საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიგა მგალობლიშვილს შეხვდა
გრიგოლ მგალობლიშვილი:
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დანიშვნისას ვითხოვე გარკვეული დრო, რათა გადამეხედა და შემეფასებინა მთავრობის მუშაობა და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიმეღო გადაწყვეტილება მთავრობის განახლების თაობაზე, რომელიც დღეს წარმოვადგინე კიდეც. ამის შესახებ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები.
მიხეილ სააკაშვილი:
მინდა ვთქვა, რომ ჯერ ერთი, თქვენი მუშაობის მიმართ ხალხში ზოგადი სიმპატია უკვე გაჩნდა. საზოგადოებაში იყო და ახლაც არის შემდგომი ცვლილებების მოლოდინი. ჩვენი საბოლოო საზომი არის ის, თუ რას ამბობს, როგორ ცხოვრობს, როგორ გრძნობს თავს ჩვენი ხალხი და რა შესაძლებლობებს ვუხსნით მათ. ჩვენ ახლა მსოფლიო კრიზისის და რუსული აგრესიის შედეგების ორმხრივი და ორმაგი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით და მართლაც აუცილებელია გაბედული და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. კარგია, რომ მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ბევრი იფიქრეთ. დამემოწმებით, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავრობას სრული ავტონომია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამაზე პრეზიდენტიც აგებს პასუხს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს საკუთარი განკარგვის სფეროებში სრული ავტონომია და დამოუკიდებლობა ჰქონდეთ. სხვათა შორის, კმაყოფილებით აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით და სხვადასხვა ვარიანტს ვამუშავებდით. ბოლო რამდენიმე დღე სხვადასხვა კანდიდატურებთან კონსულტაციაში გავატარე. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამ ცვლილებების თაობაზე პრესაში ინფორმაციამ არ გაჟონა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ერთმანეთს ვეკითხებით და ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, მეორე მხრივ, შეგვიძლია კოორდინირებულად მუშაობა, რათა ამ თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგები გამოირიცხოს.
ამჟამად მთავარია, შევასრულოთ 18-თვიანი პროგრამა და დასაქმების მხრივ ხალხისთვის მიცემული პირობა, გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები და აღმოვფხვრათ ჯერ კიდევ არსებული უდიდესი გაჭირვება. პირადად მე პოლიტიკას საშინაო და საგარეო პოლიტიკად არ ვყოფ - როგორი ეფექტიანნიც ვიქნებით ჩვენ, ისე იცხოვრებს ჩვენი ხალხი.
გააგრძელეთ დაკვირვება, ნახეთ ვინ როგორ იმუშავებს. ერთი მხრივ, ადამიანი საკუთარი შედეგებით ფასდება - თუ კარგად მუშაობს, უნდა წავახალისოთ, ხოლო თუ ცუდად მუშაობს, მას ვერ შევინახავთ. მეორე მხრივ, არც ერთი ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან წავიდა, ნამდვილად არ არის "გადასაგდები". ეს ძალზე დიდი დამსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხალხია და ისინი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე უნდა გამოვიყენოთ. მათი სახით ჩვენ ჭეშმარიტ პატრიოტებთან გვაქვს საქმე.
გრიგოლ მგალობლიშვილი:
ადამიანები, რომლებმაც ძალზე რთული პერიოდი განვლეს და განვლეს საკმაოდ ღირსეულად, კვლავაც ღირსეულად გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გავქვს კონკრეტული ამოცანები. უწინარეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის რუსულ აგრესიამდე იმყოფებოდა. განახლებული შემადგენლობით მთავრობის მუშაობა შედეგზე იქნება ორიენტირებული. მინისტრობის ახალ კანდიდატებს დავავალე მაქსიმალურად განაახლონ და გადაახალისონ შემადგენლობა, თუმცა ამასთანავე, მივეცი ძალზე მკაცრი მითითება, რომ არც ერთი პროფესიონალი არ დარჩეს სამსახურის გარეშე. ახლა კრიზისული პერიოდია და სწორედ ის დროა, როდესაც თითოეული ადამიანის მუშაობა უნდა შეფასდეს შესაბამისად, მოხდეს არსებული რესურსის გამოყენება და ახალი პროფესიონალების მოზიდვა, რათა შევძლოთ ამ რთული გამოწვევების ღირსეულად გადალახვა.
მიხეილ სააკაშვილი:
მიმაჩნია, რომ მთავრობამ ჩააბარა ურთულესი გამოცდები: ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ შეგვიწყვეტია პენსიებისა და ხელფასების გაცემა, ენერგეტიკა ქვეყანაში მწყობრად მუშაობდა, გრძელდებოდა ინფრასტრუქტურის და მთლიანად ქვეყნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, ფუნქციონირება, შევინარჩუნეთ საზოგადოებრივი წესრიგი და შევინარჩუნეთ შეიარაღებული ძალები, თუმცა, მოწინააღმდეგეს მიზნად ჰქონდა დასახული მისი დაშლა და განადგურება. ამ მთავრობამ მართლაც საოცრად კარგად ჩააბარა გამოცდა. საჭიროა ახალი სისხლი, მაგრამ ასევე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ხალხს, რომლებსაც ამიერიდან სხვა თანამდებობებზე გამოვიყენებთ. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ის, რაც მათ დაიწყეს, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მჯერა, ამას თქვენ ერთად გააკეთებთ. ის, რაც ლადო გურგენიძემ სამთავრობო რეფორმის მხრივ დაიწყო, გრძელდება და სამთავრობო სტრუქტურებში ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ იმ პროფესიონალებს, რომლებიც იქ მუშაობენ. ამ ხალხს, რომელთაგან ამ სტრუქტურებში ზოგიერთი ათწლეულების განმავლობაში მუშაობს, ოროს ფასი აქვს. ახალი კადრის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო დაკარგვა ერთ წამშიც შეიძლება. ამიტომ, ამ ხალხს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან სწორედ ის არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი საყრდენი.
გრიგოლ მგალობლიშვილი:
აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით დღეს არსებული პროფესიონალი კადრები გამოვიყენოთ, მაგრამ, ამასთანავე, არის დიდი პოტენციალი მოვიზიდოთ ახალი კადრები, ახალი პროფესიონალები, რაც აუცილებელია ამ პრობლემების ეფექტიანად გადაჭრისათვის. ჩვენ ვიმუშავებთ თანმიმდევრულად, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი, უწინარესად, 18-თვიანი გეგმა. ჩვენი მუშაობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით თუ რამდენად წარმატებით შევძლებთ ამ 18 თვის თავზე არსებული პრობლემების დაძლევას. ამასთანავე, ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული მუშაობა და შეფასებებიც იქიდან გამომდინარე გაკეთდება, თუ რამდენად შეძლებენ ახლად მოზიდული თუ იქ არსებული კადრები ამ პრობლემებთან გამკლავებას.
მიხეილ სააკაშვილი:
გისურვებთ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზე დასახულ ამოცანებს თავს გავართმევთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური