23.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების სხდომა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მთავარი განსახილველი საკითხი ამერიკასა და საქართველოს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები იყო. საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი, სავარაუდოდ, წლის დამლევამდე მოეწერება. დღევანდელ სხდომას აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი ბათუ ქუთელიაც ესწრებოდა, რომელსაც პრეზიდენტმა დავალებები მისცა.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში გაიმართება.
"ამერიკაში ელჩად ვაგზანვით ბათუ ქუთელიას, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ ამერიკასთან ვემზადებით სტრატეგიული ურთიერთობების თაობაზე ხელშეკრულების გასაფორმებლად. ყველა ქვეყანამ, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან მსგავსი ხელშეკრულებების გააფორმა, სტაბილური განვითარება მოახერხა. ყველაფერი, რასაც ამ მიმართულებით გავაკეთებთ, საქართველოს მთლიანობასა და საქართველოს მშვიდობიან განვითარებას მოემსახურება.
"ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან ნებისმიერ დროს, ყველა დონეზე ვაწარმოოთ მოლაპარაკება, თუმცა ერთი პირობით - მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტის აღიარებას, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენი ნებისმიერი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემას, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველოს თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. თავის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებეში კონსტრუქციულნი ვიყოთ.
"დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობის სერიოზული გადახალისება, ახალი ენერგიით მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა რუსეთი, რომელმაც საქართველოში, სამწუხაროდ, ეუთოს ფორმატი "მოკლა". საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც ეკატერინე ტყეშელაშვილის მოსვლით გაძლიერდა, ვთხოვ, რომ ამ საკითხების კონსოლიდაცია მოახდინოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პირველად საბჭოს ახალი მდივანი ეკატერინე ტყეშელაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური