რელიზები
09.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. ლიტურგიას დაესწრნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. რუსთაველზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ხალხს სხვადასხვა აზრი აქვს, მაგრამ ერთი რამ სრულიად ნათელია, როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, რა აზრიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და გვჭირდება ჩვენი სამშობლოს ერთიანობა, თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება, საქართველოს საბოლოო გათავისუფლება, საქართველოს საბოლოო ჩამოყალიბება თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ. სწორედ ამ მიზნისათვის რუსული ტანკების ქვეშ გაწირეს თავი 9 აპრილს, ამისთვის გაწირეს თავი ჩვენმა მებრძოლებმა შარშან აგვისტოში. ის რისთვისაც ქართველები ყოველთვის იბრძოდნენ, არის თავისუფლება და ერთიანი საქართველო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური