რელიზები
30.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში იუსტიციის ახალი სახლი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდს სტუმრობდა, სადაც იუსტიციის ახალი სახლი გახსნა. სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სააგენტოები, სააღსრულებო და მმაჩის ბიუროები ამიერიდან ერთ ოფისში იმუშავებენ, იუსტიციის ახალი ოფისის მომსახურებით პირველად სიმბოლურად ახალგაზრდა წყვილმა ისარგებლა და პრეზიდენტის თანდასწრებით იქორწინა. მიხეილ სააკაშვილი თანამშრომლებსაც გაესაუბრა და მათი ხელფასებით, ასევე იუსტიციის სახლში არსებული ტექნიკური აღჭურვილობით და სამუშაო პირობებით დაინტერესდა. "ცოტა ხნის წინ, ვიღაც ამბობდა, რა შეიცვალა შევარდნაძის შემდეგ საქართველოშიო, შევარდნაძის დროს არსებული ქორწინების სახლები გაყიდეს და შეასახლეს ოლიგარქები. ახალი ხომ არაფერი არ აუშენებია და რაც გვქონდა, ისიც გაყიდა. ჩვენ არაფერი არ გაგვიყიდია და ყველაფერს ვაშენებთ. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებას ზუგდიდელების მიმართ,რომ რა კრიზისიც არ უნდა იყოს, აქ აღმშენებლობა არ გაჩერდება. მთელს ევროპაში გაჩერებულია მშენებლობა,მაგრამ ჩვენ ბოლო რესურსები მოვიკრიბეთ და არ გავაჩერებთ ასეთ პროექტებს. მიხარია ყველაფერი თანამედროვედ რომ კეთდება და საშვილიშვილოდ."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური