Google+

რელიზები

31.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შვედეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და სამუშაო ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პირველ პირს პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი უმასპინძლებს. ლიტვაში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის მეფეს კარლ გუსტავ მე-16-ს შეხვდა.

ვილნიუსში ჩასვლისთანავე მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტებმა რუსეთის მიერ აგვისტოში მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს და ევროკავშირის საქართველოში მოქმედ მისიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა და ვალდას ადამკუსმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზეც ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ლიტვისა და საქართველოს პირველმა პირებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ლიტველი ხალხის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ საქართველოსთვის უმძიმეს დღეებში გამოხატეს და აღნიშნა:

"განსაკუთრებული სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ჩემი ქვეყნის მიმართ გამოიჩინეთ, მინდა ლიტველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა. ბატონო პრეზიდენტო მსურს პირადად თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, რადგან მახსოვს - იმ მძიმე დღეებში საქართველოს დედაქალაქს იცავდა ჩვენი ხალხი და საქართველოს დედაქალაქს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების ხარჯზე იცავდით პირადად თქვენ ".

როგორც ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვადებულებებს. მისი თქმით, ასეთი მოქმედებით რუსეთი შეურაცხყოფს არა მარტო საფრანგეთის პრეზიდენტს, არამედ მთლიანად ევროკავშირს და მის სხვა ლიდერებს. ვალდას ადამკუსი აცხადებს, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ლიტვა მოსკოვისგან შეთანხმების შესრულებას კატეგორიულად მოითხოვს. ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია უცვლელია - ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთნხმების შეუსრულებლობა ევროკავშირის შეურაცხყოფაა და ამის შესახებ რუსეთის ფედერაციას აუცილებლად დავუსვამთ შეკითხვებს. ლიტვა კატეგორიულად მოსთხოვს ოფიციალურ მოსკოვს დაუყოვნებლივ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამავე დროს ჩვენ მზად ვართ ისევ განვაახლოთ დიალოგი, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ხარჯზე", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, რატუშას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური მიღება გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ლიტველ ხალხს რუსული აგრესიის დროს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"როდესაც რუსეთის იმპერია გვიტევდა, თქვენ საქართველოს გვერდით იდექით. მაშინ ჩვენ ძლიერები ვიყავით. ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა. არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს დემოკრატიულ და ჰუმანურ ღირებულებებს აღუდგეს წინ. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, რადგან რეალურ ბოროტებას ვებრძვით. ეს არის ყველაზე ცუდი ძალა, რომელიც ჩვენზე ვერასდროს ვერ იზეიმებს. რუსეთს დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც საბჭოური რეჟიმის დაბრუნება სურს. რუსეთის აგრესიის გამო მილიონობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ოკუპანტების არმიამ ახალგორს ლენინგორი დაარქვა და იქ ბერლინის ახალი კედელი აღმართა. თქვენ ის ხალხი ხართ, ვისაც ევროპის ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია", - განაცხადა მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)