმედი მაქვს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ეუთო და გაერო, ჩვენთან ერთად მკაცრად დაგმობენ რუსეთის ამგვარ ქმედებას", - აღნიშნულია მაკკეინის განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა რიჩარდ ლუგარმაც და საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამერიკელ სენატორს მიაჩნია, რომ რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური