Google+

რელიზები

29.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება. ოსლოში საქართველოს პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. ნორვეგია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარე ქვეყანაა, ამიტომ საქართველოსთვის ის სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. შეხვედრისას ასევე ენერგეტიკულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულ, მიხეილ სააკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დაწყებულია. იენს სტოლტენბერგმა და მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრეს იმ მოვლენებზე, რომლებიც საქართველოში აგვისტოში განვითარდა, ასევე ილაპარაკეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში - ნორვეგია საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში კონსულტაციას გაუწევს.

"ჯერ არ არის ცნობილი როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები. ნორვეგიის მხარდაჭერა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ვეხმარებით. საქართველო მართლაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აგვისტოს მოვლენების შედეგები ისევ აქტუალურია. ფაქტია, რომ რუსეთმა ძალას გადაამეტა და საქართველო იძულებული გახდა მისთვის ძალითვე ეპასუხა. ჩვენი პოზიცია ცალსახაა და მიგვაჩნია, რომ კონფლიქტები ძალის გამოყენების გარეშე უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

"ომის დაწყება საქართველოს ინტერესს არ წარმოადგენდა, მაგრამ რადგან საერთაშორისო საზოგადოებაში კიდევ ისმის კითხვები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი, კიდევ ერთხელ ვითხოვ, შეიქმნას კომისიები, საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც საბოლოოდ გაარკვევენ ამ საკითხს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ყველამ იცის, რომ მაპ-ის მიღება საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა. ჩვენ არ ვთხოვთ ნატოს, რომ საქართველოსთვის იბრძოლოს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, მკვეთრი სიგნალი იმისა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზეა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ბი ბი სი"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა მხარემ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა.

"მე გავეცი ბრძანება, ჩვენს მხარეს საპასუხო ცეცხლი გაეხსნა მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციების მიმართულებით, საიდანაც ისროდნენ. სამწუხაროდ, ეს პოზიციები, ზოგ შემთხვევაში, სწორედ დასახლებულ ადგილებშია განლაგებული. თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ სეპარატისტებმა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ევაკუაცია რამდენიმე კვირით ადრე მოახდინეს.

ისინი ამ სამხედრო აქციისთვის კარგად მოემზადნენ. რა თქმა უნდა, ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის განზრახვა არ ჰქონია.

პირიქით, ჩვენი სამხედროები ცდილობდნენ დახმარება გაეწიათ უმწეოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის. ისინი ზრდილობიანად და ყურადღებით ექცეოდნენ ხალხს მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ეს არის ის უმთავრესი პრინციპი, რომელიც ჩვენ მათ ვასწავლეთ. ეს ჩვენი სახელმწიფოს პრონციპია", - აღნიშნა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ნორვეგიის მეფეს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)