Google+

რელიზები

15.12.2009
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა და რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს გააცნო.

ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი მოზარდების საკითხთან დაკავშირებით, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა - „პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საოკუპაციო რეჟიმთან ყოველგვარი ვაჭრობა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპელი თანამდებობის პირებს გაწეული დახმარებისთვის და მოუწოდებს მათ, თავი შორს დაიჭირონ ადამიანებით ყოველგვარი ვაჭრობისგან, რის განხორციელებასაც საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტი აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბარს ცინიკურს უწოდებს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

„როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-მ და ევროკავშირმა უკვე არალეგიტიმური უწოდეს. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის ზუსტი შეფასება, ვინაიდან იქიდან ადგილობრივი მოსახლეობის 80% გამოძევებულია. შაჰ-აბასის შემდეგ საქართველოს არავინ მოქცევია ისე, როგორც რუსეთი მოექცა. საკუთარი მიწიდან ქართველები გამოდევნეს და სხვები ჩაასახლეს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი მოიქცა ისე, როგორც სტალინი მოექცა ბალტიისპირეთს და ჩრდილოეთ კავკასიას, როცა მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი გადასახლება. „ეს არის რუსეთის საბჭოთა იმპერიის კარგად ნაცადი ხერხი". - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ამჟამად მთავარია, არ მოხდეს ბერლინის კედლის აღმართვა. „ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ის, რაც განხორციელდა აფხაზეთში, სრული უკანონობა იყო", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმით, პეტერბურგში მიმდინარე ქართული სათვისტომოების კონფერენციას პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი შეკრებებით კრემლი სიტუაციის დესტაბილიზაციასა და ქართველი ხალხის დემორალიზაციას ცდილობს.

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის ერთადერთი ამოცანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაა.

"რუსეთის ყველა ქმედება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მედვედევმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სააკაშვილი არის იურიდიული პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში კი, რუსეთი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და ქმედებაშია დადანაშაულებული, მათ შორის დასახელებულია ეთნიკური წმენდა, რაც საერთაშორისო დანაშაულია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ითხოვს, რომ ტალიავინის დასკვნას გაგრძელება მიეცეს. პრეზიდენტისვე განმარტებით, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის, გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, მაგრამ თავად ბლოკავს ამ თემას.

"მედვედევი აცხადებს, რომ სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ არც ამ სიტყვებს მოჰყოლია რეალური ქმედება. ფაქტია, რომ ყველა ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ქართველი ხალხის დემორალიზაცია და გატყდეს წინააღმდეგობის ნება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ალექსანდრე ებრალიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ებრალიძე ამ ეტაპზე შემონახულია, როგორც შესაძლო დესტაბილიზაციის პირობებში მთავარი მამოძრავებელი ძალა.

"მასთან ადგილს პოულობს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც, რომელსაც სურს ამ პროცესებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ ებრალიძის მსგავს ქართველებთან შეუძლია ადეკვატური საუბარი და არა დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ავღანეთში ქართული მისია გაიზრდება - ამის შესახებ მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. "პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ავღანეთში ქართული კონტიგენტი უკვე ბრიტანეთის არმიის დაქვემდებარებაშიც შევა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, მაგრამ აქვე უნდა ითქვს, რომ ყველა ვინც ამ მისიაშია ჩართული საქართველოს მხრიდან არის მოხალისე. ისინი მართლაც დიდ მისიას ასრულებენ, საქართველოს გეოპოლიტიკური და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, აუცილებლობაა ვიყოთ ამ მისიის მონაწილეები. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებისათვის, ეს არის საუკეთესო გამოცდილება ქართული საჯარისო ნაწილებისა და ჯარისკაცებისათვის".

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პეზიდენტი ამაყია იმით, რომ საქართველომ შეძლო ამდენი კლასიკური მუსიკის ვარსკვლავის ჩამოყვანა და შეძლო ისე, როგორც ეს დასავლეთის დონის ქვეყნებს შეუძლიათ და ძალიან ბევრი ქვყნისთვის ხელმიუწვდომელია. საქართველოში მართლაც ბევრი ფესტივალი და კულტურული ღონისძიება იგეგმება, მარტო ახალ წელს აჭარის მთავრობის მოწვევით, ბათუმში ხოსე კარერასი ჩამობრძანდება და იმღერებს. მომავალ წელს რამდენიმე კლასიკური, პოპ, ჯაზ, რეპ და როკ ფესტივალია დაგეგმილი, ამ ყველეფრისათვის გამოყოფილია გარკვეული თანხა. მათ შორის, აჭარის მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ლეგენდარულ ჯგუფ "U2"- თან და ამ რანგის სხვა ცნობილ ჯგუფებთან, რომელთა ჩამოყვანის სურვილი არსებობს ზაფხულისთვის "-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით, მისი აზრით, ფული უნდა მოხმარდეს ადგილობრივი სამუსიკო თუ სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების განვითარებას. პრეზიდენტის აზრით, ბავშვებსა და ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ყველანაირი პირობა წარმოაჩინონ ქვეყანა და მოახდინონ საკუთარი ნიჭის სრული რეალიზაცია. ალბათ, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო წლებში მოხდა ქართული საოპერო ხელოვნების აყვავება, ახლა კი იწყება კინო ბუმი, უამრავი ქართული ფილმი გამოდის და ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფო აქცევს ყურედღებას ქართულ ხელოვნებას და ზრდის ინვესტიციებს ამ მიმართულებით - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)