Google+

რელიზები

24.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დუშეთის რაიონში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად სოფელ მჭადიჯვარში საბავშო ბაღის ახლად გარემონტებული შენობა და სპორტული დარბაზი დაათვალიერა, ასევე პოლიციის ახალი შენობა მოინახულა, ხოლო შემდეგ დუშეთში გადაინაცვლა, სადაც გარემონტებული კულტურის ცენტრი გახსნა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის გზების მშენებლობასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდა. ამ საკითხზე პრეზენტაცია რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგზაო დეპარტამენტტან ერთად მოამზადა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მჭადიჯვრის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია, რომელიც დუშეთის ბევრ სოფელს დააკავშირებს. მისი თქმით, ეს გზა როგორც მოსახლეობის გადაადგილებას, ისე სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტი დუშელებს საქართველოში გზების დაგების ახალი ტექნოლოგიების სპეციფიკაზეც ესაუბრა.

„ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოში თითქმის არ დარჩება სოფელი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სადაც ძალიან კარგი გზა არ იქნება. ამას გაზგასმით ვაცხადებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დუშელებთან წინასაარჩევნო სტუმრობა და მიცემული დაპირებებიც გაიხსენა.

"მაშინ კონკრეტული მოთხოვნები იყო: გაზი, გზები, წყალი დუშეთის რაიონს! ასევე სკოლების, სპორტული ობიექტებისა და ამ კლუბის რემონტი. რა თქმა უნდა, საერთო მოთხოვნაა დასაქმება, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა ადგილობრივი საკითხების მოგვარებას ებმება. მსურს ანგარიში ჩაგაბაროთ. ბუნებრივი გაზი რაიონში უკვე შემოვიყვანეთ. აჟამად მიმდინარეობს შიდა დაქსელვა და მალე ოჯახებშიც შევა. დუშეთის რამდენიმე მთავარი გზა უკვე დავაგეთ და ყველგან მივალთ, თუმცა ყველას გახსოვთ ალბათ, რომ აქ გზა საერთოდ არ იყო. შემდეგ რამდენიმე სპორტული ობიექტი გავაკეთეთ, სერიოზული რეკონტრუქცია ჩაუტარდა სკოლებს. ეს პროცესი ეტაპობრივად კვლავაც გრძელდება და ყველა სკოლა გარემონტდება. თქვენ ასევე ამ კლუბის გარემონტება გსურდათ. ჩვენ ესეც გავაკეთეთ და დღეს საზეიმო ვითარებაში ჩაგაბარეთ. რაც შეეხება წყალს, ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვქონდა სამუშაოები, როდესაც ჩვენს ქვეყანას მტერი შემოესია და ახალგორში სათაო ნაგებობა ოკუპანტმა დაიკავა. მაგრამ მხარის გუბერნატორთან, ცეზარ ჩოჩელთან ერთად დროებითი ნაგებობაც გავაკეთეთ და მაისის დასაწყისისთვის დასრულდება შიდა ქსელის მოწესრიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დუშეთს წყალი სრულფასოვნად მიეწოდება", - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ის პროგრამა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, დუშეთის რაიონშიც მუშაობს. პრეზენტაციაზე, რომელიც გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გამართა, ცნობილი გახდა, რომ 14 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 150 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. უკვე აღირიცხა ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნულ სამუშაოზე განაცხადი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს გზა 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში შენდება და იმ მძიმე მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება, ეს პროცესი არ შეჩერდება. რამაზ ნიკოლაიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესრულება არა თბილისში შეირჩა, არამედ მაჟორიტარმა დეპუტატების მიერ ადგილობრივთა მოთხოვნის საფუძველზე. თანაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გზა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით დაიგება დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მოემსახურება ხალხს, მაშინ, როდესაც 20 წლის წინანდელი დაგებული გზები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. გზების მშენებლობის ფრონტი, რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, სრულყოფილად მარტში, დათბობისთანავე გაიშლება.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ამ მხარის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა. მას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ხევსურეთი და თუშეთი უნიკალური ადგილებია და ინფრასრუქტურის განვითარება ამ მიმართულების განვითარების საწინდარი გახდება. მისი თქმით, ფული უნდა მოხმარდეს არა მარტო გზების მშენებლობას, არამედ იმას, რომ ადგილობრივებს შემოსავალი გაუჩნდეთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისის პირობებში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამას ის ფაქტორიც დიდად უწყობს ხელს, რომ სოფლებს თანხას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის საშუალებით აძლევენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოფელმა უკეთ იცის უპირველესად რისთვის უნდა დახარჯოს თანხა და, შესაბამისად, სად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პრეზენტაციისას არა მარტო დუშეთის რაიონის, არამედ მთელი საქართველოს გზების რეაბილიტაციის პროექტებს შეეხო.

მან აღინიშნა, რომ საქართველოს გზების სრულ რეაბილიტაციას კიდევ სამი წელიწადი დასჭირდება.

"ჩვენი გზების დაგების სურვილი გერმანულმა, იტალიურმა, ესპანურმა კომპანიებმა გამოთქვეს. თუმცა მათთან კონტრაქტები იმ პირობით დაიდო, რომ შეიქმნებოდა ახალი კომპანიები, რომლებშიც ქართულ ფირმებს 50 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობა ექნებოდათ არა მხოლოდ მუშა-ხელის დასაქმების მხრივ, არამედ მართვის თვალსაზრისითაც", - განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)