მიხეილ სააკაშვილი ვარკეთილში იოსებ ცოტნიაშვილისა და მერი პირყურაშვილის ოჯახს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარკეთილში კვლავ იოსებ ცოტნიაშვილისა და მერი პირყურაშვილის ოჯახს ესტუმრა და მასპინძლებთან მედიკამენტების გაიაფებასა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვარკეთილში ცოტნიაშვილ-პირყურაშვილის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილიც იმყოფებოდა.
პრეზიდენტის თქმით, იგი უცხოეთში მედიკამენტების ფასებს დააკვირდა და მათი ღირებულება გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. მისივე შეფასებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ‘'ორი-სამი ფარმაცევტული კომპანია მოაჯდა ყველაფერს და ბაზარი გაყვეს, ხოლო ამ მონოპოლიზმის შედეგად წამლები 20-30-40%-ით გაძვირდა''.
მიხეილ სააკაშვილმა თქმით, საქართველოში წამლების შემოსატანად ბიუროკრატიული მექანიზმები იყო გასავლელი, რაც ფასზე მოქმედებდა, თუმცა, ამ მიმართულებით ცვლილება აუცილებად იქნება და პარლამენტთან მუშაობა უკვე ჩატარებულია. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
‘'ჩვენ რომ უმრავლესობა არ გვქონდეს, ყველა სფეროში დაგვემხობოდა საქმე, იმიტომ, რომ ჩვენი უმრავლესობის პირობებშიც კი, რომელსაც ვიცი, არაფერი სხვა ინტერესი არ აქვს, გაჭირდა საკითხის გატანა და მუდმივად იყო რაღაც ლობირება და გარედან კითხვები ისმოდა'', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წამლები იმდენად გაძვირებულია, რომ ხალხი მთელ პენსიას ხარჯავს, ხოლო საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურებაზე მეტად ძვირი მედიკამენტებია.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ახალ მექანიზმზე, რომელსაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა მიმართეს მაღალი ფასების შესანარჩუნებლად. კერძოდ, მისი თქმით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა მიაკითხეს პატენტების ბიუროს, რომელიც პრეზიდენტის შეფასებით არის ‘'სრულიად უსაქმური ბიურო'' და წამლების დაპატენტების გზით ცდილობენ მაღალი ფასების შენარჩუნებას.
პრეზიდენტმა ამ სფეროში სიტუაცია პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა და განაცხადა, რომ მას სურს საქართველოში იყოს პატიოსანი ფარმაცევტული წარმოება და არა ხალხის ხარჯზე. სააკაშვილმა ვითარების დასარეგულირებლად ჯანდაცვის მინისტრს 2-3 თვე მისცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური