Google+

რელიზები

15.09.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ალიანსის საბჭოს სხდომა გახსნეს

მიხეილ სააკაშვილი

პატივცემულო გენერალურო მდივანო!

მაქვს პატივი მოგესალმოთ თქვენ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველა წევრსა და თანამშრომელს.

დღეს თითოეული თქვენგანი ჩვენი სტუმარია.

დიდი ხნის განმავლობაში ველოდით თქვენს ვიზიტს და მოხარული ვართ, რომ გხედავთ თბილისში.

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მოგესალმოთ ქართველი ხალხის სახელით აქ, ამ მნიშვნელოვანი საბჭოს სხდომაზე.

მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს.

მადლობას გიხდით იმ დიდი ძალისხმევისათვის, ერთგულებისთვის, მზაობისა და დახმარებისათვის, რომელიც თქვენ საქართველოს მიმართ გამოიჩინეთ.

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ინტენსიური დიალოგი.

ჩვენ საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვიმყოფებით.

ამ მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდში ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისათვის, ისე ევროპასა და მთელი მსოფლიოსთვის.

თქვენი გზავნილი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისათვის. ამავე დროს, ეს არის სიგნალი მთელი სამყაროსთვის იმის თაობაზე, რომ საქართველო არ დგას მარტო.

თქვენი ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია დღეს რამდენიმე თვალსაზრისით.

უპირველეს ყოვლისა, ნატო-სა და საქართველოს შორის უკვე არსებული მყარი და ძლიერი ურთიერთობა კიდევ უნდა გაძლიერდეს. ჩვენ უკვე ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობის ისტორიით, რადგან ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი.

ამას გარდა, ამ ალიანსს ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს დაკისრებული - ეს არის ალიანსი, რომელიც ემყარება საერთო პრინციპებს, მშვიდობის პრინციპებს.

ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მტკიცე კავშირი, რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტია მომავალი თაობებისათვის.

ჩვენს შორის ბევრია საერთო, ამიტომ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი ურთიერთობით საფრთხე არავის ემუქრება.

ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ უფრო უსაფრთხო, ურთიერთმომგებიან და ურთიერთმისაღებ სამყაროში.

დარწმუნებული ვარ, ამ ორი დღის განმავლობაში სერიოზულად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველო უფრო მყარად დადგეს ჩრდილო-ატლანტიკური ინეგრაციის გზაზე. ეს ჩვენი გზაა, ეს არის გზა ჩვენი მომავლისაკენ.

ჩვენ კონკრეტული მიმართულებით მივდივართ და საჯაროდ მინდა მივესალმო ნატო-საქართველოს კომისიის შექმნას. ეს კომისია ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობას. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს.

იმედი მაქვს, რომ ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივაღწიოთ ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულებას; ასევე ხელი უნდა შევუწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას, რაც ნამდვილად მოაგვარებს პრობლემებს და შევძლებთ საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას.

თქვენ იცით, რომ ერთი თვის წინათ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ოკუპაციის აქტი, რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ქვეყნის ერთი ნაწილის ანექსირება მოახდინა.

ამ ომის დროს ძალიან ბევრი პიროვნული ტრაგედიის ფაქტი მოხდა და მინდა დიდი გულისხმიერებით მოვიხსენიო ორივე მხრიდან თითოეული ის ადამიანი, რომელიც ამ პრობლემების მსხვერპლი გახდა.

ერთი რამ უკვე ყველასათვის ნათელია - ეს არ იყო ჩვენი ინიციატივით დაწყებული ომი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დეტალები განვიხილოთ, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს იმაზე, თუ ვინ იყო აგრესორი ამ სამწუხარო ტრაგედიის დროს.

იმის მიუხედავად, რომ ყოველივე ეს რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი, რუსეთის ძალები საქართველოში 7 აგვისტოს, გამთენიისას შემოიჭრნენ. ამ ფაქტს თავად რუსეთის ფედერაციაც არ უარყოფს.

ჩვენმა მეზობელმა აგრესიის აქტი განახორციელა ჩვენს მიმართ და განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ეს ფაქტი 21-ე საუკუნის დამდეგს მოხდა.

ამ შემოტევის შემდეგ ჩატარებულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა საქართველოში 40 ათასამდე ჯარისკაცი გამოაგზავნა იმისათვის, რომ ევროპის რუკა შეეცვალა.

ამჟამად, 3 ათასი ერთეული მძიმე ტექნიკა იმყოფება საქართველოს სხვადასხვა ადგილზე.

მათი მიზანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდება იყო. ასევე მათ დასავლეთის ინსტიტუტებთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეფერხება სურდათ.

დაიღუპა 500-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. გაეროს მონაცემებით, 200 ათასამდე ადამიანი არის დევნილი.

რუსეთმა დარტყმა მიაყენა ჩვენს სატრანსპორტო, სამოქალაქო და სხვა ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო პარკებსა და ტყეებს.

რუსები დღესაც ცდილობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგალიზებას და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ ღირსეული წინააღმდეგობა გაწია და ქართველი ხალხი გმირულად დადგა ერთად.

საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. საერთაშორისო საზოგადოება ერთად დგას, ერთი ხმით ლაპარაკობს.

ქართველები მზად არიან მიზანმიმართულად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი და ეს მიანიშნებს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე იცხოვროს დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში.

ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.

დღეს მივმართე პარლამენტსაც და ვაპირებთ ახალი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

ეს სერიოზული რეფორმებია სასამართლო სისტემაში; ეს მნიშვნელოვანი რეფორმებია იმისათვის, რომ საქართველოს საზოგადოებრიობა უფრო თანამედროვე გახდეს.

ქართველებს აქვთ იმის საშუალება, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ.

ჩვენ ძლიერი პარტნიორები დასავლეთში და, განსაკუთრებით, ნატო-ში. დასავლეთისგან ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ ჰუმანიტარული და სხვა თვალსაზრისით.

საქართველოში მსოფლიოს ძალიან ბევრი ლიდერი ჩამოვიდა, რომლებიც ქართველ ხალხთან ერთად იდგა უმძიმეს პერიოდში - რუსეთის ოკუპაციის მცდელობის დროს. თბილისის მიმართაც მოსალოდნელი იყო უდიდესი საფრთხე.

საერთაშორისო საზოგადოებამ საკუთარი დახმარება შესთავაზა საქართველოს და რომ არა მათი მხარდაჭერა, ალბათ უფრო სერიოზული პრობლემები გვექნებოდა.

ძირითადად, ჩვენი გამარჯვება მდგომარეობს იმ იდეალებში, რომლებსაც ქართველი ხალხი იზიარებს და ერთად დგომით დიდ წარმატებას მივაღწევთ.

ყველას კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ჩამობრძანებისათვის.

იმედი მაქვს საინტერესო დისკუსია გვექნება.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი

დიდი მადლობა პატივცემულო პრეზიდენტო.

უწინარეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ მისასალმებელი სიტყვისათვის.

ეს არის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც საქართველოში, თბილისში იმართება.

საბჭოს ძალიან კარგად ესმის და კარგად ვიცით, რომ ჩვენ აქ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში - აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ჩამოვედით.

ნატო-ს პოზიცია ყველასათვის თავიდანვე ძალზე ნათელი იყო - რუსეთმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა.

პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დაიდო ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

ეს გეგმა ნატო-ს მიერ იყო მხარდაჭერილი.

რთული ეტაპისა და მძიმე მომენტის მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გზის სვლას. ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყნისათვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

პატივცემულო კოლეგებო!

საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა ძალიან სერიოზულად განვითარდა. ამან სარგებელი მოუტანა ორივე მხარეს, როგორც ნატო-ს, ისე საქართველოს.

მას შემდეგ, რაც 1994 წლის მარტში საქართველომ ხელი მოაწერა მშვიდობისათვის პარტნიორობის გეგმას, საქართველომ და ნატო-მ თანამშრომლობა დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც დღეს კომისიის შექმნის დოკუმენტი გაფორმდება, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი დისკუსია გვექნება.

როგორც თქვენ აღნიშნეთ პატივცემულო პრეზიდენტო, უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ღრმა დისკუსია უნდა გავმართოთ.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორული ურთიერთობა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი მისასალმებელი სიტყვისათვის.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)