22.09.2009
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს შეხვდა
"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ეს ნათელია,"- განცხადება ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
პროტოკოლით მედიისთვის განცხადების გაკეთება გათვალისწინებული არ იყო, თუმცა სახელმწიფო მდივანმა კომენტარის გაკეთება მაინც ისურვა.
ჰილარი კლინტონის თქმით, ამერიკა ვალდებულია დაიცვას ევროპა მომავალშიც, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს.
"მინდა მივესალმო მეგობრებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და განხორციელდეს თქვენი ქვეყნის რეინტეგრაცია ისე, როგორც ეს უნდა იყოს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მუშაობა დემოკრატიის განვითარების მიზნით გამოწვევაა და მხარს ვუჭერთ იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას. შტატები მხარს უჭერს საქართველოს, ეს ნათელია,`- განაცხადა შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს, როგორც სენატში, ისე სახელმწიფო მდივნის პოსტზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენთვის დიდი პატივია, დღეს აქ რომ ვიმყოფებით, მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო წლებში გამოიჩინეთ როგორც სენატში ყოფნისას, ასევე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ახალი ადმინისტრაციის დროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო,"- განაცხადა საქართველსო პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივნის ბოლო სტატია გაიხსენა, სადაც საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იყო გამოხატული.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური