პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის წევრები შევკრიბეთ იმისათვის, რომ აღმშენებლობის პროგრამებზე, სტაბილიზაციის 18-თვიან გეგმაზე, ამ გეგმაზე პასუხისმგებელ პირებზე გავანაწილოთ ფუნქციები და მოვიკითხოთ თუ როგორ მიმდინარეობს გეგმის შესრულების პროცესი.
ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ძალიან დიდი დარტყმა - საქართველომ გადაიტანა არნახული მასშტაბის აგრესია. ძალიან ბევრი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებდა. ეს რომ ორი წლის წინათ მომხდარიყო, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო აპარატიც დაიშლებოდა და მისი სახელმწიფოებრიობაც.
ახლა ჩვენმა ქვეყანამ გაძლო. ეს იყო დაუნდობელი და მასიური შემოტევა ჩვენი ხალხის, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებისა და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ.
საფრთხე დღესაც არსებობს, ოკუპანტები იმყოფებიან ჩვენი ტერიტორიების სტრატეგიულ ნაწილებში.
საფრთხე და მუქარა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან ისმის, უპრეცენდენტოა და გამოირჩევა თავხედობითა და ცინიზმით, რიტორიკითა და სხვადსხვა სახის მუქარით, რასაც დანარჩენს მსოფლიოსთან ერთად, სერიოზულად უნდა აღვიქვამდეთ.
იმ პირობებში, როდესაც მტერს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ამოცანაა მივხედოთ დაზარალებულებს, აღვადგინოთ დანგრეული ქვეყანა და ფეხზე დავაყენოთ ერი.
მთელი მთავრობის და სახელმწიფო აპარატის, ასევე ყველა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მთავარი ამოცანაა, უპირველესად, მივხედოთ დაზარალებულებს, სახლ-კარ დანგრეულ ადამიანებს, მათ, არა მარტო სახლები, არამედ სამუშაო ადგილები, შემოსავალი და ელემენტარული არსებობის წყარო დაკარგა.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა ამ ინტერვენციამდე და აგრესიამდე. ასევე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ საქართველოს სრული აღმშენებლობის, აღდგენის ფეხზე დაყენების პროცესზე, საქართველოს მომავალზე და მის განვითარებაზე უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში.
პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ აღმშენებლობაზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა წარვმართოთ, რათა ჩვენი ქვეყანა და ხალხი უფრო გაძლიერებული გამოვიდეს ამ ვითარებიდან - დაძლიოს აგრესიის, ომისა და შემოტევის შედეგები.
პირადად მე და მთელი მთავრობა მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვმუშაობთ და უფრო სწრაფი ტემპით ვიმუშავებთ იმაზე, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ ყველას, ვისაც ეს დახმარება ჰაერივით სჭირდება.
ჩვენთვის ახლა მთავარია დავიბრუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.
ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ომი და აგრესია აღარ გამეორდეს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, რათა საქართველო დაგვეცვა ამ დიდი აგრესიისაგან. ახლა ერთიანი ძალით უნდა ვიშრომოთ, რათა ჩვენი ქვეყანა დავიცვათ.
როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა ჩვენ ერთ მუშტად შევიკარით, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა და უწყებებმა გვერდზე გადავდეთ არსებული აზრთა სხვადასხვაობა, ყოველგვარი კითხვები და ერთად დავდექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.
ახლა კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანად და შეუქცევადად წარმატებულ, ერთიან მექანიზმად ქცევა.
ჩვენ ჯერაც ვითვლით იმ ზარალს, რომელიც ქვეყანას რუსული აგრესიის შედეგად მიადგა.
ჩვენ გვყავს ათობით ათასი ადამიანი, რომელსაც მთლიანად დაუნგრიეს, წაართვეს ან სერიოზულად დაუზარალეს სახლ-კარი, ასობით ბიზნესი მკვეთრად დაზარალდა და ათასობით ბიზნესს ირიბად შეეხო ყოველივე ეს, ჩვენ გვაქვს დანგრეული ხიდები, გზები, მომსპარია ინფრასტრუქტურა, გასარემონტებელი გვაქვს ბინები.
ახლოვდება ზამთარი და მთავრობას დავუსახე ამოცანა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს, სახლის, სახურავისა და სითბოს გარეშე.
რეკონსტრუქცია სჭირდება სკოლებს, საბავშვო და ბაგა-ბაღებს, აღდგენა სჭირდება სოფლის მეურნეობას და მის ინფრასტრუქტურას, უნდა ამუშავდეს ყველა საწარმო, რომელმაც შეწყვიტა ფუნქციონირება, ასევე უნდა ვიმუშავოთ იმ საკითხზე, რომ საწარმოები, რომელთა გახსნაც იგეგმებოდა, აუცილებლად გაიხსნას. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ახალი საწარმოო სიმძლავრეები წარმოიქმნას.
სრული ციკლით უნდა აღდგეს მომსახურების, ვაჭრობის და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სამსახურების ფუნქციონირება. ამ მხრივ, ვფიქრობ, პრობლემა აღარ გვაქვს და სახელმწიფო სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობს.
ჩვენ დავიწყეთ აღმშენებლობა ტყვიების ზუზუნშიც კი.
განსაკუთრებით ვაფასებ იმ სახელმწიფო მოხელეების გმირულ საქციელს, რომლებიც არ შეშინდნენ მომხდარის გამო; ვაფასებ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, ასევე რკინიგზის დეპარტამენტის და მისი ხელმძღვანელის მუშაობას, რომელიც დანაღმულ ობიექტებზე შევიდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რამდენჯერმე მოახერხა მოძრაობის აღდგენა.
პირადად ვეცნობი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს - ტემპი მართლაც მაღალია, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გვჭირდება მოქმედება; ჩვენ კიდევ უფრო დიდი ფრონტი უნდა გავშალოთ, რადგან არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
ჩვენ გვაქვს 18-თვიანი გეგმა და ამ 18 თვეში ჩვენი ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ომამდელ მდგომარეობას. მთელი ინფრასტრუქტურა, ყველა დანგრეული სახლი და, რაც მთავარია, ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს იმავე ტემპით, რა ტემპითაც ვითარდებოდა ომამდე.
ერთი რამ სრულიად ნათელია, რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც ნავთობიც აქვს და ბუნებრივი გაზიც, განუზომლად დიდი ზიანი მიადგა და უფრო მეტი ზარალი ნახა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკამ. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, მათ შორის, თავად რუსეთიც.
თუმცა, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს რუსეთის ზარალი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დადგეს ფეხზე, ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ და უწინდებურად გააგრძელოს წინსვლა.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება ვინმემ დაგვაბრუნოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც 92-93 წლებში ჩაგვაგდეს. მაშინ ქვეყანა მოიშალა, ხალხი გაღარიბდა, ყველაფერი დაინგრა და ქვეყანაში შიმშილი და სრული უპერსპექტივობა სუფევდა.
ჩვენ ეს დაგვიპირეს, სწორედ ეს სცენარი დაგვიწერეს. წინასწარ პროგნოზებშიც, როდესაც რუსები ჩვენთან საომრად ემზადებოდნენ, ამბობდნენ, რომ საქართველოს დააბრუნებდნენ 93-94 წლებში. ამას ვერ ეღირსებიან!
ჩვენი მწყობრი მუშაობის და ხალხის ერთიანობის შედეგად, ამას ვერავინ ვერ მიაღწევს.
ვანო მერაბიშვილს ვავალებ აღდგენითი საუშაოების კოორდინაციას, უსახლ-კაროდ დარჩენილების განთავსებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას. ღირსეული პირობების შექმნა გულისხმობს არა მხოლოდ სახლების მშენებლობას, არამედ, ფინანსური კომპენსაციის პაკეტის შექმნას - თუ ვინმემ ძროხა დაკარგა, მას ძროხა უნდა მივცეთ, ვიღაცას სატრანსპორტო საშუალება მოუშალეს, ზოგიერთები ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა გამოვიდნენ სახლიდან და ჩასაცმელი აღარა აქვს... ყოველივე ამის მოგვარება მთავრობის ფუნქციაა და მთავრობის კოორდინაციის საქმეს ამ თვასაზრისით, ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.
ამავე დროს სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან გვქონდა ერთიანი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის წინადადება.
ამ ოპოზიციურ ჯგუფებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს იმის თაობაზე, რომ ანტიკრიზისულ საბჭოში წარმოდგენილი იყოს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით მივესალმებით იმას, თუ ამ საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩვენ გვსურს, რომ ამ საბჭოს ჰქონდეს განსაკუთრებული აღმასრულებელი დელეგირებული ფუნქცია, ხელმოწერის უფლება შემოსული დახმარებების განაწილებაზე, რათა საზოგადოებაში არავის არ გაუჩნდეს ამ დახმარების არამიზნობრივად ხარჯვის, ან საერთოდ, მისი მოპარვის ეჭვი.
ამიტომ, გთხოვთ, რომ ამ კომისიასთან იმუშავოს ყველა მინისტრმა, მოადგილეებმა, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა.
კომისიის მუშაობა უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე. ოპოზიციას მივცეთ სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად, რას და როგორ ვაპირებთ; უზრუნველყავით მათი გადაადგილება, რათა ყველგან შეძლონ მისვლა.
ზოგიერთი მათგანს, ზუსტად იმ ხალხს, რომელიც ბევრ საკითხში არ გვეთანხმება, დღესაც სახელმწიფოებრივი პოზიცია უკავია და მათგანაც ძალზე ბევრ ინფორმაციას ვიღებდი.
ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება მიიღონ აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში.
ვფიქრობ, ამ ომმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. დაგვანახა ჩვენი ხალხის ღირსება, დაგვანახა ჩვენი სახელმწიფოსა და მისი აპარატის ძლიერი მხარეები, ძალზე ნათლად დაგვანახა ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომხდარიდან ზუსტი დასკვნა გავაკეთოთ, რაც ძლიერი გვაქვს კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ხოლო რაც გამოსასწორებელია სასწრაფოდ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში გამოვასწოროთ.
მინდა გვესმოდეს, რომ რუსეთის პირველმა თავდასხმამ ვერ მიაღწი მიზანს - ჩვენი სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია, ჩვენი ეკონომიკა გადარჩა, ჩვენი ჯარი შენარჩუნებულია. თუმცა რუსეთის მიზანი იყო სწორედ ამ ინსტიტუტების განადგურება იყო.
რუსეთი ჩათვლიდა, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწია, თუ საქართველო დაინგრეოდა, თუ ჯარი განადგურდებოდა, თუ ქართველი ხალხი დაიჩოქებდა და 1921 წელი თუ არა, მინიმუმ, 92-93 წელი მაინც გამეორდებოდა.
საფრთხე იმაშია, რომ დღეს რუსეთის ისტებლიშმენტი მიიჩნევს, რომ მათ არა მარტო არ გაიმარჯვეს და საქართველოს საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს, არამედ სერიოზული ზარალი მიადგათ.
სწორედ ამიტომ ისმის მუქარა, ლაპარაკობენ ახალ შეიარაღებაზე, გაძლიერებაზე, ჯარის გაზრდასა და ახალ აგრესიულ პროექტებზე.
ჩვენ ვიმყოფებით მშვიდობიანი ბრძოლის დასაწყისში.
ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა, ეს არის რუსეთის აგრესიული, ნეოიმპერიალისტური, გააფთრებული მანქანის დაპირისპირებაა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან.
ჩვენ ვართ ცივილიზაციის, მშვიდობის, აღმშენებლობის, საერთაშორისო სამართლის მხარეს; ისინი კი უკანონობის და პრობლემების შექმნის მთავარი ინიციატორები არიან.
ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უბრალოდ შავი მეკობრის დროშა აღმართეს, გავიდნენ ზღვაში და აცხადებენ, რომ აღარაფერს ცნობენ და გზად არავინ არ უნდა გადაეყაროს, თორემ ამ შავი დროშის ქვეშ იმას გააკეთებენ, რასაც, ჩვეულებრივ, მეკობრეები აკეთებენ.
ამ ქმედებას პერსპექტივა არა აქვს - ასეთი მეკობრეები ცუდად ამთავრებენ.
ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი პატარა ნავი ზღვაში ერთი ერთზე მარტო არ შეეჯახოს ამ მეკობრეთა გემს.
ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და ერთიანები; უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოოდ, ჩვენ გავიმარჯვებთ.
უნდა შევინარჩუნოთ ყოველივე ის, რაც გვაქვს და მასზე ავაშენოთ ბევრად უფრო მყარი ზედნაშენი იმისათვის, რომ ნებისმიერი მსგავსი რისკისგან, ნაკლებად დავზარალდეთ.
ეს ომი ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ მისი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ბევრ რაიმეზე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ და ყველა საკითხი განვიხილოთ.
პარლამენტს, ოპოზიციას, საზოგადოების წევრებს აქვთ გარკვეული კითხვები ამ ომთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ბევრ დეტალი საჭიროებს დამატებითი ინფორმაციას.
ვფიქრობ, ეს სამართლიანი კითხვებია და თითოეულ მათგანს უნდა გაეცეს პასუხი, რისთვისაც მზად ვართ.
მივესალმები იდეას, პარლამენტში შეიქმნას მომხსენებელთა ჯგუფი, გავხსნათ მთელი ინფორმაცია და არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
სხვათა შორის ეს საკითხი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად განვიხილე. ეს არა ჩემი, არამედ მათი იდეა იყო და მივესალმები ოპოზიციიდან წამოსულ ამ ინიციატივას. მომხსენებელთა ჯგუფში უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელიც.
ვიმედოვნებ, რომ მომხსენებლები იმუშავებენ სწრაფად, ეფექტიანად, ამომწურავად და არც ერთი, თუნდაც პატარა კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი.
იმედი მაქვს, გაიმართება შესაბამისი მოსმენები, დებატები, გამჭვირვალე საპარლამენტო პროცესი - ჩვენ ვართ დემოკრატები, ხოლო დემოკრატები ყველაფერს ღიად აკეთებენ.
რუსეთისგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, ხოლო ყველა დანარჩენი ამ თუნდაც ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას კრიტიკის გარეშე ღებულობს.
ჩვენი სიძლიერეა ის, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დიდხანს ვათანხმებთ, ხოლო შემდეგ, ყველა გარემოების, მოვლენის, თუნდაც მტრის თავდასხმის თაობაზე დიდხანს ვაბარებთ ანგარიშს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენში არ არსებობს საკითხი, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რადგან ეს საზოგადოების საარსებო ინტერესებს შეეხება.
ჩვენ გვინდა, რომ ყველა მასალა და სამხილი, რომელიც საკმარისზე მეტი გვაქვს, გადავცეთ საპარლამენტო და არასამთავრობო სექტორს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ საკითხის დამოუკიდებელი საერთშორისო შესწავლის მომხრე ვართ.
რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტი ფაქტი აშკარავდება, მით უფრო მეტად დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. რუსეთს ჰქონდა გამზადებული ვერსია, მაგრამ რაც უფრო მეტი სინათლე შემოდის ამ ყველაფერში, მით უფრო ნათელია, რომ საქართველო სრულიად არაპროვოცირებული, თავხედური, თავზეხელაღებული რუსული აგრესიის ობიექტი გახდა და ამ სიმართლეს საერთაშორისო დონეზე დავამტკიცებთ.
