საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის № 348 ბრძანებულება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო
კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის (შემდეგში - კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესის, უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
3. კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩაბმის პრინციპებს.
მუხლი 2. კომისიის ამოცანები
1. კომისიის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება.
2. კონსტიტუციის გადასინჯვის ფარგლებში მოიაზრება სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებებით, სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტიანი, გაწონასწორებული სისტემა და კონსტიტუციის სხვა დებულებათა ახლებური ხედვა.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი პირების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალისა და სპეციალისტებისაგან.
2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.
მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება
თავისი ამოცანების გადასაწყვეტად კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;
გ) კონსტიტუციის პროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტიზისათვის მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის საერთაშორისო.
მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა
კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო სტრუქტურული ერთეულებია - სამუშაო ჯგუფები, სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.
მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომისიას შიდასახელმწიფოებრივ და საგარეო ურთიერთობებში;
ბ) კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფებისა და კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) უძღვება კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს;
დ) უფლებამოსილია თავისი ან კომისიის რომელიმე წევრის ინიციატივით მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;
ე) საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მდივნის წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა მან გადაწყვიტოს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები;
ზ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.
მუხლი 7. კომისიის მდივანი
1. კომისიის მდივანს, კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისია.
2. მდივანი ამზადებს კომისიის, სამუშაო ჯგუფებისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს, განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კოორდინაციას უწევს კომისიის თანამშრომელთა საქმიანობას და უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას.
3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.
მუხლი 8. კომისიის სამუშაო ჯგუფი
1. კომისიის ამოცანათა უკეთ განხორციელების მიზნით, კომისიის შემადგენლობაში იქმნება სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მაინც.
3. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით სამუშაო ჯგუფის წევრები კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევენ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
4. კომისიის ძირითადი სამუშაო ჯგუფებია:
ა) კონსტიტუციის საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხთა;
ბ) საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა;
გ) პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა;
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა;
ე) სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების საკითხთა;
ვ) ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და საქართველოს კონსტიტუციური მემკვიდრეობის საკითხთა;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის;
ი) პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების გარდა, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას სხვა სამუშაო ჯგუფი კომისიის არანაკლებ 10 წევრის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 9. კომისიის სარედაქციო საბჭო
კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები ქმნიან სარედაქციო საბჭოს, რომელიც განაზოგადებს სამუშაო ჯგუფებში მომზადებულ პროექტებს და გაიტანს კომისიის სხდომაზე განსახილველად.
მუხლი 10. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.
2. კომისიის აპარატი:
ა) აწარმოებს კომისიის, სარედაქციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ოქმს;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;
გ) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიის, სარედაქციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სხდომის თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;
დ) უზრუნველყოფს კომისიის, თავმჯდომარის ან მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია კომისიის სხდომა, სამუშაო ჯგუფის სხდომა და სარედაქციო საბჭოს სხდომა.
2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მაინც.
3. კომისიის, სამუშაო ჯგუფისა და სარედაქციო საბჭოს სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა, ხოლო გადაწყვეტილებები კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული თავების და მუხლების შესახებ - თუ მათ მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. დანარჩენ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
5. სამუშაო ჯგუფში გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ ჯგუფის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
6. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვაზე გადაცემა.
7. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს - ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს - კომისიის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკითხის ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს სარედაქციო საბჭოს და შემდეგ კომისიას. წერილი უნდა წარედგინოს კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადების კენჭისყრამდე.
მუხლი 12. კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო
1. კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში საზოგადოების იმ ნაწილის ჩაბმის მიზნით, რომლებიც არ არიან კომისიის წევრები, იქმნება თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო.
2. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის მიერ შერჩეული პირებისა, წარმომადგენელთა წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, არასამთავრობო ორგანიზაციას, გაერთიანებულ პროფესიულ კავშირებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
3. საბჭო არის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო, რომლის დანიშნულებაა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.