Google+

რელიზები

13.01.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია საზოგადოების ინფორმირება გზების დაპროექტებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც გეგა მგალობლიშვილმა განაცხადა, ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მისი თქმით, გზების მშენებლობების დაფინანსება იმ დონორთა მოთხოვნაც იყო, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან თანხას გამოყოფენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაციისთვის 2009 წელს 521 მილიონი დაიხარჯება, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, რაც, თავის მხრივ, ამ სფეროში ორჯერ მეტ ადამიანს დაასაქმებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი ამ საქმეში 60 მილიონ ლარს დახარჯავს. გეგა მგალობლიშვილმა გზების დეპარტამენტის გააქტიურებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამაში წვლილი ახალ ხელმძღვანელს მიუძღვის. მისი განცხადებით, ტენდერების დიდი ნაწილი, დაადხოებით, 315 მილიონ ლარის სამუშაოებზე ერთი თვის განმავლობაში გამოცხადდება. "

"დეპარტამენტის ხელმძღვანელად რამაზ ნიკოლეიშვილის დანიშვნა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი კარგი გუბერნატორი იყო. მან გამოაცოცხლა გურია. გურულებს ბოდიშს ვუხდი მისი გადმოყვანის გამო, მაგრამ განპირობებული იყო იმით, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს განსახოციელებელი. ამიტომ დღეს გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქმიანად, სერიოზულად მოკიდოს ხელი ამ პროექტების განხორციელებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გზების დეპარტამენტში პროექტების გაკეთება გვიანდებოდა და შესაბამისად გვიანდებოდა ტენდეტების ჩატარება, ხოლო უამინდობის გამო ხშირად მეორე წლისთვის იდებოდა სამუშაოების შესრულება. პრეზიდენტმა რომან დალაქიშვილი წვლილიც აღნიშნა და მას მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის, თუმცა ისიც დასძინა, რომ ავტობანის მშენებლობის პროცესმა მისი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ის მთელი წლით ჩამორჩა გრაფიკს.

"აზერბაიჯანის საზღვრის შეერთება თბილისთან თანამედროვე ტიპის ავტობანის მეშვეობით, ხოლო შემდეგ თბილისის შეერთება შავ ზღვასთან და თურქეთის მთავარ ავტობანთან, საშვილიშვილო ინფრასტრუქტურული პროექტი. პარალელურად, ჩვენ გავიყვანთ თანამედროვე ჩქაროსნულ რკინიგზას თბილისიდან ბათუმში, ხოლო შემდეგ თბილისიდან სოხუმში. ეს ის პროექტებია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას და ჩვენი ცხოვრების დონეს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეკრავს ქვეყანას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რამაზ ნიკოლეიშვილის თქმით, ტენდერები 15 იანვრიდან გამოცხადდება. მან აღნიშნა, რომ იმ პროექტების 80 პროცენტი, რომლითაც 521 მილიონი დაბალანსდება, უკვე მზად არის; მარტში კი იმ სამუშაოების შესრულება დაიწყება, რომლებზეც ტერნდერი ახლა ცხადდება. თბილისი გორის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი დასრულებულია, ხოლო მშენებლობა მარტში დამლევიდან დაიწყება. გორის-რუისი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გზების დეპარტამენტი ტენდერს 23 იანვარს გამოაცხადებს, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი უცხოური კომპანიებიც მიიღებენ. რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, გორამდე გზის მშენებლობის დასრულება 2 წელიწადშია ნავარაუდევი, უახლოეს მომავალში კი გაიხსნება 10-კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ შავშვებამდე. მისივე განმარტებით, გზის ამ მონაკვეთზე მარტო გვირაბის მშენებლობის ღირებულება 45 მილიონამდე ლარს შეადგენს. რაც შეეხება რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციას, წელს ამ სამუშაოებზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და აგვისტოში, დასრულებული თუ არა, მეტწილად რეაბილიტირებული იქნება - განათებისა და ვენტილაციის პრობლემები სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი-თელავის მონაკვეთზე ახალი გზის დასრულების შემდეგ გომბორის გავლით თელავში ჩასვლა 55 წუთში იქნება შესაძლებელი, რაც თელავამდე მგზავრობას საათით და ათი წუთით შეამცირებს.

რამაზ ნიკოლეიშვილის განმარტებით, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისას სამი სავარაუდო მარშრუტი განიხილებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი გომბორზე გვირაბის მშენებლობასაც ითვალისწინებდა, რაც 55-წუთიან სამგზავრო დროს კიდევ 15 წუთით შეამოკლებდა. გადაწყვეტილება საბოლოოდ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გამავალი გზის სასარგებლოდ მიიღეს, ვინაიდან ახალი გზით სარგებლობა რამდენიმე ათეულ დასახლებულ პუნქტს, მათ შორის კურორტ სიონის მოსახლეობასაც შეეძლება.

სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით გზის მშენებლობისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, აღნიშნულ პროექტს სახელმწიფო "მილენიუმის" პროგრამასთან ერთად განახორციელებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთს ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გოდერძის უღელტეხილზე გზა სწორედ იმ მონაკვეთში გადის, სადაც სამომავლოდ გუდაურის მსგავსი სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობაა შესაძლებელი. ამ უღელტეხილის მეშვეობით ამ კურორტამდე ჩასვლა 40 წუთში გახდება შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტი დამატებითი ინფრასტრუქტურა იქნება ბათუმისა და ფოთისთვის, რომლებიც დაახლოებით 10 წელიწადში 150-200 ათასიანი ქალაქები იქნება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული კურორტი მოსახერხებელი იქნება როგორც ამ ახალი მეგაპოლისის, ასევე, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად, იმავდროულად, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობაც. პრეზიდენტის თქმით ამ გზის მშენებლობას მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვება.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნული პროექტის დასრულებას თვენახევარში გეგმავს, ხოლო სირულეში მის მოყვანას, დაახლოებით, 3 წელიწადში ვარაუდობს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მასშტაბით სოფლების გზების მშენებლობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. ამ პროექტზე - სულ, გზის 618 კილომეტრი - მშენებლობაზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ 160 სოფლის გზა შეკეთდება, რაც ადგილობრივ გლეხებს ცენტრებთან ურთერთობას გაუადვილებს. გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, სოფლების გზების რეაბილიტაცია ქვეყანას საშუალებას მისცემს, არ ჰქონდეს მოწყვეტილი დასახლებული პუნქტები. ამასთან, ახალი გზები სოფლის მოსახლეობის სოციალური დონის, გარკვეულწილად, ამაღლებასაც გამოიწვევს.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით დეპარტამენტმა რამდენიმე ქვეყანაში მიავლინა გზების სპეციალისტები, რათა სოფლების გზების მშენებლობაში ახალი ტექნოლოგიების დაინერგოს. მისი თქმით, მარტისთვის საქართველოში ელოდებიან უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ გრუნტთან ცემენტის შერევით გზის დაგების ტექნოლოგიის დასანერგად ჩამოვლენ. რამაზ ნიკოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეირჩევა სამი რეგიონი, რომელთა სოფლებშიც ექსპერიმენტის სახით ალტერნატიული ტექნოლოგიის გამოყენებით ექსპერიმენტული გზის საფარი დაიგება.

საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელების პროცესში 25-30 ათასი ადამიანების დასაქმება იგეგმება და კადრები, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდება. გზების დეპარტამენტი ტენდერში მონაწილეობის მსურველ უცხოურ კომპანიებს სთავაზობს ქართულ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ფირმების ინტერესების დაცვას. რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ტენდერების შედეგად კონტრაქტორი 100-მდე ქართული კომპანია იქნება. დაგეგმილ ტენდერებთან დაკავშირებით 15 იანვრიდან სატელევიზიო კამპანია დაიწყება, რათა ინფორმაცია აღნიშნულ სექტორში მომუშავე ყველა ჯგუფისთვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.

"ჩვენ შევინარჩუნებთ სიმყარეს, სირთულეები არსებობს, ეს გვაძლევს დროს იმისათვის, რომ უფრო კარგად მოვემზადოთ ეკონომიკური აქტიურობის აღდგენისათვის. მაქსიმალურად ჩქარა უნდა დავიწყოთ მუშაობა. შესაძლებლობის ფარგლებში იაფი კრედიტები უნდა გავცეთ, მაგრამ ეს არის უცხოური დახმარება. ჩვენ შეგვეძლო ეს დახმარება ან "შეგვეჭამა" ან ისეთ რამეში დაგვეხარჯა, რაც ქვეყანას დარჩებოდა და ეკონომიკას დაქოქავდა. ინფრასტურაში ჩადებული ფული თითოეული ოჯახის, თითოეული ფირმის მომავალში ჩადებული ფულია. არ მგონია, რომ ბარაკ ობამამ ჩვენგან გადაიღო რამე, მაგრამ ამერიკის სტიმულების პაკეტიც არის გზებზე, ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაზეა დაფუძნებული. როდესაც კრიზისის საფრთხეა, ეს საუკეთესო მეთოდია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი მოვლენები - უკრაინული, რუსული ან აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების სინდრომი. ჩვენ მოვახერხეთ ენერგეტიკის ამუშავება და იმედია, ზამთრის ბოლომდე კარგად მომარაგებული მივალთ და არ დავემსგავსებით ქვეყნებს, რომლებიც იყინება. ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო სისტემა და ვალუტის მყარი კურსი. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ეკონომიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას. ბოლო ორი-სამი თვე გვაქვს ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირების საფრთხე, შემდეგი რამდენიმე თვე ამ მხრივ რთული იქნება. თუ ყველა ტენდერი დროზე ჩატარდება, აპრილსა და მაისში მივაღწევთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით და საქართველო ერთ დიდ სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. როდესაც კონკრეტულ ფირმებთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, ეს ფირმები ბანკებიდან აიღებენ კრედიტებს. როგორც კი ფირმას ექნება სახელმწიფო დაკვეთა, ამ ფირმისათვის კერძო შეკვეთების გასახორციელებლად კრედიტის მიცემა ადვილი გახდება და საკრედიტო სისტემას აამუშავებს. ეს "მანქანა" ისევ უნდა მოიქოქოს და ამუშავდეს. მართალია, ორი წლის მასშტაბებს ვერ გავწვდებით, მაგრამ ეს გაზრდის ჩვენს ეკონომიკას. იმ პირობებში, როდესაც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკა იშლება, ჩვენთან ეკონომიკა თუნდაც ერთი ან ორი პროცენტით იზრდება. სწორედ ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანის სწორად გადაწყვეტის უებარი საშუალება", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა და საქმეში წარმატება უსურვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)