რელიზები
12.07.2009
პრეზიდენტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა
პრეზიდენტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. რეზიდენციის მშენებლობა დასრულდა. ოფიციალურ გახსნაზე 1600-მდე სტუმარი იყო მიწვეული. საღამოს ესწრებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დეპუტატები, მთავრობის წევრები და კულტურის მოღვაწეები.
რეზიდენციის პროექტი სტუმრებს იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუჩიმ წარუდგინა. საპრეზიდენტო სასახლე სწორედ მან დააპროექტა. მიხეილ სააკაშვილმა გაწეული წვლილისთვის არქიტექტორს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს რეზიდენცია დაათვალიერებინა. გადაწყვეტილია, რომ მთავარ დარბაზში უძველესი მინიატიურული ბიბლია დაიდება. მანამდე ის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში ინახებოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიბლია მას ხუთი წლის წინ ამერიკაში ბაგრატიონების ერთ-ერთმა შთამომავალმა გადასცა.
"ხუთის წლის წინ ამერიკაში ერთმა სანდომიანმა ქალბატონმა გვერდით გამიხმო, ეს იყო ბაგრატიონების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მან გადმომცა მე-11 საუკუნის უძვირფასესი ქვებით დაფარული ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული მინიატურული ბიბლია. მან მითხრა, რომ ეს ბიბლია გეკუთვნით თქვენ, საქართველოს და დააბრუნეთ იქ, სადც მისი ადგილია. ხუთი წელი ეს ბიბლია ინახებოდა ჩემს სამუშაო ოთახში, რადგან არ ვთვლიდი საჭიროდ ცენტრალურ კომიტეტში მის დადებას. ახლა მინდა ვთხოვო უწმინდესს ერთად დავდოთ ეს ბიბლია დარბაზის მთავარ ცენტრში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური