დღევანდელ მთავრობის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. მთავრობის წევრებისგან მათ სფეროებში არსებული მდგომარეობა გამოიკითხა, უპირველეს ყოვლისა კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია. ნიკა გილაურის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად, 12 მილიონი ლარის დაზოგვა მოხერხდა, თუმცა შესაძლებელია, რომ ამ მაჩვენებელმა 20 მილიონს მიაღწიოს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საბაჟო სფეროში გარკვეული რესურსები და რეზერვები გვაქვს და საბაჟო სექტორში ყოველგვარი პრობლემა გამორიცხული იქნება. აღინიშნა ისიც, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე დამონტაჟდება კამერები და უახლოეს მომავალში ყოველგვარი ოპერაცია - ტვირთის შემოწმებისა თუ სხვა პროცედურა კამერების წინ შესრულდება, რაც უზრუნველყოფს სისტემის მუშაობის გამჭვირვალეობას და საიმედოობას.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა პრეზიდენტს გზების ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ უკვე 40-ზე მეტი ტენდერი გაიმართა და ტენდერებში ყველა ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამ კომპანიების ხარჯთაღრიცხვებში აისახა ფასების შემცირება სხვადასხვა მასალასა თუ საწვავზე, რამაც დეპარტამენტს 21-მილიონიანი ეკონომიის გაკეთების საშუალება მისცა. თუმცა ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 40-50 მილიონს მიაღწევს. დავით ტყეშელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში დაიწყება პროგრამის "გზა ყველა სოფელს" განხორციელება და მომდევნო თვის განმავლობაში ყველა გამოცხადებულ ობიექტზე დაიწყება გზების მშენებლობა ახალი ტექნოლოოგიით.
მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთგურისგანაც მოისმინა ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტმა "ზამთრის მინისტრიც" კი უწოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ 2 აპრილს ახალი გადამცემი ხაზი გაიხსნება ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით, ხოლო 1 სექტემბრიდან დაიწყება მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა გარდაბანი-ახალციხე, ახალციხე-ზესტაფონი, ახალციხე-თურქეთის მიმართულებებით. საერთო ჯამში ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ახალი სამუშაო ადგილების ხარჯზე 5 ათასით გაიზრდება. ასევე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ახალი ენერგეტიკული პროექტების მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი წელია, რადგან იხსნება 200 კილოვოლტიანი ხაზი აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს და თურქეთის მიმართულებით. ასევე იწყება ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის - 78 მეგავატიანი ფარავანჰესისა და 38-მეგავატიანი მტკვარი ჰესის მშენებლობა.
"ჩვენ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ და სამუშაო ადგილების შესაქმნელად მხოლოდ ჩვენი ძალები საკმარისი არ არის - საჭიროა უცხოური ინვესტიციები. როდესაც უცხოურ ინვესტიციებზე ვლაპარაკობ, ეს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ან ეკონომიკის მინისტრს ეხება, არამედ ყველას. თითოეული უწყება უნდა ზრუნავდეს საკუთარ სფეროში უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება კულტურის სფეროს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გადასახადების შემცირებით შესაძლებელია საქართველოში უცხოური კინოს წარმოება შემოვიდეს. მისი თქმით, ეს პროექტი ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა პროცესი დაიძრას. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, ქართული კინოინდუსტრიის გადარჩენასაც მოვახერხებთ.
პრეზიდენტმა ყურადღება დისციპლინაზეც გაამახვილა და მინისტრებს მოუწოდა ამ მხრივ საკუთარი უწყებები გააკონტროლონ. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა ყურადღება არ უნდა მოადუნონ, რათა ეს ეფექტიანობა შენარჩუნდეს.
"საქართველო ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, არსებობისთვის ბრძოლაში იმყოფება და თითოეული უწყების, თანამდებობის პირისა თუ რიგითი თანამშრომლის მუშაობა უნდა იყოს კოორდინირებული, როგორც ერთიანი მექანიზმის ნაწილი. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი უპირატესობაც სწორედ ესაა - საქართველოს ჰყავს კონსოლიდირებული, ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი. მაგრამ თუ მოვდუნდებით, უბედურებას და პრობლემებს ნამდვილად ვერ ავცდებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა დაზღვევის ახალი სისტემის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ დაზღვევით მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება.
"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ წლის დამლევისთვის საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდეს, სადაც ფულის ჩადება ყველაზე უსაფრთხო და მომგებიანი იქნება. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ ჩვენი ქვეყანა ცუდ დროშიც კი მთელი მსოფლიოსთვის გახდეს წარმატების მაგალითი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ განვითარების იმ გზაზე, რომელზეც აგვისტომდე ვიყავით. ძალზე კმაყოფილი ვარ, რომ მთავრობაში სრული კოორდინაციაა, პრემიერ-მინისტრი ძალიან კარგად მუშაობს და კარგად ხსნის თუ რა გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ მას ყველა მხარში უნდა ამოუდგეთ", - მიმართა მთავრობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა სხდომის დასასრულ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური