საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უმრავლესობას შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უმრავლესობას შეხვდა. თანაპარტიელებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლესი ისტორიის ორი დიდი კრიზისული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ 93-94 წლებში ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა და დაინგრა საკრედიტო-საფინანსო სისტემა. მისი თქმით, ამავე პერიოდში განვითრებულ მოვლენებს უკავშირდება 10-წლიანი ენერგოკრიზისიც.
"მსოფლიო კრიზისმა 1998 წელს დაგვარტყა, თუმცა ის იყო ბევრად ნაკლები მასშტაბის იყო. ახლანდელი მსოფლიო კრიზისის მსგავსი, ბოლოს 30-იან წლებში განვითარდა და მას შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. იმის გამო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკას მყარი საფუძველი ჩავუყარეთ, როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფუძვლებს მაინც ვერ შეარყევს - ჩვენი საფინანსო სისტემა გადარჩება, ჩვენი საბიუჯეტო სისტემა გადარჩება, რადგან კორუფციის დაძლევა მოვახერხეთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მთავარია, სამეწარმეო და სოციალური სისტემების შენარჩუნება. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სოციალური სისტემის შენარჩუნება და აღმასვლა, დიდადაა დამოკიდებული სამეწარმეო სფეროს განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ასევე არ დაინგრევა საქართველოს საბანკო სისტემა, რადგან ქართული ბანკები მომავალი წლისთვის საერთაშორისო დახმარებას მიიღებენ.
რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, პრეზიდენტის განცხადებით, მისი დავალებით, საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების პაკეტს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსვლას მოახერხებს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები და შემდეგ ევროპა, მათ კი ფეხდაფეხ მიჰყვება საქართველო.
მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი სირთულეები საქართველოს მომავალი 6 თვის განმავლობაში ელოდება და ამ პერიოდში ეკონომიკის სფეროში ნეგატიური ტენდენციები გაძლიერდება, მაგრამ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან 5 მილიარდიანი დახმარების წყალობით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.
მიხეილ სააკაშვილი დევნილთა დასახლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, დიდი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, მათთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემების დაძლევას.
"მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო, რადგან კარგად გვესმის თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს მთავრობა. ქვეყანას მთავრობა უწინარესად იმისათვის ჰყავს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს კრიზისსა და სიძნელეებს, გაიზიაროს ხალხის გაჭირვება და დადგეს მათ გვერდზე. პარლამენტი იმუშავებს აქტიურად და ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ.
"მე ვავალებ საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების საკანონმდებლო და ფინანსური პაკეტი. ჩვენ უნდა დავგეგმოთ რეალისტური ბიუჯეტი და შევიმუშაოთ მთელი რიგი კანონპროექტები. მომავალ წელს ნამდვილი ეკონომიკური გარღვევა გვექნება უკეთესობისკენ. ჩვენთან ჩამოსული იყო სენატორი ჯონ ქერი. პრეზიდენტ ბუშის შემდეგ, ასე აღმატებით საქართველოზე არავის არ ულაპარაკია. სენატორ ქერის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვჭირდება. ეს რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს. თუკი მომავალ წელს ამ ხელშეკრულებას გავაფორმებთ, შესაძლებელი გახდება, რომ რეგიონის მთელი ინვესტიციები საქართველოში წამოვიდეს, ამით ყველას შესაძლებლობა მიესცემა ამერიკის ბაზარზე თავისუფლად გავიდეს. ჩვენ უნდა მივყვეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც კრიზისიდან გამოვა და არ უნდა ვიჩანჩალოთ იმ ქვეყნების კვალდაკვალ, რომლებმაც შეიძლება ვერასდროს ვერ დაძლიონ შექმნილი სირთულეები. რუსეთს კი სწორედ ეს საფრთხე ემუქრება კორუფციის, გაუტანლობის და იმ ავანტიურის გამო, რომელსაც ჩვენს მიმართ ახორციელებდა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობაში ცვლილებები დამთავრებულია, მაგრამ ისიც დასძინა, რომ ამასთანავე, თითოეული ახალი მინისტრი და თანამდებობის ახლადდანიშნული პირი მათ მიერ გაწეული საქმიანობით, მუშაობის ეფექტიანობისა და შედეგების მიხედვით შეფასდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური