Google+

რელიზები

26.05.2008
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადი მიძღვნილი აღლუმი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი ზუსტად 11 საათზე დაიწყო. აღლუმი, რომელსაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. აღულმში 2 600 სამხედრო და 90 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

აღლუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის თბილისში სპეციალურად აღლუმზე დასასწრებად ჩამოსვლისთვის.

აღლუმს, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა:

"გამარჯობათ ბატონებო!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს თავისუფლების, საქართველოს ერთიანობის, საქართველოს დიდებული მომავლის, ევროატლანტიკური მომავლის სიმბოლო იყოს; საქართველოს თავისუფლების, საქართველოს თითოეული ოჯახის უკეთესი ცხოვრების, უკეთესი განათლების, უკეთესი ჯანდაცვის, უკეთესი სოციალური ყოფის, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების სიმბოლო!

დღეს, ძალზე რთულ საერთაშორისო ვითარებაში, საქართველოს გვერდით დადგა მთელი მსოფლიო.

მინდა სოლიდარობის გამოსახატავად და ჩვენს მხარდასაჭერად, მთელი ევროპის პოზიციის გამოსახატად სიტყვა მივცე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და საქართველოს უდიდესი მეგობრის სახელმწიფოს მეთაურს, ჩვენს მოკავშირეს, გმირი ერის, განსაკუთრებული ერის, პოლონელი ერის წარმომადგენელს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის."

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მისასალმებელი სიტყვა ლეხ კაჩინსკიმ წარმოთქვა და ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და აქ შეკრებილ საზოგადოებას.

დღეს თქვენი დამოუკიდებლობის დღეა, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ურთულეს პირობებში მოიპოვეთ.

გილოცავთ ამ დღეს!

ეს გამოცდილება აქვს პოლონელ ხალხსაც.

თქვენ შეიძლება იმედიც დაგეკარგათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

მინდა მოგილოცოთ ბოლო არჩევნები, რომელიც მართალია გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

ეს არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი და ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი.

საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი და, უპირველეს ყოვლისა, მინდა განვაცხადო, რომ თქვენ პოლონეთი გიცხადებთ სოლიდარობას.

ასევე მინდა სოლიდარობა გამოგიცხადოთ სხვა საკითხებშიც.

საქართველოს აქვს ისტორიულად განუყოფელი ტერიტორია და არავის არა აქვს უფლება ამ ტერიტორიის მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოს გაერთიანებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

უწინარესად უნდა ვიყოთ თამამი, თუმცა არ უნდა გადავაბიჯოთ გარკვეულ ზღვარს.

არის კიდევ ერთი საკითხი - გზა ევროპისკენ - პოლონეთი ამ შემთხვევაშიც სოლიდარობას გიცხადებთ.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ურთიერთობას საქართველოსთან, უკრაინასთან, ლიტვასთან, აზერბაიჯანთან, ესეც არის გზა ევროპისკენ.

ეს არის გზა ჩვენი ერთობლივი უკეთესი ცხოვრებისკენ; ეს არის ის გზა, რომლის თაობაზეც ილაპარაკა პრეზიდენტმა სააკაშვილმა - უკეთესი ცხოვრება, ჯანდაცვა, განათლება და სხვა.

ღმერთმა ჩვენ მოგვცა მიწა, ადგილი პოლიტიკურ რუკაზე, ჩვენ შევძლებთ, რომ მომავალში ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.

გისურვებთ წარმატებებს!"

მას შემდეგ რაც სამხედრო აღლუმი დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის და მიესალმა ათასობით ქართველ ჯარისკაცსა და რეზერვისტს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ საქართველოს სიმშვიდეს, საქართველოს მომავალს, თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს შთამომავლობას.

"მინდა დავპირდე მთელ საქართველოს, რომ შემოტევების, ზეწოლისა და ხრიკების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე გაიმართება წელში, აუცილებლად გამთლიანდება და გაერთიანდება.

საქართველო აუცილებლად დამიბრუნებს მთელ მის ტერიტორიას და იქნება ერთიანი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა ეთნიკური წარმომადგენლის, ყველა ჩვენი ძმის - ოსების, აფხაზების გასახარად, რადგან საქართველო ყველა ამ ჯგუფის წარმომადგენელს ეკუთვნის.

საქართველოში დამკვიდრდება მშვიდობა, ის გახდება ერთიანი და საბოლოოდ დადგება ფეხზე!

გილოცავთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!"

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონიძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტმა ამ სიტყვებით დაასრულა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)