Google+

რელიზები

02.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა

მოგესალმებით!

ახლახან რუსული აგრესორების წინააღმდეგ განხორციელებული საბრძოლო მოქმედებები ძალზე გახსნილად განვიხილეთ, რაზეც გარკვეული დასკვნები უნდა გავაკეთოთ და მომხდარი გულდასმით უნდა გავაანალიზოთ.

ჩვენმა ქვეყანამ არნახული მაშტაბის აგრესია გადაიტანა.

რამდენიმე დღის წინათ, სომხეთის პრეზიდენთან ერთად საიათნოვას სტელა გავხსენი და ვთქვი, რომ აღა მახმად ხანის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი შეტევა არ განხორციელებულა. ამ ოპერაციებში, სხვადასხვა სახით, ოთხმოცი ათასმდე რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა. სამი ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იყო მობილიზებული, ხოლო კიდევ რამდენიმე ათასი - საქართველოს საზღვართან.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ორასზე მეტი საბრძოლო გაფრენა განხორციელდა და ყველა მათი მფრინავი მობილიზებული იყო.

ეს ომი ჩვენ არ გვინდოდა.

თქვენ კარგად იცით, რომ ამ ოთახში ბევრი საბრძოლო გეგმა განგვიხილავს, მაგრამ ისიც კარგად იცით, რომ თავდაცვის ოპერაციების წარმოების მხრივ, ამ ტიპის გეგმებზე არ გვიმსჯელია (მით უმეტეს, ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე).

მას შემდეგ, რაც ემბარგომ, პროვოკაციებმა, შიდა დესტაბილიზაციამ ვერ იმუშავა, მტერმა ჩათვალა, რომ ომის გარეშე, მისთვის უმთავრეს ორ ამოცანას ვერ გადაწყვეტდა: ვერ მოაშორებდა საქართველოს ამ მთავრობას, რომელიც მას ასე აღიზიანებს, ვერ გაანადგურებდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სახელმწიფო აპარატს, ეს ერთი და მეორე - ვერ გააკონტროლებდა ნავთობსადენებს.

მინდა ყველას ახსოვდეს, რომ ეს ორი ამოცანა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ შესრულებული - ვერც საქართველოს მთავრობა ჩამოაგდეს, ვერ შეიარაღებული ძალები და სახელმწიფო აპარატი გაანადგურეს და ვერც ნავთობსადენები გააკონტროლეს.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და აგრესორი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გადავიდეს ახალ, კიდევ უფრო დიდ აგრესიაზე. მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ უკვე ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ.

საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ოკუპირებულია.

ჩვენ ვახორციელებთ ევროპულ მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავიდან ააცილოს აგრესიის ზონის შემდგომი გაფართოება.

ამავე დროს, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, რაც მოხდა.

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის წარმოების უნიკალური გამოცდილება მიიღო.

მან მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის, ყველაზე აგრესიული და კარგად განვითარებული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გაილაშქრა.

თქვენი რამდენიმედღიანი გმირული წინააღმდეგობის შედეგად მოწინააღმდეგეს უზარმაზარი ზარალი: სხვადასხვა წარმოების ტექნიკა განადგურდა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორი ათასი მებრძოლი დაიღუპა, 17 საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ და მათი ბევრი სხვა ტექნიკა განადგურდა. ამ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებდით.

თქვენ კარგად იცით, როგორი განხილვა მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოებში, როგორი მკაცრი შეფასებები მისცეს თავიანთ შეიარაღებულ ძალებს, როგორ ცდილობდნენ გაემართლებინათ ამდენი მსხვერპლი და დანაკლისი.

ისინი ამბობდნენ, რომ, თითქოს, საქართველოს განსაკურთებული ტექნიკა ჰქონდა.

რუსულ გაზეთებში წერდნენ: „შეუძლებელია ქართველებს ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები ჰყოლოდათ. იმდენად მაღალ დონეზე მოქმედებდნენ, რომ ეს მხოლოდ უცხოელებს შეეძლოთ და საათივით ჰქონდათ აწყობილი საჰაერო სისტემა."

რუსული არხებით აჩვენეს მოსკოვის ცენტრში ჩვენი ქარხნიდან წაყვანილი რამდენიმე ტანკი, რომელთა ევაკუაცია გორიდან ვერ მოვასწარით და საარტილერიო სისტემა. ისინი იყვნენ განცვიფრებული ჩვენი ტექნიკით, თუმცა ამ ტექნიკაში განსაკუთრებული არაფერი არ იყო.

რუსებს ყოველივე ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ამდენი მსხვეპლი და განადგურებული ტექნიკა გაამართლონ.

გაამართლონ ის, თუ რატომ გამოვიდა მწყობრიდან 58 -ე არმიის დამრტყმელი ძალა, ძალა, რომელიც პირველი შემოვიდა საქართველოში.

მოკლედ რომ ვთქვათ, სთხოვენ დაასაბუთონ ის, თუ რატომ ვერ აიღეს საქართველოს დედაქალაქი. ეს კითხვა მათ დუმაშიც დაუსვეს: რატომ არ აიღეთ თბილისი?

მათი სამხედროები, ჩვენი ინფორმაციით, აპირებდნენ თბილისის აღებას.

ბოლო წუთში, თქვენი წინააღმდეგობის შედეგად, მსოფლიო გამოფხიზლდა, ქართველმა ხალხმა კი სრული მობილიზაცია გამოაცხადა.

ამით ბევრი გაღიზიანდა კიდეც, მაგრამ თბილისში გამართულმა მიტინგმა დიდი როლი შეასრულა.

რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მხოლოდ ამის შემდეგ დაიხია უკან.

უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ მათ დიდი კამათი ჰქონდათ იმის შესახებ, იყო თუ არა შესაძლებელი ამ პირობებში თბილისის აღება, ხელისუფლების დამხობა და ჩვენი დამოუკიდებლობის დასამარება.

ამ ომმა ჩვენი ქვეყნისა და არმიის ძლიერი მხარეები გამოააშკარავა გარკვეულ კომპონენტებში, მაგალითად არტილერიის პირადი შემადგენლობის აღჭურვით, მომზადების დონით, მორალური მხარით ჩვენ დიდ სიმაღლეზე აღმოვჩნდით.

არტილერიამ მართლაც კარგად იმუშავა და აშკარა უპირატესობა ჰქონდა მოწინააღმდეგესთან.

ავიაციაში ტექნიკურად ბევრად ჩამოვრჩებოდით მოწინააღმდეგეს - ჩვენ არ გვყავდა გამანადგურებლები. ჩვენ გვქონდა მოძველებული ტიპის ბომბდამშენები, მაგრამ ამის მიუხედავად, ავიაციამ რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა. ჩვენმა მფრინავებმა უდიდესი გამბედაობა გამოიჩინეს.

ამ ომმა გვაჩვენა სუსტი რგოლებიც, დაგვანახა ის კომპონენტები, რომელიც უნდა დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს.

ამ ომმა ბევრი რამ დაგვანახა - ხარვეზები მართვის სისტემაში, კომუნიკაციის მხრივ და ოფიცრების მომზადების თვალსაზრისით.

გამოუცდელ არმიაში ხდება შეცდომები. შეცდომები ხდება ჩვენთანაც, მაგრამ როცა საბრძოლო ნათლობა გავლილი გაქვს, შეცდომების არ გამოსწორება სერიოზული დანაშაული იქნებოდა.

ამ ომმა ასევე გვაჩვენა, რომ სერიოზული ასპექტები გასაუმჯობესებელია.

არის ხალხი, ვინც იმსახურებს წახალისებას, არიან ისეთები, რომლებიც უცხოეთის საუკეთესო სასწავლებლებში უნდა გავუშვათ სასწავლებლად და არიან ისეთებიც, რომელთა ჩანაცვლებაც აუცილებელია.

ამ ომის გამოცდილებით გარკვეული ორგანიზაციული დასკვნები ყველამ ერთად გამოვიტანეთ და შედეგად სარდლობა გადავახალისეთ.

სწორედ ამ დღეების გამოცდილებით, ვაწინაურებთ იმ სამხედროებს, ვინც თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, ორგანიზებულობის ხარისხით, გამბედაობით და სამხედრო საქმის ცოდნით.

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა არტილერიის სარდალი დევი ჭანკოტაძე. არტილერიამ იმუშავა კარგად.

მეორე მოადგილედ დაინიშნა დავით ნაირაშვილი, თქვენი მოქმედებები იყო მაღალი დონის.

მაღალ დონეზე მუშაობდა ავიაცია. არტილერიის სარდალი გახდა მაისურაძე, ავიაციის სარდალი ზურაბ ფოჩხუა.

რუს ექსპერტებს მინდა იმედი გავუცრუო: ის თვითმფრინავები ქართველებმა ჩამოაგდეს! რამდენაც არ უნდა უნდოდეთ მათ ამის დაჯერება, ეს ასეა.

კავშირგაბმულობის უფროსი მამუკა ლიპარტელიანი გახდა, დაგეგმვის უფროსი კი - ლელა ჩიქოვანი.

მიმაჩნია, რომ ბევრმა ოფიცერმა საოცარი გმირობა ჩაიდინა.

ჩვენ დაგვეღუპა 179 მებრძოლი, 41 მეომარი დაიკარგა. ბევრი მათგანის გმირობა ალბათ უფრო გვიან გახდება ცნობილი.

ბევრი ადამიანი ვიცი, რომელმაც ცხინვალიდან გამოსვლაზე უარი თქვა და ბოლო ტყვიამდე იბრძოლა გრესორთნ და მტერთნ.

ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრიც უგზოუკვლოდ დაიკარგა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა მათ ძებნას განვაგრძობთ.

ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ კმაყოფილი რეზერვისტთა სისტემის მუშაობით. ამ სისტემაში მოხდა სერიოზული ჩავარდნა არა რეზერვისტების, არამედ მეთაურების გამო.

ჩვენ გვყავდა გულანთებული ახალგაზრდები და ეს სისტემა სხვაგვარად უნდა გადავაწყოთ და უნდა გადავხედოთ გაწვევის სისტემასაც.

ეროვნული გვარდიის სარდალი დავით აფციაური გათავისუფლდა თანამდებობიდან, მესამე ბრიგადის მეთაური გივი კაპანაძე შეცვალა შეცვალა ბატალიონის მეთაურმა კახა კოპაიძემ, დაწინაურდა მე-5 ბრიგადის მეთაური ზურაბ აგლაძე და სახმელეთო ჯარების სარდლად დაინიშნა და ამ პოსტზე მამია ბალახაძე შეცვალა, ხოლო მე-5 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა ბესიკ გოქოძე.

ჩვენი არმია არის ახალგაზრდა. რეალურად, მისი მშენებლობა ოთხი წლის წინათ დავიწყეთ, სერიოზული რესურსის ჩადება კი - სამი წლის წინათ.

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ეს თქვენთან ერთად უნდა მოვახერხოთ.

სამ წელიწადში არმია სრულფასოვნად არ ყალიბდება.

მთელი მსოფლიოს მეტ-ნაკლებად ობიექტური დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ჩვენმა არმიამ აჩვენა ჩვეულებრივზე ბევრად მეტი მომზადება, ბევრად მეტი თავგანწირვა და ბევრად მეტი პროფესიონალიზმი, მაგრამ საჭირო და გასაკეთებელი ათჯერ მეტია.

მთავარ ამოცანას თქვენთან ერთად მივაღწიეთ - ჩვენ ერთად გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, გადავარჩინეთ შეიარაღებული ძალები.

შეიარაღებულმა ძალებმა შევინარჩუნა ტექნიკის აბსოლუტური უმეტესობა და ტყვია წამალი.

ჩვენ შევინარჩუნეთ სტრუქტურა და დაღუპულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგული მებრძოლების გარდა, შევინარჩუნეთ მთელი ჩვენი ცოცხალი ძალა, ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური - ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები.

საქართველოს მოწინააღმდეგემ უკვე იცის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი ხელყოფისას ქართველი ერისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდებიან.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სრულიად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადმიანები იბძოდნენ და მსახურობენ: ოსები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები. ასეა სწორი.

ჩვენი იდენტურობა არ არის ეთნიკური იდენტურობა. ჩვენი იდენტურობა არის ჩვენი საერთო იდეა - გვქონდეს ჩვენი მრავალეთნიკური, ერთიანი სახელმწიფოებრივი სახლი.

ჩვენ გვაქვს მშვენიერი კედელი და საზღვარი რუსეთთან - ეს არის კავკასიის მთები. ჩვენ არავის არ შევჭრივართ და ეს მთები ხელს უწყობს იმას, რომ არც რუსეთი შემოდიოდეს აქ. სამწუხაროდ, მათი თვითმფრინავები იალბუზზე, ყაზბეგსა და მყინვარწვერზე მაღლა დაფრინავს.

მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ის ყოველთვის იარსებებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას და ამასთან დაკავშირებით ილუზიას ნურავინ ნუ შეიქმნის.

საბრძოლო მოქმედებებთან და რუსულ აგრესიასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს და ჩვენ ამას მივესალმებით - ჩვენი ხალხი ამაყობს საკუთარი არმიით და მას უფლება აქვს ყველაფერი იცოდეს ჩვენი არმიის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.

ამას გარდა, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში საპარლამენტო ოპოზიცია უდგას. ეს ის ხალხია, რომელთა აზრიც, შესაძლოა, ჩვენთვის ყოველთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ მინდა გთხოვოთ ითნამშრომლოთ ამ კომისიასთან, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ.

ნდობის ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებრიობასა და ოპოზიციის მთელ სპექტრს ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ ხდება დაფინანსება, სად მიდის ფული, რას ხმარდება ის და რა პერსპექტივა გვაქვს ყველას ერთად.

ჩვენ უნდა ვიყოთ მთლიანად გამჭვირვალე და გახსნილი სამოქალაქო კონტროლისთვის და საპარლამენტო პროცესისთვის. ეს ჩვენ კი არ დაგვასუსტებს, არამედ, პირიქით, გაგვაძლიერებს.

ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ქვეყნის არმია, დემოკრატიული ქვეყნის შეიარაღებული ძალა, რომელიც ჩვენს საზოგადოებრიობას ეკუთვნის.

თქვენს უკან მთელი საზოგადოება დგას და ის თქვენი მხარდამჭერია - ეს ყველამ კარგად ვიცით.

აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი კონტაქტი გვექნება საზოგადოებასთან, რაც უფრო მეტად ვიქნებით გახსნილი ერთმანეთთან ყველა საკითხში, რაც უფრო მეტად ვითანამშრომლებთ მასთან, მით უფრო მეტი მხარდაჭერა და შანსი გვექნება მომავალში ხალხისა და ჯარის ერთიანობით მოვიგერიოთ დიდი აგრესიები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ ამ ბრძოლის დასაწყისში ვიმყოფებით. ამ დიდ წიგნში ჯერ მხოლოდ რამდენიმე გვერდი გვაქვს დაწერილი. იმისათვის თუ როგორი იქნება ამ წიგნის გაგრძელება და დასასრული, ჩვენზეა დამოკიდებული.

ამ წიგნის დაწერა ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს.

ვისაც იმის თქმა სურს, რომ საქართველო დამარცხდა, ეს მისი საქმეა.

თუმცა ის, რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ის, რომ საქართველო არსებობს, ფაქტია, არადა ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მტერი შემოდიოდა, საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არსებობას წყვეტდა. დღეს ასე არ არის. საქართველოს სახელმწიფო არსებობს და ბოლომდე წამოდგება ფეხზე.

ჩვენ ვერავინ დაგვაჩოქებს.

თუმცა არც იმას უნდა დავუჯეროთ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც ია-ვარდებით მოფენილი არ იქნება.

ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლის დასაწყისში, რომელიც მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა განვაგრძოთ და აღვადგინოთ სამართლიანობის, ადამინურობის, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შევაჩეროთ საერთაშორისო აგრესია.

პირადად მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და ჩემი სადოქტორო დისერტაციის სახელწოდება, რომელიც არ დავამთავრე, იყო - "უკანონო აქტი ვერ წარმოქმნის სამართლებრივ შედეგებს".

ვერანაირი სამართლებრივი შედეგები რუსეთმა საქართველოს მიმართ ვერ წარმოქმნა - ყველამ დაინახა მის მიერ ჩადენილი ქმედებების უკანონობა.

თუმცა იმისათვის, რომ ვერასდროს ვერ მოიკიდოს ფეხი იმ ფაქტობრივმა შედეგებმა, რომელთა დაკანონებასაც ცდილობს რუსეთი, დიდი ძალისხმევა და უდიდესი ერთობლივი მუშაობა გვმართებს.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში, უნდა ჩამოვაყალიბოთ მართლაც დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალე შეიარაღებული ძალები, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც განსაკუთრებულად ფრთხილად ეკიდებოდნენ ცხინვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.

მე ბევრი ისტორია მოვისმინე იმის შესახებ თუ როგორი თავშეკავებითა და ზრდილობით ეპყრობოდნენ ჩვენი მებრძოლები მოსახლეობას და რამდენად დიდი კონტრასტი იყო აგრესორთან და მის მიერ შემოყვანილ ბანდიტებთან.

ამისთვის ყველა ოფიცერსა და ჯარისკაცს დიდ მადლობას მოგახსენებთ.

როდესაც მებრძოლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის სიფრთხილეს იჩენს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ეს განსაკუთრებული ნიჭისა და ღირსების საქმეა.

ასეთი იყო ჩვენი მითითებაც - რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო, სიცოცხლის ფასადაც კი, ჩვენს მოქალაქეებს უნდა გაფრთხილებოდნენ და დაეცვათ.

ვფიქრობ, ამ ამოცანას ჩვენმა მებრძოლებმა ძალიან კარგად გართვეს თავი.

სამწუხაროდ, მოხდა ბევრი ტრაგედია მშვიდობიან მოსახლეობაში შემოსული დამპყრობლების მიმართ, მაგრამ არავის არაფერი არ შერჩება. მინდა დავპირდეს ეს ერთმანეთს და ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენ განვვითარდებით და გავძლიერდებით, ჩვენი ეკონომიკა დადგება ფეხზე, რომელიც, სხვათა შორის ვერ დაანგრიეს.

საქართველოს ეკონომიკასთან შედარებით, ამ შეტაკების დროს რუსეთის ეკონომიკამ ათჯერ უფრო მეტი დარტყმა მიიღო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რუსეთის შეიარაღებული ძალები დაზარალდა ბევრად უფრო მეტად, რადგან ის აგრესიული ძალა იყო. ისინი შეტევაზე გადმოვიდენენ, ჩვენ კი თავს ვიცავდით, და არა პირიქით, როგორც ამის წარმოჩენა მათ თავიდან სცადეს.

ასევე იყო ეკონომიკის შემთხვევაშიც, რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდა ვიდრე ჩვენი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება და განვითარდება.

უდავოა, რომ, ამ მხრივ, გარკვეული სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, მაგრამ ჩვენ მათ გადავლახავთ.

ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერდება ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, სამართალდამცავი სისტემა და შეიარაღებული ძალები. ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი პირადი ინტელექტის, მომზადებისა და პატრიოტიზმის ხარჯზე მოხდება.

მსურს ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ რაიმე ახალი სერიოზული იარაღის შეძენას უახლოეს თვეებში არ ვგეგმავთ, ამჟამად მთელ ფულს ეკონომიკის განვითარებაზე ვხარჯავთ. თუმცა სამხედროების მომზადებას, განათლებას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით გავაგრძელებთ.

ამ მხრივ, მათ არა მარტო არ მოაკლდებათ ყურადღება, არამედ, კიდევ უფრო დაუფასდებათ მიღწეულიც და მომავალში გასაკეთებელიც.

მინდა ამ ორგანიზაციული გადაჯგუფებით, რომლის შესახებ უკვე ვილაპარაკე, ყველამ გამოიტანოს სათანადო დასკვნა - პროფესიონალიზმი წახალისდება.

ახალ სამუშაო ადგილებზე ხალხი თავს უკეთესად გამოავლენს.

საკადრო ცვლილებების შედეგად ბევრი ადამიანი გავუშვით ამ სისტემიდან.

მიმაჩნია, რომ ეს სწორია და ასე იქნება ყოველთვის.

ადამიანი დაისჯება და წახალისდება შედეგების მიხედვით. ყველა იქნება იქ, სადაც უკეთესად გამოავლენს თავს და ემსახურება ქვეყანას.

ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწავლოთ როგორც ჩვენს შეცდომებზე, ისე წარმატებებზე.

პირადად მე ვრჩები თქვენი ერთგული და მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ ბევრ წარმატებას მივაღწევთ და ყველანი ერთად ჩვენი ქვეყნის, მისი მომავლის, მისი ერთიანობის, მისი დემოკრატიის და მისი ხალხის ერთგული ვიქნებით.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)