ჩვენ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ეს უნდა ჩაიწეროს ისტორიაში.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მსგავსი ქვეყანა სამართლიანი, მშვიდობიანი მეთოდების გარდა, მით უმეტეს, დიდ, თუნდაც ძალზე არათანამედროვე, მაგრამ თავზეხელაღებულ სახელმწიფოსთან, შედეგს ვერ მიაღწევს.
ჩვენ მივაღწიეთ მთავარ შედეგს - საქართველოს სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, საქართველოს შეიარაღებული ძალები გადარჩა და, რაც მთავარია, გადარჩა საქართველოს ეკონომიკა, რომელიც გააგრძელებს განვითარებას.
ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენოთ, რათა ვერავინ ვერ შეძლოს მიტაცებული და ოკუპირებული ქართული მიწის ერთი მისხალის დაკანონება, თუნდაც ერთი სახლის და ერთი კვადრატული მეტრი მიწის უკანონოდ გადაფორმება.
მე ვთხოვე საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყველანაირი ქონების გადაცემა-გადმოცემა უკანონოდ ითვლება და ბათილად ცხადდება.
ჩვენ მხრში გვიდგას ძალიან ბევრი მოკავშირე ქვეყანა, რომელიც მზადაა გაიზიაროს ჩვენი პოზიციები. ეს ქვეყნები განსაზღვრავენ მსოფლიო ეკონომიკის სახეს.
ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ტერიტორიაზე უკანონო ტანზაქციების, კონტრაქტების, მიტაცებისა და გადაადგილებების ზუსტი სია გვქონდეს. საქართველოს ყოველი კვადრატული მეტრი ჩვენი ტერიტორიაა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, საერთაშორისო სამართლის ყველა პასუხისმგებელმა სუბიექტმა დაადასტურა. ეს საერთაშორისო განხილვის მთავარი თემა გახდა და არ არის მეათე, ან მეასეხარისხოვანი საკითხი, როგორც ეს რამდენიმე წლის წინათ იყო.
საბოლოოდ, საქართველო ამ ვითარებიდან გაძლიერებული გამოვა.
უახლოეს თვეებში განსაკუთრებული მუშაობა გვმართებს, რათა მოყენებული ზარალი მინიმალურად აისახოს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე.
აქ ჩამოვა მრავალი ათეული სახელმწიფოს მეთაური, გაიმართება სახელმწიფო მეთაურების პირველი დიდი სამიტი. ამ სამიტიდან ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი მხარდაჭერისა და კონკრეტული დახმარებების მიღება, რომელიც თითოეული ქართველის კეთილდღეობაზე, დასაქმებაზე, განათლებისა და ჯანდაცვის შესაძლებლობაზე აისახება, ასევე - ჩვენი ოჯახებისა და საქართველოს მომავალზე.
ახლა მთავრობა უნდა იყოს ათჯერ უფრო ქმედითი, ვიდრე ომის დროს იყო.
ომის დროს კარგად იმუშავეთ, მაგრამ ეს ომი ჩვენი დიდი ბრძოლის მხოლოდ პირველი ეპიზოდი იყო.
ჩვენი და მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა, სამწუხაროდ, გრძელდება, მაგრამ ჩვენი აღმშენებლობა ბევრად უფრო ჩქარი ტემპით უნდა წარიმართოს.
მინდა მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ.
მოგიწოდებთ სრული გამჭვირვალობისკენ და კოორდინაციისკენ ადგილობრივი მმართველობასა და არასამთავრობო სექტორთან.
ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს ყოველდღიურად თითოეული მინისტრი, გუბერნატორი თუ გამგებელი იმისათვის, რომ ადამიანებმა უკეთეთესად იცხოვრონ და თუ ვერ აკეთებენ იმას რაც გასაკეთებელია, პასუხი უნდა ვაგოთ.
ყველამ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთა ამა თუ იმ დღეს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და ქართულმა სახელმწიფომ ყოველი ჩვენი მოქალქის კეთილდღეობისთვის.
მთავრობა, ქვეყანასთან ერთად, ჩქარი ტემპით უნდა წავიდეს წინ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური